სადაა კორიდორი, რომლის გავლითაც ადამიანები აფრიკიდან გავრცელდნენ — კვლევა
ხმელთაშუაზღვის რეგიონის აღმოსავლეთით მდებარე იორდანიის დაბლობი, იგივე ელ-გორი, დღესდღეობით მკაცრი პირობებისა და უსწორმასწორო ზედაპირის მქონე ადგილია. ასეთი მახასიათებლების გამო იქ გადაადგილება მარტივი არაა, თუმცა ახალი კვლევის მიხედვით, შესაძლოა, ადამიანები აფრიკიდან დანარჩენ მსოფლიოში სწორედ ამ ბუნებრივი კორიდორის გავლით გავრცელებულიყვნენ.
"ლევანტისა და არაბეთის ამჟამინდელი მკაცრი გარემო ჰომოს გვარის წარმომადგენლებისთვის, მათ შორის ჰომო საპიენსებისთვის, უმთავრესი რეგიონებია. მათ სწორედ ეს ადგილი უნდა გადაელახათ, როცა აფრიკას ტოვებდნენ და ევრაზიისკენ მიდიოდნენ", — აცხადებენ მეცნიერები.
ეს ერთადერთი მუდმივი სახმელეთო "ხიდია", მაგრამ მეცნიერები კიდევ ერთ პოტენციურ გზად ახლანდელ წითელ ზღვას განიხილავენ, რადგან ძველად, გლაციალურ პერიოდებში, ნაპირებზე წყლის დონე ბევრად დაბალი იყო. სპეციალისტებმა მეტის გასაგებად იორდანიის დაბლობზე არსებული, 84 000 წლის წინანდელი დანალექი ქანების 13 ნიმუში შეისწავლეს. იქ ნაპოვნი ქვის იარაღები მიუთითებს, რომ ჰომინინებმა აღნიშნული გზის გავლა, სულ მცირე, სცადეს მაინც.
სხვა კვლევების ფარგლებში ისეთი მტკიცებულებებიცაა მიგნებული, როგორიცაა ადამიანთა ფეხის ნაკვალევი და გამოქვაბულებში არსებული ჩონჩხები, რომლებიც იმავე პერიოდით თარიღდება. ქანების ანალიზმა გამოავლინა იმდროინდელი განსხვავებული ლანდშაფტიც, სადაც მცენარეები ხარობდა. ეს ხშირ წვიმებზე მიუთითებს, რამაც იქაურობა ჭაობიან ადგილად აქცია, რომელიც ფართო მშრალი არეალით იყო გარშემორტყმული.
ძუძუმწოვრებისთვის და მათ შორის ადამიანებისთვის ეს სხვა ტერიტორიებზე გასავრცელებლად ხელსაყრელი იქნებოდა.
"მშრალი უდაბნოსგან განსხვავებით, სავანას ბალახიანი ველი ადამიანებს აფრიკიდან სამხრეთ-დასავლეთ აზიამდე გადაადგილებისას გადასარჩენად საჭირო რესურსებით მოამარაგებდა.
ლევანტი მათთვის წყლიანი კორიდორი იყო, რომლითაც უკანასკნელ გამყინვარებათაშორის ეპოქაში აფრიკიდან გავრცელდნენ, კერძოდ კი იორდანიის დაბლობის გავლით", — ამბობენ ავტორები.
ადამიანები ევრაზიაში შუა და გვიანი პლეისტოცენის პერიოდში გაედინნენ, 129 000-71 000 წლის წინ. მათი ყველა მცდელობა წარმატებული არ ყოფილა, მაგრამ იორდანიის დაბლობის გზით გავრცელებული პოპულაცია, სავარაუდოდ, ევროპელებისა და აზიელების წინაპარია.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები