მოწევის საწინააღმდეგო კანონის მიღებამ სინგაპურში 20 ათასი სიცოცხლე იხსნა — კვლევა
2004 წელს ბუტანში თამბაქოს გაყიდვა და საჯარო ადგილებში მოხმარება აიკრძალა. 2010 წელს უკვე სახელმწიფოში მთლიანად შეწყდა სიგარეტის გაყიდვა. ბუტანის მაგალითი არაერთი ქვეყნისათვის აღმოჩნდა ბიძგი. მსგავსი შეზღუდვები თანდათან მსოფლიოს არაერთ წერტილში შემოიღეს.
ერთ-ერთი ასეთი ადგილი სინგაპურია. აქ 2013-2017 წლებში მკაცრი კანონი დაწესდა, რომელიც საჯარო ადგილებში მოწევას კრძალავდა.
მკვლევრებს სურდათ გაეგოთ, რა გავლენა იქონია ამან გულის შეტევების სიხშირეზე. მათ სინგაპურის მიოკარდიუმის ინფარქტის რეესტრის თვიური მოხსენებები შეისწავლეს. აქ 2010 წლის იანვრიდან 2019 წლის დეკემბრამდე დაფიქსირებული შემთხვევები იყო აღრიცხული.
ნაშრომის თანახმად, გულის შეტევათა სიხშირემ იკლო მას შემდეგ, რაც 2013 წელს სინგაპურში კანონი გაფართოვდა და მოწევის აკრძალვა უფრო მეტ საჯარო ადგილს შეეხო. 2013 წლამდე ინფარქტის სიხშირე ყოველთვიურად მილიონ ადამიანზე 0.9 შემთხვევით იზრდებოდა, თუმცა ამის შემდეგ ეს მაჩვენებელი მილიონზე 0.6-ამდე ჩამოვიდა.
მკვლევართა გუნდის გამოთვლებით, კანონი რომ არ მიეღოთ, 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში 19 591-ით მეტი გულის შეტევა დაფიქსირდებოდა, ხოლო 65 წელს ქვემოთ პირებში კი — 1 325-ით მეტი.
მეცნიერები აღნიშნავენ იმასაც, რომ აკრძალვის გაფართოების შედეგად ყველაზე დიდი სარგებელი ასაკოვანმა ხალხმა და კაცებმა მიიღეს.
ამას წარსულში ჩატარებული 18 კვლევის მეტაანალიზიც ადასტურებს. კვლევები ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ახალ ზელანდიაში ჩაატარეს. მათი საერთო ანალიზით დადგინდა, რომ თამბაქოს კვამლთან დაკავშირებით კანონის მიღების შემდეგ გულის შეტევების რისკი 13%-ით მცირდებოდა.
მეორე მხრივ, უახლესი კვლევის თანახმად, 2013 წელს მიღებულ კანონში წესების დამატება 2016 წლის შემდეგ უკვე აღარ უკავშირდებოდა გულის შეტევათა თვიური სიხშირის შემცირებას.
ამასთანავე, მაშინაც კი, როცა 2017 წლის კანონის შემდეგ ინფარქტის შემთხვევები რადიკალურად არ შემცირებულა, სიხშირის საშუალო კლება ორივე სქესის ყველა ჯგუფში დაფიქსირდა.
რატომაა მნიშვნელოვანი მოწევასთან დაკავშირებული კანონების შემოღება
თამბაქოს მოხმარება ნელ პანდემიად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, ამ მიზეზით მსოფლიოში წლიურად 8 მილიონზე მეტი ადამიანი იხოცება. აქედან 7 მილიონი შემთხვევა თამბაქოს პირდაპირ მოხმარებას მიეწერება, 1.3 მილიონი კი პასიურ მწეველებზე მოდის, ანუ ადამიანებზე, რომლებიც სხვისი მოწევისას გამოყოფილ კვამლს შეისუნთქავენ.
ასევე იხილეთ: რა გავლენა აქვს მოწევას თქვენს ჯანმრთელობაზე — 5 მთავარი საფრთხე
პასიური მოწევის მიზეზით სიკვდილი ყველაზე ხშირად გულის იშემიური დაავადების გამო დგება. ხშირად ეს მწვავე მიოკარდიული ინფარქტის, იგივე გულის შეტევის, შედეგად ხდება.
ასევე იხილეთ: მასშტაბური კვლევის მიხედვით, სიგარეტის მოწევა დაბერების პროცესს აჩქარებს
ამ და სხვა რისკების გამო WHO ქვეყნებს ურჩევს, შესაბამისი ზომები მიიღონ, რათა დახურულ საჯარო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ სხვა საჯარო ადგილებში თამბაქოს კვამლისაგან დაცულები ვიყოთ.
ცნობისთვის, გასულ წელს ახალ ზელანდიაში შემოიღეს კანონი, რომელიც 2008 წლის შემდეგ დაბადებულ პირებს მოწევას უკრძალავს. მათი მიზანია, 2025 წლისთვის სახელმწიფოში მწეველთა რაოდენობა 5%-ით შემცირდეს.
კომენტარები