ნეანდერტალელები ლომებზე ნადირობდნენ — პირველი მტკიცებულება
მეცნიერებმა გერმანიაში მდებარე ე.წ. მარტორქის გამოქვაბულში პირველ პირდაპირ მტკიცებულებას მიაგნეს, რომელიც მიანიშნებს, რომ ნეანდერტალელები ლომებზე ნადირობდნენ.
მათ იქ 55 000-45 000 წლის წინ მცხოვრები ევრაზიული გამოქვაბულის ლომის (Panthera spelaea) ნაშთებს მიაკვლიეს. კერძოდ, აღმოჩენილია ჩონჩხზე არსებული ნაკაწრები და ცხოველის ბეწვი. მასზე შენარჩუნებული იყო კლანჭები და მიმდებარე ძვლები, რომლებიც, სპეციალისტთა აზრით, ნეანდერტალელებმა გამიზნულად, ასეთი ტანისამოსის შესაქმნელად დატოვეს.
"ვიცით, რომ ნეანდერტალელები კანს, სავარაუდოდ, სხეულში ტემპერატურის დასარეგულირებლად იყენებდნენ. ამის მიუხედავად, ფაქტი, რომ მასზე კლანჭები დატოვეს, უნიკალურია.
ამას ბევრად მეტი დრო და ყურადღება სჭირდება. ლომის ეს ბეწვი მხოლოდ იმიტომ არაა მნიშვნელოვანი, რომ ის დიდი ზომის, გასაოცარ მტაცებელთანაა ასოცირებული, არამედ იმის გამოც, რომ კანის ასეთი დამუშავება სიღრმისეულ ცოდნას მოითხოვს", — აცხადებენ მეცნიერები.
ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ლომის ბეწვს მხოლოდ პრაქტიკული დანიშნულება არ ჰქონია, არამედ, გარკვეულწილად, ესთეტიკურიც. ავტორები ამბობენ, რომ გადაბმულად დიდი ხნის განმავლობაში მისით სხეულის შემოსვა, კლანჭების გამო, არაკომფორტული იქნებოდა. შესაბამისად, არაა გამორიცხული, ნეანდერტალელებს ბეწვი კონკრეტულ სიტუაციებში გამოეყენებინათ, მაგალითად, ერთგვარი რიტუალების დროს, მტაცებლის შესახებ სხვებისთვის ინფორმაციის გაზიარების მიზნით ან მონადირული უნარების სადემონსტრაციოდ.
ზემოთ ნაჩვენებ ჩონჩხზე არსებული დაზიანებები სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ ნეანდერტალელები ლომებზე ხშირად ნადირობდნენ. მისი მესამე ნეკნის უკან ნაჭდევს მიაგნეს, რომელიც შუბის მიერ დატოვებულ კვალს ჰგავს. ეს რომ სხვა ცხოველის თავდასხმის ნიშანი ყოფილიყო, კბილების ნაკვალევი ორივე მხარეს დარჩებოდა.
გამოქვაბულის ლომები გამყინვარების ხანის ევრაზიაში ბინადრობდნენ და ისინი 13 000 წლის წინ გადაშენდნენ. მათი ზომა თანამედროვე ლომისას ოდნავ აღემატებოდა და, როგორც მტაცებლები, ადვილად მოსანადირებლები არ იყვნენ. საინტერესოა, რატომ ირჩევდნენ მაინცდამაინც ასეთ ძლიერ ცხოველებს ნეანდერტალელები მსხვერპლებად. ავტორები ამბობენ, რომ შესაძლოა, ეს მხოლოდ გარკვეული საჭიროებებით განპირობებული არ ყოფილიყო, არამედ ნეანდერტალელთა ხასიათის ნიშნებით.
"ვფიქრობ, ეს ნეანდერტალელებსა და ლომებს შორის არსებული კულტურული ურთიერთობის მტკიცებულებაა. ასეთ მტაცებელს მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. თუკი სოციალური გავლენის მოპოვება გინდა, რაიმე უფრო საშიში და იშვიათი უნდა მოინადირო, რომელიც ჯგუფში უკეთ წარმოგაჩენს. ასეთი რამ ხდება დღესაც მასაის ხალხში, რომლებიც სახელის მოსახვეჭად ლომებზე ნადირობენ", — ამბობს ზოოარქეოლოგი გაბრიელ რუსო.
მისი გუნდის ნაშრომი გამოცემაში Scientific Reports გამოქვეყნდა.
კომენტარები