როგორ მოქმედებს ღამის ცვლაში მუშაობა ჩვენს მადაზე — კვლევა
ადამიანებს 24-საათიანი ცირკადული დროის სისტემა გვაქვს, ბიოლოგიური საათი, რომელიც აკონტროლებს მთელ რიგ ფიზიოლოგიურ პროცესებს, როგორიცაა ძილის ციკლი, ჰორმონების გამოყოფა, მადა და არტერიული წნევა.
ეს არის ციკლი, რომელიც გვკარნახობს ძილს, როცა ბნელა და სიფხიზლეს, როდესაც გარეთ სინათლეა. ამ ციკლის დარღვევას ჯანმრთელობის მხრივ შეიძლება სავალალო შედეგები მოჰყვეს.
მეცნიერებს სურდათ შეესწავლათ, თუ როგორ მოქმედებს ბიოლოგიური საათის დარღვევა იმ ჰორმონებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მადის რეგულირებაზე.
ცხოველთა მოდელზე ჩატარებულ ექსპერიმენტში, მკვლევრებმა თაგვების ორი ჯგუფი შეისწავლეს. პირველ ჯგუფში ჩვეულებრივი თაგვები შედიოდნენ, ხოლო მეორეში ისეთი მღრნელები, რომლებსაც ძილის რეჟიმი არეული ჰქონდათ. ამ უკანასკნელებს დაქვეითებული ჰქონდათ ორექსიგენური ჰიპოთალამუსის ნეიროპეპტიდი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგიის ბალანსისა და წონის რეგულირებაში. ამ დისბალანსმა თაგვებში მადა გაზარდა. მათ ენერგიის აღსადგენად მეტი საკვები სჭირდებოდათ.
მკვლევრები გვირჩევენ ვარჯიშსა და დიეტის კონტროლს
"თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონი კორტიკოსტერონი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყოფა ცირკადული წესით, არის მთავარი ფაქტორი ტვინის პეპტიდების ყოველდღიური კონტროლისთვის. სწორედ ეს არეგულირებს მადას. გარდა ამისა, როდესაც ჩვენ ვარღვევთ კორტიკოსტერონის ურთიერთქმედებას დღისა და ღამის სინათლის ციკლთან, ეს იწვევს გენის ანომალიურ განვითარებას. ასეთ დროს ცხოველში მადა აქტიურდება იმ პერიოდში, რა დროსაც მას ჩვეულებრივ უნდა ეძინოს", — თქვა სტაფორდ ლაითმენმა, ბრისტოლის სამედიცინო სკოლის მედიცინის პროფესორმა და კვლევის თანაავტორმა.
ამის პარალელურად, საკონტროლო ჯგუფში ყველაფერი წესრიგში იყო. თაგვები ჭამდნენ ნორმალურად და არ აღენიშნებოდათ დარღვევები. მაგალითისთვის, ასეთი თაგვები არააქტიურ ფაზაში საკვების 11%-ს მოიხმარდნენ, მაშინ როცა მეორე ჯგუფის თაგვები კონკრეტულ პერიოდში საკვების 53-პროცენტს იღებდნენ.
კვლევის ხელმძღვანელმა ბეკი კონვეი-კემპბელმა თქვა, რომ ვინც ღამის ცვლაში მუშაობს კვების რეჟიმი დარღვეული აქვს და ეს მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად ისახება.
"ასეთ ადამიანებს ვურჩევთ დღის სინათლეზე შეძლებისდაგვარად მეტი დრო გაატარონ. ამასთან, დაიცავან დიეტა და დაკავდნენ ფიზიკური აქტივობით. თუმცა, კვების დარეგულირება რთული იქნება, რადგან კვლევა გვიჩვენებს, რომ ასეთ დროს ორგანიზმი მეტ საკვებს ითხოვს. საჭიროა მეტი კვლევა, რათა ზუსტად დავადგინოთ თუ როგორ არის დაკავშირებული ძილის დარღვევა ზედმეტ კალორიების საჭიროებასთან", — თქვა კონვეი-კემპბელმა.
დასკვნები Communications Biology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები