საქართველოს "ზომბი" ჰიდროენერგეტიკული პროექტები
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
რამდენადაც საქართველოს მთავრობა გვპირდება რომ დასავლეთ საქართველოში სადავო ჰესების მშენებლობას გააგრძელებს, ადგილობრივ მოსახლეობას კვლავ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი შეებრძოლოს იმ ცვლილებებს, რაც მათი აზრით, მიწასა და საარსებო წყაროს საფრთხეს შეუქმნის.
"ვერასდროს ვიფიქრებდი იმას რომ ჰესების მშენებლობის თემა ისევ აქტუალური გახდებოდა და ისევ წამოიწევდა წინა პლანზე", — ამბობს მაგდა გულედანი.
2018 წლის მარტში გულედანი ორსულობის მესამე ტრიმესტრში იყო, როცა ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს ქალაქ მესტიაში, სამშენებლო ტექნიკის წინ, მიწაზე დაწვა. ექსკავატორები და ბულდოზერები მესტიაჭალის ჰესის მშენებლობისთვის განსაზღვრულ ადგილას მოძრაობდნენ, რათა 50 მეგავატი სიმძლავრის კასკადი აეშენებინათ, რომელსაც ადგილობრივები კვირების განმავლობაში აპროტესტებდნენ.
გულედანის პროტესტს მედიაში გამოხმაურებები მოჰყვა, მაგრამ ბულდოზერების შეჩერება დიდხანს ვერ მოახერხა. მომდევნო დღეებში ხელისუფლებამ დეესკალაცია მოახდინა. რამდენიმე კვირაში კი პოლიციის თანდასწრებით კაშხლის მშენებლობა გააგრძელა.
მიუხედავად მარცხისა, საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, სვანეთში მომიტინგეები გაორმაგებული ძალისხმევით გამოვიდნენ ყოველგვარი შემდგომი მშენებლობის წინააღმდეგ: იმ გაზაფხულს და ზაფხულში აქციები გაგრძელდა. ხალხი უფრო დიდი რაოდენობით იყო მობილიზებული. მათ პირობა დადეს, რომ შეაჩერებდნენ ნებისმიერი დამატებითი ჰესის მშენებლობას რეგიონში, მათ შორის, ნენსკრასა და ხუდონს — ბევრად უფრო დიდ, კაშხლებზე დაფუძნებულ ჰიდროელექტრო პროექტებს მესტიაჭალის სამხრეთით.
ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ, დაიწყოს ახალი ენერგეტიკული პროექტები და გააგრძელოს ადრე მიტოვებული, სადავო მშენებლობები.
მთავრობის დაპირებებმა მეტი სამუშაო ადგილების, რუსეთისგან ენერგო-დამოუკიდებლობისა და საქართველოს შანსების შესახებ, რომ ელექტროენერგიის ექსპორტიორი იყოს, ზოგიერთი ქართველი დაარწმუნა, მაგრამ ისინი, ძირითადად, იმ რეგიონებს გარეთ მცხოვრები ხალხია რომლებსაც ეს პროექტები უშუალოდ შეეხება.
ამასობაში, იმ რეგიონში მცხოვრები მდინარისპირა თემები, რომლებიც დაგეგმილი მასიური ჰიდროენერგეტიკული პროექტებით დაზარალდებიან, აგრძელებენ შეშფოთების გამოხატვას როგორც უშუალო ზემოქმედების — განსახლების, ასევე გრძელვადიანი და შემდგომი გავლენების გამო.
მშენებლობის ხარისხსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კითხვები ჰესების მოწინააღმდეგეთა მთავარი წუხილი იყო. გაჩნდა კითხვები კონსტრუქციის უნარიანობაზე, გაუძლოს დროს, მიწისძვრებს და შესაძლო რუსულ დივერსიებს.
წუხილის მიზეზი იყო, ასევე, გარემოზე ზემოქმედების ფაქტორიც: ადგილობრივ გარემოზე პოტენციური არასასურველი ზემოქმედება მოიცავს ტენიანობის ზრდას, წყალდიდობის მაღალ რისკს, წყალზე ხელმისაწვდომობის შემცირებას, უარყოფით გავლენას ადგილობრივ ფაუნაზე და გავლენის შედეგებს ტურიზმზე, რომელიც ორიენტირებულია რეგიონის ხელუხლებელ ბუნებაზე.
გასულ წელს, ადგილობრივმა მოსახლეობამ გააორმაგა ძალისხმევა ამ პროექტებთან საბრძოლველად.
2022 წლის დეკემბერში, მესტიელებმა პირობა დადეს, რომ არ დაუშვებდნენ ხუდონის პროექტის მშენებლობას. ამბობდნენ, რომ ინახავდნენ ფიცს, რომელიც 2013 წელს რელიგიურ ხატებთან დადეს.
გულედანი, რომელიც ახლა საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, ასევე ამტკიცებს, რომ მისი და მისი თანამოაზრეების თავდადება ელექტროსადგურებთან ბრძოლაში მყარია.
"დაიწყებენ [მშენებლობას] და ისევ წამოვა ტალღა, დავდგებით ისევ, დავიწყებთ გაპროტესტებას", — დაიფიცა მან.
ენერგო-დამოუკიდებლობა და კრიპტომაინინგი
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ელექტროენერგიის 80%-ზე მეტი უკვე შიდა ჰიდროენერგეტიკის წარმოებით მიიღება, ქართველმა ლიდერებმა დაიწყეს ევროპელი ლიდერების რიტორიკის გამეორება რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობის შესახებ, განსაკუთრებით, საქართველოს მზარდი ელექტროენერგიის მოხმარების ფონზე.
თუმცა, რუსეთიდან საქართველოში შემოტანილი ელექტროენერგიის დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, აფხაზეთისთვისაა განკუთვნილი — რეგიონისთვის, რომელმაც საქართველოსგან დამოუკიდებლობა 1990-იანი წლების დასაწყისში გამოაცხადა. მაგალითად, 2021 წელს, რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის 80% აფხაზეთში გავიდა.
ზოგი ვარაუდობს, რომ ეს დისკუსია გამოიყენება იმისთვის, რომ ყურადღება გადაიტანოს იმ ფაქტორებიდან, რაც ხელს უწყობს საქართველოს ენერგეტიკული მოთხოვნილების ზრდას: კრიპტოვალუტის არალიცენზირებული მაინინგი.
"მაინტერესებს, სად არის ინდუსტრია, რომელსაც ამჟამად ამდენი ენერგია ესაჭიროება? საბჭოთა პერიოდში მუშაობდა ათასი ქარხანა [...] და ელექტროენერგია მაშინ გვყოფნიდა და ეხლა რომელი წარმოება გუგუნებს, მითხარით ერთი!" — ამბობს მესტიელი ნარგისი ნიგურიანი, თემის ვეტერანი სვანეთში ჰესების წინააღმდეგ მობილიზაციაში — "ძაღლის თავი სადაა დამარხული, იცით? მაინერების და კრიპტოვალუტის თემაში. ვინც პირველად ეს გამოიგონა, როგორც ჩვენ 'ვლოცავთ' ყოველდღე, ერთიც არ აცდეს! ყველგანაა!"
როგორც ბევრი სვანი, ნიგურიანი ამბობს, რომ 2021 წლის დეკემბრიდან სვანეთისთვის უფასო ელექტროენერგიის მიწოდების სახელმწიფო პროგრამამ ის შედეგი ვერ მოიტანა, რასაც მიზნად ისახავდა. ამის სანაცვლოდ მან რეგიონში კრიპტო ვალუტის მაინინგის სოკოვანი განვითარება გამოიწვია. რამაც, თავის მხრივ, ელექტროენერგიის დეფიციტი და პერიოდული გათიშვა გამოიწვია.
მაგრამ ხელისუფლებას რეაქცია არ აქვს: რეგიონში ელექტროენერგიის მაღალი მოხმარება ჰიდროელექტროსადგურების აშენების დასაბუთებლად გამოიყენება, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემის გადაჭრა თავად უწევს.
"საბოლოოდ, ხატზე დაფიცებაც იყო [კროპტომაინინგის წინააღდეგ]", — ამბობს ნიგურიანი.
მაგრამ რუსეთის უკრაიანაში შეჭრისა და შედეგად რუსეთის ენერგო ექსპორტზე ემბარგოს ფონზე, საქართველოს მთავრობამ მკაფიო გახადა, რომ ის ჰესებს ხედავს, როგორც პასუხს, მაშინაც კი, თუ კითხვები ცვალებადია.
2022 წლის დეკემბერში, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ესაჭიროებოდა ქარის, მზის, ჰიდროელექტროსადგურებისა და თბოელექტროსადგურების მშენებლობა, რათა ქვეყანას შეეძლოს ენერგია მიჰყიდოს ევროკავშირს, რაც, მისი თქმით, "მილიონობით დოლარს" მოიტანს.
2022 წლის მარტში ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ ააშენებს "დიდ ჰესებს", კერძოდ, ნამახვანს, ნენსკრასა და ხუდონს. მან ასევე დაამატა, რომ ეს მოხდება "მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით, რათა ის ეკუთვნოდეს ჩვენს ხალხს, ჩვენს სახელმწიფოს და არა კერძო ინვესტორებს".
საქართველოს ოპოზიციამ, ასევე, მხარი დაუჭირა ჰესებს. მიუხედავად იმისა, რომ გმობენ მთავრობის მიერ ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას სავარაუდო კორუფციის, უუნარობისა და ადგილობრვ თემებთან წარუმატებელი კომუნიკაციის გამო, საქართველოს პროდასავლური ჯგუფები, ზოგადად, თანხმდებიან, რომ ქვეყანამ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, "რუსეთი უფრო და უფრო იზოლირებული ხდება და ეს კარგია", — ამბობს საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის [ენმ] გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი.
არსებული შესაძლებლობა მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს როლთან ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი 3GW მაღალი ძაბვის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელის დანერგვაში, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის ელექტროსისტემებს ერთმანეთთან დააკავშირებს.
ევროპის საინვესტიციო ბანკმა OC Media-ს განუცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირთან დამაკავშირებელ კაბელს აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს ურთიერთ მდგრადობას და საქართველოს მისცეს შესაძლებლობა მწვანე ენერგიის სამხრეთ კავკასიიდან ევროპაში ექსპორტისა. მათ ასევე დაამატეს, რომ ეს იყო "ერთ-ერთი მთავარი პროექტი" ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობლობის ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაში.
ცისკარიშვილი ამბობს, რომ ამჟამად, ევროკავშირი "სხვა ადგილებს" ეძებს, სადაც ენერგიის შეძენას შეძლებენ.
"ამ დროისთვის, ერთ-ერთი ასეთი ადგილი არის აზერბაიჯანი. როცა საქართველოც გახდება ენერგორესურსების მწარმოებელი, მასაც შეეძლება შეუერთდეს ამ კავშირს", — აღნიშნავს ის.
ცრუ დაპირებები და სპეცრაზმი
ამჟამად, საქართველო ახორციელებს ენერგიის იმპორტს მის წარმოებასა და გამოყენებას შორის დეფიციტის ასანაზღაურებლად. 2023 წელს მიღებულ დაბალი ემისიის განვითარების სტრატეგიაში, საქართველოს მთავრობა აღნიშნავს, რომ საქართველოს "ტექნიკურად ხელმისაწვდომი" ჰიდროელექტრო პოტენციალი 50-60 მილიარდი კვტ/სთ-ია, მაშინ, როცა ქვეყანა იყენებს "მხოლოდ 20-22%-ს".
თუმცა, ბევრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის დარჩენილი 80%-ზე წვდომა შეიძლება იმაზე რთული იყოს, ვიდრე მთავრობას სურს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის სწრაფმა ჩამოშორებამ რუსული წიაღისეული საწვავისგან და განახლებადი ენერგიის გამომუშავებისკენ სწრაფვამ, გამოიწვია ზოგიერთი გარემოსდაცვითი რეგულაციის შემსუბუქების რისკი. მაგალითად, ენერგიის გენერირების ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურების გარემოზე ზემოქმედების შეფასებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობა.
ბევრი გარემოსდამცველი აქტივისტისთვის, გარემოსდაცვითი რეგულაციის შემსუბუქება გარდაუვლად ნიშნავს საზოგადოებრივი კონტროლის დაკარგვას და რეპრესიული და ავტორიტარული პოლიტიკისკენ სვლას მისი განხორციელების მცდელობების წინააღმდეგ.
ლელა რეხვიაშვილი, მკვლევარი, რომელიც სწავლობდა ნამახვანის საწინააღმდეგო საპროტესტო მოძრაობას, მიიჩნევს, რომ ასეთი პროექტების განხორციელებაზე პასუხისმგებლობა, დიდწილად, ეკისრება საერთაშორისო ბანკებს, როგორიცაა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი [EBRD] და ევროპის საინვესტიციო ბანკი [EIB] და მათ სუსტ დამოკიდებულებას მათ მიერ დაფინანსებული პროექტების პოლიტიკურ ფონზე.
"ამ შემთხვევაში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, და ზოგადად, ევროკავშირი, თვალთმაქცობენ, თითქოს, [მათ მიერ დაფინანსებულ] პროექტებზე დემოკრატიული კონტროლის მექანიზმები არსებობდეს — იმ პროექტებზე, რომელთაც მხარდაჭერა აპრიორი ვერ ექნებოდათ, რადგან ექსპლუატაციური და ექსტრაქტივისტული იყო".
EIB-მ OC Media-ს უთხრა, რომ "ყოველ პროექტზე, ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან ჩართულობის პასუხისმგებლობა აკისრია პროექტის მხარდამჭერს", — ამ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას.
ბოლო პერიოდში მსგავსმა პროექტებმა მნიშვნელოვანი დაფინანსებები მოიპოვა: გასულ წელს, ევროკომისიამ გამოყო 2.3 მილიონი ევრო [$2.4 მილიარდი] გარემოსა და კლიმატის მოქმედებისთვის. ამათგან, 1.5 მილიარდი ევრო [$1.6 მილიარდი] ორიენტირებული იყო "მწვანე ტრანზიციაზე".
რეხვიაშვილის თქმით, ეს, პრაქტიკულად, რეგიონში უფრო მეტი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელებას ნიშნავს, რომელსაც ის ახასიათებს, როგორც "ომის შემდგომ დაჩქარებას", რომელიც მიზანიც არის გაამართლოს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობა.
ის გვაფრთხილებს, რომ შესაძლოა ევროკავშირს სურდეს დაუშვას საქართველოს "აზერბაიჯანიზაცია", რაც ნიშნავს სვლას უფრო ავტორიტარული და სასტიკად რეპრესიული ძალაუფლებისკენ".
"თუ ევროკავშირი ნებას მისცემს საქართველოს, გადაიქცეს ავტორიტარულ, ფაშისტურ სახელმწიფოდ, მაშინ მათთვის უფრო მარტივი გახდება აქ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება", — ამბობს რეხვიაშვილი.
და ასეთი რეპრესიების შიში არ არსებობს პრეცედენტის გარეშე.
მთავრობა ადრე ეყრდნობოდა პოლიციის მრავალრიცხოვნებას სვანეთში, ლეჩხუმში, რაჭასა და პანკისში ჰესების საწინააღმდეგო აქციების დროს და იყენებდა პოლიტიკურ ზეწოლას ადგილობრივი აქტივისტების მიმართ, როცა პოლიცია ვერ ახერხებდა მომიტინგეების დაშლას.
პოლიტიკური ზეწოლა გულისხმობდა უკანონო გათავისუფლებასაც, და ამის მაგალითი იყო მაგდა გულედანის დედა, ნარგისი ნიგურიანი და მთელი რეგიონის ბლოკადასაც, როგორც იყო ლეჩხუმის შემთხვევაში 2021 წელს.
ნიგურიანი საპროტესტო აქციის ორგანიზატორია, რომელმაც განაცხადა, რომ 2018 წელს მისი აქტივიზმის შედეგად სამსახური დაკარგა.
"პირდაპირ ტელეკამერების წინ გადმოგვცეს ბრძანება სამსახურიდან დათხოვნის შესახებ", — იხსენებს ნიგურიანი, რომელმაც 2021 წელს სასამართლოში მოიგო საქმე, რითიც დაადასტურა, რომ მუნიციპალიტეტმა დისკრიმინაციული ნიშნით გაათავისუფლა.
სხვა შემთხვევებში, საქართველოს ხელისუფლება, თითქმის, ირიბ მანიპულაციებს იყენებდა.
2018 წლის ივლისში, რამდენიმე თვის შემდეგ, როცა სვანებს ჰქონდათ წარუმატებელი მცდელობა, შეეჩერებინა მესტიაჭალის კასკადის მშენებლობა, მთავრობამ 1 000-ზე მეტი სპეცრაზმელი გაგზავნა მეზობელ ხაიშისა და ჭუბერის თემებში — ჰესების საწინააღმდეგო მოძრაობის მზარდ ეპიცენტრებში — ტყის უკანონი ჭრის აღკვეთის მოტივით.
მიუხედავად იმისა, რომ ტყის ჭრა წლების განმავლობაში აწუხებდათ, მაცხოვრებლების ნაწილმა განაცხადა, რომ ძალის გამოყენება იყო საშუალება, ეიძულებინათ მოსახლეობა, დათანხმებოდნენ იმ ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს, რაც მათ თავის რჩენის საშუალებებზე ხელმისაწვდომობას ართმევდა.
ხაიშში მცხოვრები სკოლის მასწავლებელი, 56 წლის ზურაბ ნიჟარაძე, რომელიც ხუდონის საწინააღმდეგო კამპანიაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც 2007 წელს საბჭოთა პროექტი ხელახლა ჩამოიღეს თაროდან, აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებაც — ნაციონალური მოძრაობა, ასევე აშინებდა პროექტის კრიტიკოსებს.
"წინა მთავრობა რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, საუკეთესო შემთხვევაში [პროექტის მოწინააღმდეგეები] სამსახურის გარეშე დარჩებოდნენ, უარეს შემთხვევაში — ციხეში", — ამბობს ნიჟარაძე.
ზოგიერთი, მათ შორის ნიჟარაძე, ამ პროექტების მემკვიდრეობას და პოლიტიკურ ბიძგს ხედავს, როგორც საბჭოთა ფესვებთან დაბრუნებას, სადაც ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის გარეშე ახორციელებდნენ, მაშინაც კი, როცა მშენებლობა მასობრივ გადასახლებას ნიშნავდა.
ნიჟარაძე საბჭოთა პოლიტიკას ცინიკურს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ხუდონი სოფლის სახელი იყო, სანამ ის ენგურჰესის წყალსაცავმა არ დაფარა. ახლა "ხუდონი" არსებობს, როგორც საბჭოთა დროს შემუშავებული, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ჰიდროენერგეტიკული პროექტის სახელწოდება.
"სოფელი, რომელიც გაქრებაო, იმას დავარქმევთო ჰესის სახელსო... სახელი მაინც რომ არ გაქრესო".
"ვინ იცის, რა შეიძლება ჩამოაგდოს რუსეთმა აქ ერთ დღეს?"
"ნენსკა თუ აშენდება, შვეიცარიასავით იქნება, მაგრამ მათ უნდა მისცენ მუშაობის საშუალება", — ამტკიცებს გიორგი აბრამიშვილი, ქვეყანაში განახლებადი ენერგიის პროექტების ყველაზე დიდი ადვოკატირების ჯგუფის, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის [GREDA] აღმასრულებელი დირექტორი. აბრამიშვილი ამტკიცებს, რომ მასიური ჰიდროელექტროსადგური რეგიონს მოუტანს სამუშაო ადგილებს, ინფრასტრუქტურასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას.
მაგრამ სვანეთში, ჭუბერის თემში მცხოვრები ნატო სუბარი ამაში დარწმუნებული არ არის.
სუბარი 1996 წლიდან ადგილობრივი საჯარო სკოლის დირექტორი იყო, მაგრამ რეგიონის გარეთ ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც ნენსკრას პროექტის მოწინააღმდეგე 2010-იანი წლების ბოლოდან. ის მუდმივად ხაზს უსვამს ამ ადგილებშში ისტორიულ ზვავებს, მეწყერს, წყალდიდობას, როგორც მნიშვნელოვან საკითხს დისკუსიისთვის.
"ამას რატომ ვყვები, იცით? მაინცდამაინც დიდი იმედი ხარისხიანი მშენებლობის არა გვაქვს" — გვაფრთხილებს სუბარი, — "შვეიცარიას გეუბნებიან! [...] იქაური სტანდარტი მშენებლობისა და გინდაც, დაცვა იმ გარემოსი ან სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც ხდება განვითარებული ქვეყნებში... იქამდე ჯერ შორია".
მართლაც, დაგეგმილი დიდი ჰიდროელექტროსადგურების ოპონენტებს დიდი ხანია აწუხებთ არსებული სადგურების ხარისხი. შიშებს ამწვავებს გარემოს შემფასებელი კვლევები, რომელსაც გარემოზე დამკვირვებლები ახასიათებენ, როგორც არასაკმარისად მომზადებულს და ასევე, კონტრაქტის სადავო მუხლები, რომლებიც მშენებლობის დაწყებამდე გასაჯაროვებული არ ყოფილა.
მაგალითისთვის, ზემო სვანეთში ნენსკრას ჰიდროელექტორასდგურის ინვესტირების შემდეგ, როგორც EIB-მა, ასევე, EBRD-მა 2020 წელს აღიარეს, რომ დაირღვა სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულება, მათ შორის, მკვიდრი მოსახლეობის უფლებები.
ეს აღიარება მხოლოდ სამი წლის შემდეგ გაჟღერდა, როცა EBRD-ის პროექტის გასაჩივრების მექანიზმმა დაადგინა, რომ ჩრდილოეთ საქართველოში, რომელშიც, ასევე, ინვესტიცია ჰქონდა ჩადებული, არ ჰქონდა საკმარისი შეფასება ადგილობრივ გარემოზე გავლენის შესახებ.
ნენსკრასა და ნამახვანის პროექტების ადგილობრივი მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ მათ აქვთ გეოლოგიური და გეოპოლიტიკური მიზეზები იმისთვის, რომ ეშინოდეთ კაშხლის ჩამონგრევის. ბევრი სვანი ფიქრობს რუსეთის მიერ 2023 წლის ივნისში უკრაინის კახოვკის კაშხლის განადგურებაზე.
"კაშხლიდან 35 კილომეტრში რუსეთის საზღვარია. აქეთ კოდორის ქედია. რა ვიცით, ასეთ სამკუთხედში როდის რას ჩააგდებს [რუსეთი]?" — ამბობს სუბარი და ამატებს, რომ ნენსკრას კაშხლის ჩამონგრევის შემთხვევაში სკოლის ევაკუაციასაც ვერ შეძლებენ, რომ აღარაფერი ვთქვათ ჭუბერის 1 000 მოსახლეზე.
მესტიაში დაბადებული მაგდა გულედანი, რომელიც 2018 წელს მესჭიაჭალის ჰესის საპროტესტო აქციის სახე იყო, იგივე წუხილს აჟღერებს.
"პოლიტიკურადაც არ გვაწყობს ჩვენ სვანეთში ასეთი დიდი კაშხლების და ჰესების მშენებლობა, რადგან ჩრდილოეთის მეზობელი არ არის მაინცდამაინც მეგობრულად განწყობილი. ბოლო დროს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ვინც თვალ-ყურს ადევნებდა, კი დავინახეთ, როგორ აფეთქდა იქ ჰესი" — ამბობს გულედანი, — "დაზღვეული ვართ რომ იგივე არ მოხდება ჩვენთანაც?"
იგივეს ამბობს დათო ჭიპაშვილი საქართველოს გარემოსდამცველთა ჯგუფიფან, მწვანე ალტირნატივიდან და თან აღნიშავს, რომ ნენსკრა აფხაზეთიდან სულ რაღაც 20 კილომეტრშია.
"ვინ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ [...] რუსები არ შემოვლენ, საზღვარს არ გადმოწევენ და ნენსკრა აფხაზეთის მხარეს არ აღმოჩნდება", — კითხვას სვამს ის.
ქვეყნისთვის საუკეთესო უნდათ
ჰესების წინააღმდეგ მებრძოლები მნიშვნელოვან ზეწოლას განიცდიან. როგორც აქტივისტები ამბობენ, სამსახურებიდან გაათავისუფლეს, მათ დემონიზაციას ახდენენ, მთავრობა და ბიზნესი ერთმანეთს აპირისპირებენ და ამასთან ერთად, არასწორი ინტერპრეტაციით წარმოაჩენენ ეროვნულ მედიაში.
"ჩვენს სოფელს ჰქონდა მოთხოვნები. გვინდოდა გვენახა სარგებელი, რაღაც განვითარება", — ამბობს ნატო მდივანი სვანეთის სოფელ სგურიშიდან, — "ჩვენ თანახმა ვიქნებით [უფრო პატარა ჰესზე], თუ ჩვენი სოფელი, სოფლის მომავალი ამით სარგებელს მიიღებს".
მაგრამ ქართულმა ლიბერალურმა და პროდასავლურმა ჯგუფებმა, ძირითადად, ვერ შეძლეს მხარი დაეჭირათ ჰესების საწინააღმდეგო მოძრაობებისთვის. ამასთან ერთად, ნამახვანის საწინააღმდეგო მოძრაობამ, რიონის ხეობის გადარჩენისთვის ბევრი მხარდამჭერი დაკარგა 2021 წლის ზაფხულში, პრაიდის კვირეულის დაგმობის გამო.
საჯარო ჰომოფობიურმა განცხადებებმა მხოლოდ გააუარესა მათი იმიჯი, რომელიც იქამდეც დაზარალდა ბრალდებებით ანტითურქული განწყობების გავრცელების შესახებ, რაც ემყარებოდა ნამახვანის კაშხალზე მომუშავე თურქული კომპანია Enka-ს მიმართ მათ წინააღმდეგობას.
ბევრი უფრო შორს წავიდა და აქციის მონაწილეები დაადანაშაულა იმაში, რომ რუსეთის მიერ ორგანიზებულები და დაფინანსებულები იყვნენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა [ენმ], ყოფილი მმართველი პარტია და ამჟამად, ქართული ოცნების ხელისუფლების მთავარი მეტოქე, იმ ორგანიზაციებს შორისაა, რომლებმაც უნდობლობა გამოხატეს ამ მოძრაობის მიმართ. პარტიის გენერალურმა მდივანმა, ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი არის "ჩვეულებრივი ეჭვმიტანილი" ამ აქტივისტების როგორც ორგანიზებაში, ასევე, დაფინანსებაში.
"ვგულისხმობ, სხვა ვინ შეიძლება იყოს ძალისა და ფინანსური რესურსის მიმწოდებელი ასეთი აქციებისა და პროტესტისთვის?" — იკითხა მან.
გიორგი აბრამიშვილი GREDA-დან ეთანხმება მას. მიუხედავად იმ დაშვებისა, რომ "95-98% არის პატიოსანი მომიტინგე", ის ამტკიცებს, რომ საპროტესტო აქციები იყო რუსეთის წამოწყებული, ჰესებთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების კამპანიის ნაწილი.
ასეთი განცხადებები გაიმეორეს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა უცხოური აგენტების კანონპროექტის კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავდა იმ სამოქალაქო ორგანიზაციებზე მეთვალყურეობას, რომლებიც უცხოეთიდან იღებდნენ დაფინანსებას.
სანამ ამ მეტად არაპოპულარულ კანონპროექტს უკან გაიწვევდნენ, ქართული ოცნების წევრებმა რიონის ხეობის მოძრობა მოიყვანეს მაგალითად, როგორც NGO-ების მიერ დაფინანსებული კამპანია, რომელიც ემსახურებოდა რუსეთის ინტერესებს საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საზიანოდ.
მაგრამ კამპანიის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ სამშობლოსადმი სიყვარულის ნაკლებობა არის ყველაზე ბოლო, რაშიც შეიძლება ისინი გონივრულად დაადანაშაულონ.
"თუ სახელმწიფო დამარწმუნებს, რომ ჩემი თავგანწირვა სარგებელს მოუტანს ქვეყანას და ჩემი პირადი, ადამიანური პოზიცია იყო რომ თუ სახელმწიფო დამარწმუნებს იმაში ,რომ ჩემი მსხვერპლი ჩემს ქვეყანას გამოადგება და რაღაც კარგი კეთდება იმით, რომ მე ვტოვებ ჩემს საარსებო გარემოს, მე მზად ვარ რომ ეს დავთმო, თუნდაც ანაზღაურებაც კი არ მივიღო, რადგან კმაყოფილი ვიქნები იმით, რომ მე ჩემი ქვეყნისთვის რაღაც კარგი გავაკეთე".
მაგრამ როგორც ბევრი ამბობს რეგიონში, ნაცვლად იმისა, რომ მომიტინგეების ეჭვები გაექარწყლებინათ ან მათი მოსაზრებები გაეთვალისწინებინათ, მათ ადგილობრივების დასაყოფად და დასასჯელად ფარული ტაქტიკები გამოიყენეს. მათი თქმით, მიწის კომპენსაცია ზოგს მისცეს, ზოგს არა. აქციის რამდენიმე მონაწილე კი დააკავეს.
ამას ადასტურებს ნატო მილდიანიც, სვანეთის სოფელ სგურიშიდან.
მილდიანი თავის სოფელს წარმოადგენდა კომიტეტში, რომლის მიზანიც იყო ნენსკრას ჰესის მშენებლობის განხილვა და მეთვალყურეობა მუნიციპალური ხელისუფლებისა და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად. ის ამბობს, რომ გაუჭირდა მიეღო კონკრეტული გეგმა და შეფასებები დაპირებული შეღავეთების შესახებ, რომელიც მათ სოფელს უნდა მიეღო, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლება ხშირად "კომპანიის მხარეს იჭერდა".
მილდიანი ასევე ამბობს ,რომ პროექტზე პასუხისმგებელმა კომპანია Nenskra Hydro-მ მემთეურების მხოლოდ ნაწილს მისცა კომპენსაცია კარვების გადატანის და მშენებლობისთვის ადგილის დათმობის სანაცვლოდ. მხოლოდ ნაწილს, კომპანია წლიურად გარკვეული რაოდენობის თივას აძლევდა.
ერეკლე გოშუანი, რომელსაც ნენსკრას ხეობაში, მაშრიჭალის ტერიტორიაზე საძოვრები აქვს, ასევე ამტკიცებს, რომ ნენსკრა ჰიდრომ ნამდვილად გადაუხადა ზოგიერთ ადგილობრივს საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენისთვის, რადგან ისინი მოსახლეობასთან ნეიტრალური შუამავლის როლს ასრულებდნენ.
"გაიყო [ადგილობრივი მოსახლეობა], ძაან ცუდად მიყვა ყველაფერი... ზოგს აძლევდნენ, ზოგს არ აძლევდნენ, ზოგი ჰაერში რჩებოდა", — ამბობს გოშუანი.
მაკა სულაძე აცხადებს, რომ სხვა შემთხვევებში, როცა კომპანიამ ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს, პირდაპირ მოქმედებაზე გადავიდა.
განმარტავს, რომ ის იყო ერთადერთი ადამიანი ლეჩხუმის სოფელ მექვენაში, ვინც 2015 წელს, კომპენსაციის სანაცვლოდ, უარი არ თქვა საკუთარ მიწასა და სახლზე.
მალევე, როგორც ის ამბობს, მისი სახლი "უცნაურად დაიწვა".
"ამან მხოლოდ მოტივაცია მომცა [...] გადავწყვიტე რომ სახლი უნდა ამეშენებინა ისევ და ამით უფრო დავამტკიცებდი რომ მე არ გავტყდი და მაინც ვაგრძელებ ბრძოლას".
ზურაბ ნიჟარაძე ამბობს, რომ ის და სხვები მობილიზებულები იყვნენ და არ დაუშვეს მათ თემში პრეცედენტის შექმნა, კომპანიისთვის მიწისა და სახლების მიყიდვა.
"მილიონიც რომ მომცე, აქაურობას არ დავთმობ", — დაამატა მან და მიგვითითა სახლისკენ, რომელიც მისი თქმით, ბაბუამ ააშენა.
მაგრამ ბევრს ადგილობრივი მოსახლეობიდან დაჰპირდნენ არა მხოლოდ ფულს, არამედ მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ჰესების თითქმის ყველა პროექტი პირობას დებდა, რომ გაუმჯობესდებოდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, მაგრამ ამის განხორციელება ნაკლებად ხდებოდა. ბევრმა ზემო სვანეთში, ამ მხრივ, მხოლოდ მცირე პროგრესი დაინახა.
გია ვიბლიანი ერთ-ერთია იმ ერთი შეხედვით მცირერიცხოვან ადამიანებს შორის, რომელიც მზადაა ხმამაღლა მხარი დაუჭიროს ნენსკრას ჰესს. მის მშენებლობაში რამდენიმეწლიანი ჩართულობის შემდეგ, მან მაშრიჭალაში დაგეგმილი კაშხლის ადგილთან ახლოს სასტუმრო ააშენა.
მისი თქმით, მას ჰესის მშენებლობა კარგ იდეად მიაჩნდა, რადგან სჯეროდა, რომ ამით ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებდა სამუშაოს და ინფრასტრუქტურა "მოწესრიგდებოდა".
"აქ მთები და საძოვრები გვაქვს. ადგილობრივ ფერმერს შესაძლებლობა ექნება თავისი პროდუქტი ტურისტებს მიჰყიდოს", — ამბობს ის.
ამბობს, რომ უკმაყოფილოა, რადგან სამუშაოები შეჩერებულია.
"ყველაფერი გაჩრდა. სოფელში არაფერი ხდება, სამუშაო არ არის".
თუმცა ისინი, ვინც აქ მუშაობდა, აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ სამუშაოების შეჩერებამდე, სამსახურთან დაკავშირებული დაპირებები, ინფრასტრუქტურისა და კომპენსაციის შესახებ, არ სრულდებოდა.
ერეკლე გოშუანი ამბობს, რომ ნენსკრას პროექტისთვის გზების მშენებლობაზე 2019 და 2020 წლებში მუშაობდა, სანამ საზაფხულო საძოვრებზე დაბრუნდებოდა, რომელიც, როგორც თავად ახასიათებს, პროექტის შედეგად "ნახევრად განადგურებული" დარჩა.
გოშუანი ამბობს, რომ ნენსკრა ჰიდრომ ვერ შეასრულა ვალდებულება, აეშენებინა გზა ალტერნატიული საძოვრების სივრცისთვის ადგილობრივი 33 მოსახლისთვის, იმის სანაცვლოდ, რომ ისინი ძველ საძოვრებს გამოიყენებდნენ საწყობად შვიდი წლის განმავლობაში.
გარდა ამისა, გოშუანი ამატებს, რომ საქართველოს სამშენებლო კონსორციუმს (GCC) მათთვის სამთვიანი მუშაობის ხელფასიც კი არ გადაუხდია.
"რამდენჯერაც დავრეკეთ, რამდენჯერაც გვქონდა ხელფასებზე მოთხოვნა, ჯერ ერთმანეთთან გვაგზავნიდნენ, მერე GCC-ც საერთოდ გაქრა".
გოშუანი იმასაც აღნიშნავს, რომ ყოფილი მუშებისთვის, 2019-2020 წლებში, შრომითი ხელშეკრულების ასლი არ მიუციათ.
ზრდა, ცვლილება და კომპრომისი
სვანეთში საპროტესტო მოძრაობის დაწყების შემდეგ, ზოგიერთი აქტივისტის მიზნები, პრიორიტეტები და მიდგომები შეიცვალა.
2020-2021 წლებში, ხელისუფლებამ მძიმე პასუხი გასცა მოძრაობას რიონის ხეობის გადარჩენისთვის. დაშალა მათი საპროტესტო კარვები, ზოგიერთ შემთხვევაში, შეზღუდა მოძრაობა რეგიონში და დააკავა პროტესტის მონაწილეები, რითიც შეაშფოთა ადამიანის უფლებადამცველები.
ადგილობრივმა აქტივისტებმა დაიწყეს ახალი მიდგომის გამოყენება: ყოველწლიური ფესტივალის გამართვა ნამახვანის ჰესის მშენებლობის გამო საფრთხის ქვეშ მყოფი ტვიშის ვენახის "გადასარჩენად". ასევე, ბოლო პერიოდში, წამოიწყეს კამპანია რაჭის ტყეების პრივატიზაციის წინააღმდეგ.
- წაიკითხეთ მეტი: რაჭის ტყეების აუქციონზე ადგილობრივი ხმა უგულებელყოფილი იყო
ზოგი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ჰესის მშენებლობა შეიძლება სიცოცხლისუნარიანი იყოს, თუ ადგილობრივი კონტექსტი გათვალისწინებული იქნება.
რეგიონში ჰესების მოწინააღმდეგების ნაწილი ამბობს, რომ ისინი გახსნილები არიან სხვა უფრო ნაკლებად დამაზიანებელი ჰესების იდეების მიმართ, რომლებიც ნაკლებად იმოქმედებს ადგილობრივ გარემოსა და ტურიზმზე.
"აქ თუ გიგანტური ჰესები აშენდება, ეს ალბათ ძალიან დაგვაზიანებს. პატარა, მიკრო ჰესები შეიძლება, მაგრამ არა დიდი", — ამბობს ნატო მდივანი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი სგურიშიდან. მისი სოფელი ნენსკრა ჰესის მოსამსაზებელი სამშენებლო სამუშაოების შედეგად დაზარალდა.
ჭუბერში მცხოვრები ნატო სუბარისთვის ადგილობრივი ბუნების "ხელშეუხებლად" დატოვება მიმდინარე პროექტების ფონზე, იდეალური იქნებოდა. მისი თქმით, მართალია არასდროს დათანხმდება დიდ კაშხალს, მაგრამ ალტერნატიული, მცირე პროექტები შეიძლება იყოს გონივრული კომპრომისი.
სგურიშიდან სამხრეთით, 13 კილომეტრში, სოფელ ხაიშში მსგავს განცხადებებს აჟღერებს ზურაბ ნიჟარაძე.
წინა წლებისგან განსხვავებით, 56 წლის ნიჟარაძე ახლა შედარებით იმედიანად გამოიყურება. მას შემდეგ, რაც მთავრობამ განაცხადა ნამახვანის, ნენსკრასა და ხუდონის პროექტების განახლების შესახებ, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ ხუდონის "მოდიფიცირება" მოხდება ისე, რომ ხაიში არ დაიტბოროს.
გარდა ასეთი კომპრომისებისა, გიორგი აბრამიშვილი GREDA-დან მიიჩნევს, რომ ხალხის განწყობა "შედარებით მცირე" ჰიდროენერგეტიკულ პროექტებზე საკომუნიკაციო სტრატეგიამდე მიდის. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატირებისა და სადამკვირვებლო ჯგუფები მიესალმებიან კომპრომისს, პრაქტიკაში, უარს ამბობენ ყველა შეთავაზებულ პროექტზე.
"როცა ჰკითხავ [მათ] "კარგი" პროექტის კრიტერიუმებს, უკვე ჩიხია", — ამბობს აბრამიშვილი, — არგუმენტები არ აქვთ".
მწვანე ალტერნატივის წარმომადგენელი, ჭიპაშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით ამბობს, რომ უჭირს იპოვოს ჰიდრო-პროექტის განხორციელების კარგი პრაქტიკა საქართველოში.
თბილისში მცხოვრები, ენერგეტიკაზე ფოკუსირებული ანალიტიკური ცენტრის, World Experience for Georgia [WEG]-ის დირექტორი, მურმან მარგველაშვილი, ასევე, აღიარებს, რომ ცუდი ხარისხი არის ის ფაქტორი, რის გამოც ხალხი საქართველოში ჰესების მშენებლობას აპროტესტებს.
ამასთან ერთად, ის ამტკიცებს, რომ მცირეა შესაძლებლობა ჰესების სარგებლის შესახებ "რაციონალური" დისკუსიისთვის იმის გამო, რასაც "ეკოლოგიურ ექსტრემიზმს" უწოდებს. ის ამ ტერმინის განმარტავს, როგორც "გარემოს დაცვას ყველაფრის ფასად, თუნდაც ქვეყნის ინტერესების ფასად".
"ჰიდროენერგეტიკა საშიშია", "ყველა კაშხალი იშლება", "მთელი პროგრესული საზოგადოება უარს ამბობს ჰიდროენერგეტიკაზე"... ბევრი მითია საზოგადოებაში მიზანმიმართულად გავრცელებული", — ამბობს მარგველაშვილი.
რეხვიაშვილისთვის ამ საკითხს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე აქვს. მისი თქმით, მცირე ჰესებს, ხშირად, ადგილობრივი, მცირე მეწარმეები აშენებენ, ცენტრალური ზედამხედველობის გარეშე.
"ყველგან, სადაც წყალი მიედინება, მიდიან და აშენებენ პაწაწინა ჰიდროელექტროსადგურებს, რაც არ ჭრის [ეროვნულ] ენერგეტიკულ პრობლემებს", — ამბობს რეხვიაშვილი. [მთავრობა] არც კი ითხოვს გარემოზე გავლენის შეფასებას ან სხვა რაიმეს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხეობები დაზიანებულია ყოველგვარი არასაჭირო მიზეზით".
წინააღმდეგობრივი ენერგოპროექტების "რაციონალურ", ეკონომიკურ თუ ენერგეტიკულ არგუმენტებამდე დაყვანა ამ პროექტების ბევრი მონაწააღმდეგისთვის ნიშნავს, უგულებელყო ის მსხვერპლი, რისი გაღებაც უშუალოდ მათ მოუწევთ და მათი საარსებო გარემოს სიკეთეებიც, რომლებიც მათთვის ფასდაუდებელია.
მაშინ, როცა GREDA-ს წარმომადგენელი, გიორგი აბრამიშვილი ამტკიცებს, რომ "სვანებთან საქმე ყოველთვის ფულზეა და არა ბუნებაზე" და რეგიონის მოსახლეობას ადანაშაულებს ტყეების შეუზღუდავ ჩეხვაში, რიონის ხეობის მოძრაობის ბოლო წლების კამპანიების მიზნები სხვა რამეზე მეტყველებს.
რაჭაში საჯარო ტყის პრივატიზაციის წინააღმდეგ მებრძოლების, ასევე, ჭიათურაში, აზოტის ქარხნის მუშების და ფოთში გაფიცული მუშების მხარდაჭერით, კამპანიის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთულება მათი მოძრაობის ძირითადი ღირებულებისადმი: რიგითი ქართველების დაცვა ბიზნესის მცდელობისგან, მოახდინოს მათი ექსპუატაცია და მთავრობისგან, რომლისთვისაც ფინანსური ინტერესები უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე თავისი ხალხის კეთილდღეობა.
როგორც რიონის ხეობის მოძრაობის ლიდერი მაკა სულაძე აღნიშნავს, ნამახვანის აშენების პერსპექტივა მას, მის ოჯახს და რეგიონის სხვა მცხოვრებს წლების განმავლობაში თან სდევდა.
"ფაქტობრივად, ბავშვობიდან მოყოლებული, სულ ყოველთვის იყო [ნამახვანჰესის პროექტი] ჩვენი ოჯახისთვის პრობლემა — ამბობს სულაძე, — გარდაცვლილი ჩემი ძმის საფლავის გადაადგილების შემოთავაზებას ძაან ემოციურად განიცდიდნენ ჩემი მშობლები; ბუნებრივია, ჩემთვის ძაან მტკივნეული თემა იყო".
გულედანი ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ საქმე არა ფულზე, არამედ იმაზეა, რომ ადამიანებს შეეძლოთ რეგიონში ცხოვრების გაგრძელება, როგორ მის, ასევე მომავალ თაობებს.
"მე ვარ სვანი და ვაპირებ სვანეთში დაბრუნებას, რა თქმა უნდა! ნუთუ არ მაქვს უფლება, ვიცხოვრო ნორმალურად? ამ მთავრობისგან არაფერს ვითხოვ, [მაგრამ] დაშავებით მაინც ნუ დაგვიშავებს. მომცეს მე იმის უფლება, რომ მე იქ მე ვიცხოვრო ჯანსაღ გარემოში, რომ არის იყოს სვანეთი დაბინძურებული ეკოლოგიურად, რომ არ იყოს ჭაობად ქცეული ჩემი კუთხე", — ამბობს გულედანი.
"მართლა გული მტკივა რადგან ფაქტიურად, თავს ვიცავთ საკუთარი მთავრობისგან, [იმის გამო] რომ სვანი მოსახლეობა დარჩეს სვანეთში და არ გაიხიზნოს ჰესების გამო"".
ამ ისტორიაში წვლილი შეიტანეს ულა იძიკოვსკამ და მარეკ კოვალჩიკმა.
სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა Journalismfund Europe-ის მხარდაჭერით.
კომენტარები