თავის მომკვდარუნება სექსის ასარიდებლად? — მდედრი ბაყაყები ამით აბეზარ მამრებს იშორებენ
მდედრი ბაყაყები აბეზარ მამრებს თავის მომკვდარუნებით იშორებენ. მკვლევრებმა ეს ბაყაყის შეჯვარების აგრესიული ჩვევების შესწავლისას აღმოაჩინეს. მეცნიერებმა შენიშნეს, რომ მდედრები ხშირად თავს იმკვდარუნებენ და ამით აბეზარი მამრებისგან თავს იცავენ.
მკვლევრებმა ყურადღება კონკრეტულად Rana temporaria-ს ბაყაყებზე გაამახვილეს. მათი თქმით, ეს უარყოფს ტრადიციულ ხედვას იმაზე თუ როგორ წყვილდებიან ამფიბიები.
ბაყაყებს შეწყვილების პერიოდი გაზაფხულზე აქვთ. ასეთ დროს ისინი კონკრეტულ ადგილებში იყრიან თავს და ე.წ. "შეწყვილების წრეს" ქმნიან.
ამ წრეს ხშირად ერთი მდედრი ბაყაყი და ექვსი მამრი კრავს. მდედრებისთვის ეს სასიამოვნო ნაკლებად არის და რიგ შემთხვევაში მათ სიცოცხლესაც უქმნის საფრთხეს. ასეთ დროს მდედრი შეიძლება დაიხრჩოს კიდევაც.
და აი როგორც ჩანს, მდედრებმა ამისგან თავის დაცვის მექანიზმს მიაგნეს. ეკოლოგი კაროლინ დიტრიხი და ჰერპეტოლოგი მარკ-ოლივერ როდელი ბაყაყების შეწყვილებას სწავლობდნენ, როდესაც აღმოჩენა გააკეთეს.
მკვლევრებმა წყლის კონტეინერში მდედრი ბაყაყები მამრებთან ერთად მოათავსეს. დაკვირვებისას მკვლევრებმა შენიშნეს, რომ მდედრები, რომლებიც შეწყვილებისგან თავის არიდებას ცდილობდნენ უმოძრაოდ იყვნენ. კაროლინ დიტრიხი მალევე მიხვდა, რომ ბაყაყები თავს იმკვდარუნებდნენ.
ბაყაყების 33-მა პროცენტმა შეჯვარების თავიდან აცილება ამ გზით მოახერხა. მკვლევრების თქმით, როგორც ჩანს, ეს ბაყაყების სტრატეგიაა თავი დაიცვან აბეზარი მამრებისგან.
"მდედრი, რომელიც მამრის თავიდან მოცილებას ცდილობს ამით სხვა მამრების ყურადღებას იპყრობს. ამ მხრივ უმოძრაობა ყველაზე კარგი გამოსავალია", — ამბობენ დიტრიხი და როდელი.
კვლევა Royal Society Open Science-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები