მეცნიერებმა პლასტმასაში არსებული ნივთიერება აუტისტური სპექტრის აშლილობებსა და ADHD-ს დაუკავშირეს
ბოლო ათწლეულებში აუტისტური სპექტრის აშლილობის (ASD), ასევე ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის (ADHD) დიაგნოზებს გაცილებით მეტ ბავშვს უსვამენ. ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, ამის მიზეზი კონკრეტული ნივთიერება იყოს — ბისფენოლ A, იგივე BPA, რომელიც გავრცელებული პლასტმასის დანამატია.
BPA არაერთი სახის პლასტმასის პროდუქტში გვხვდება, მათ შორის საკვებისა და სასმლის ქილებშიც. კვლევებით იგი ჰორმონული დარღვევებით მიმდინარე არაერთ პრობლემას დაუკავშირეს, მათ შორის ძუძუს კიბოსა და უნაყოფობას.
ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ბავშვების სამი ჯგუფი შეისწავლეს: აუტიზმის მქონეები (66 ბავშვი), ADHD-ის მქონეები (46) და ტიპური განვითარებისები (37). მკვლევრები გლუკურონიდაციის პროცესს აკვირდებოდნენ — ქიმიურ პროცესს, რომლის ფარგლებშიც სხეული სისხლში არსებულ ტოქსინებს შარდის გავლით განდევნის.
დადგინდა, რომ ASD-ისა და ADHD-ის მქონე ბავშვები ბისფენოლ A-სა და დიეთილექსილ ფატალატს (DEHP), კიდევ ერთ მსგავს ნაერთს, ისევე კარგად ვერ განდევნიდნენ სხეულიდან, როგორც სხვა ბავშვები. შესაძლოა, ეს ტოქსინების უფრო ხანგრძლივ ზემოქმედებას განაპირობებდეს.
გასათვალისწინებელია, რომ ამ ორი ნივთიერებიდან განსხვავება მხოლოდ BPA-ს შემთხვევაში იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი: ტიპური განვითარების ბავშვებთან შედარებით პროცესის ეფექტიანობა ASD-ის მქონეებში 11%-ით შემცირდა, ხოლო ADHD-ის მქონეებში კი — 17%-ით.
მეცნიერების აზრით, ზოგიერთ ინდივიდში გენური მუტაციების გამო BPA ისე ვერ განიდევნება, როგორც საჭიროა, შედეგად კი ნივთიერება სხეულში რჩება. შესაძლოა, ამან ნეირონების განვითარება და მათი მუშაობა შეაფერხოს.
მიჩნეულია, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობებს, ADHD-სა სხვა ნეიროგანვითარებით დარღვევებს გენეტიკისა და გარემო ფაქტორების კომბინაცია იწვევს. კვლევის ფარგლებში ავტორებმა ორივე ტიპის ფაქტორი გააერთიანეს.
მეორე მხრივ, საგულისხმოა, რომ ნეიროგანვითარებითი დარღვევის მქონე ყველა ბავშვს სულაც არ ჰქონია BPA-ის გამოდევნის პრობლემა. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ გარკვეულ როლს სხვა ფაქტორებიც თამაშობდეს.
მონაცემები საკმარისი არაა იმის სათქმელად, რომ აღნიშნულ აშლილობებს ბისფენოლ A-ის ზემოქმედება იწვევს. კვლევები ჯერაც მიმდინარეობს იმის გამოსავლენად, ზუსტად როგორ ჩნდება ადამიანებში ASD და ADHD — მაგალითად, დაბადებამდე იწყება ისინი თუ მის შემდეგ.
ავტორთა განცხადებით, ძალიან ბევრი ფაქტი მოწმობს იმას, რომ გარემოს დამაბინძურებელ ნივთიერებებსა (თუნდაც პლასტიფიკატორები) და ნეიროგანვითარებით დარღვევებს შორის კავშირი არსებობს.
უცნობია, საერთო შემთხვევებში რამდენად დიდია პლასტიფიკატორებით გამოწვეული ნეიროგანვითარებითი დარღვევების წილი. მკვლევართა აზრით, იგი საკმაოდ დიდი უნდა იყოს, რადგან კავშირი პატარა მეტაბოლური კვლევის ფარგლებშიც კი მარტივად გამოვლინდა.
მკვლევართა ნაშრომი გამოცემაში PLOS ONE გამოქვეყნდა.
კომენტარები