ბაზისბანკსა და ტენეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეებს შორის პარტნიორობა ითვალისწინებს ბანკის ოფისებში ტენეს ურნების განთავსებას, სადაც გამოყენებული პლასტმასა შეგროვდება, მისი შემდგომი უტილიზაციის მიზნით.

ბაზისბანკის მომხმარებლებსა და ბანკში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს, ამიერიდან შესაძლებლობა ექნებათ, ოფისებში განთავსებული ტენეს ურნების მეშვეობით, აქტიურად ჩაერთონ პლასტმასის ნარჩენების შეგროვების პროექტში, ხოლო შეგროვებული პლასტმასის გადამუშავებას კი ტენე უზრუნველყოფს.

"ბაზისბანკისთვის გარემოს დამზოგავი პროექტების განხორციელება, როგორც მდგრადი განვითარების ეკოლოგიური ასპექტი, ძალიან მნიშვნელოვანია და ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ვფიქრობთ, ნარჩენების მართვა და ბუნებრივი რესურსების გონივრულად გამოყენება, გარემოს დაზიანების შემცირების მიზნით, ყოველი ჩვენგანის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა." — ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.