კვლევის მიხედვით, პრიმიტიული ჭიები შიშის მსგავს ემოციებს განიცდიან
რაც არ უნდა წარმოუდგენლად ჟღერდეს, მრგვალი ჭია, რომელსაც არ აქვს თვალები, ხერხემალი და ტვინი, შესაძლოა საბაზისო ემოციებს მაინც ფლობდეს. საუბარია ისეთ ემოციებზე, რომლებიც კომპლექსურ ცხოველებში და ჩვენში გვხვდება.
შიშის მეცნიერება: რატომ გვეშინია და რა ხდება ამ დროს ჩვენში
კვლევებში ნემატოდმა (Caenorhabditis elegans) ელექტრო შოკის მიმართ უარყოფითი რეაქცია აჩვენა. მოკლე და სწრაფი ელექტრული დარტყმის შემდეგ ჭია რამდენიმე წუთი "შეშინებული" ჩანდა და გაქცევას ცდილობდა.
იაპონიის ნაგოიას უნივერსიტეტისა და აშშ-ს ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის მკვლევრები ამბობენ, რომ გრძელვადიანი რეაქცია, მიუთითებს, რომ ჭიას ეშინია. თავის მხრივ, ეს რეაქცია ტვინთან არის დაკავშირებული, რომელიც როგორც უკვე ვთქვით, ჭიას არ გააჩნია.
როგორც ჩანს, ჭიის ეს რეაქცია მის მარტივ ნერვულ სისტემაში სპეციფიკური ნერვული სქემით რეგულირდება.
"ეს თვისებები ემოციის არსებითი მახასიათებლებია. მიგვაჩნია, რომ ჭიის კონკრეტული რეაქცია ერთგვარი შიშის გამოხატულებაა", — ამბობენ მკვლევრები.
მეცნიერებს აინტერესებთ რამდენად განიცდიან უხერხემლოები ემოციებს.
ბოლოდროინდელი ექსპერიმენტები კიბორჩხალებსა და მწერებზე მიუთითებს, რომ უხერხემლოები ნამდვილად განიცდიან ხანგრძლივ დადებით და უარყოფით "ემოციებს".
საუკუნეზე მეტი ხნის წინ, თავად ჩარლზ დარვინი წერდა, რომ "მწერებიც კი გამოხატავენ სიბრაზეს, შიშს, ეჭვიანობასა და სიყვარულს", თუმცა ეს უფრო ადამიანის ანთროპომორფიზაციის ტენდენციას ეკუთვნოდა და არა რაიმე ობიექტურ ექსპერიმენტებს.
დღემდე, მეცნიერების ნაწილი ამტკიცებს, რომ არ არსებობს ემოციების ობიექტურად გაზომვის საშუალება და რომ ეს ტერმინი მთლიანად უნდა ამოვიღოთ.
სხვები ასე არ ფიქრობენ. მათ მიაჩნიათ, რომ ამ ყველაფრის გაზომვა მაინც შესაძლებელია. 2014 წელს ბიოლოგებმა დევიდ ანდერსონმა და რალფ ადოლფსმა ცხოველის ემოციების შესწავლა სცადეს და მის გასაზომად სპეციალური სისტემა წარმოადგინეს.
ისინი ამბობდნენ, რომ ემოციები შინაგანი ცენტრალური სისტემის ეფექტია. მათი თქმით, ამას შეიძლება ცხოველი ვერც აცნობიერებდეს, მაგრამ ემოცია მაინც ჰქონდეს.
ცხოველის რეაქცია ამ სტიმულზე, ფიზიოლოგიური, კოგნიტური თუ ქცევითი, უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე ძირითად კრიტერიუმს: ის უნდა გაგრძელდეს სტიმულის გაქრობის შემდეგ, ის უნდა გაიზარდოს ან შემცირდეს სტიმულიდან გამომდინარე — დაბოლოს, ის თანმიმდევრული უნდა იყოს სტიმულის ტიპის მიხედვით.
ამ მხრივ მრგვალი ჭია კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ის იმახსოვრებს ტკივილს, "ეშინია" და ცდილობს მოშორდეს ადგილს, სადაც ტკივილი განიცადა.
კვლევის ფარგლებში ჭიები ელექტრულ სტიმულაციას 45 წამის განმავლობაში გრძნობდნენ. ამის შემდეგ ისინი ადგილს 2 წუთის განმავლობაში შორდებოდნენ.
რაც ყველაზე საინტერესოა, მკველვრებმა ჭიებისთვის "საშიშ" ადგილას საკვები მოათავსეს, თუმცა ჭიებმა უგულებელყვეს ის და მას არ მიუახლოვდნენ. ეს ნიშნავს, რომ პოზიტიურ სტიმულს უარყოფითი სტიმული თრგუნავს. ანუ, ამ შემთხვევაში უარყოფითი უფრო ძლიერია.
მაშინაც კი, როდესაც ელექტრო-შოკი სულ რაღაც 5 წამის განმავლობაში გაგრძელდა, ჭიები 1,5 წუთის განმავლობაში კონკრეტულ ადგილს აღარ უბრუნდებოდნენ.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ მრგვალი ჭია ნერვულ სქემებსა და ემოციებს შორის კავშირების გამოსავლენად იდეალური არსებაა.
თუ რეალურად არსებობს საერთო ნერვული მექანიზმი, რომელიც ემოციების წარმოქმნაზეა პასუხისმგებელი, მისი შესწავლა უმნიშვნელოვანესია. კომპლექსური ორგანიზმებისგან განსხვავებით მრგვალი ჭიების სისტემის შესწავლა ბევრად მარტივია. შესაბამისად, შეიძლება დაგვეხმაროს იმის გარკვევაში თუ როგორ შეიძლება წარმოიშვას მუდმივი ნეგატიური ემოციები, რომლებიც იწვევს განწყობის დარღვევებს, როგორიცაა დეპრესია.
საინტერესოა, რომ მრგვალ ჭიებში ბევრი ისეთი გენია, რომელსაც ადამიანებშიც ვხვდებით. ეს გენები შეიძლება იყოს ის, რაც შიშის მსგავსი ემოციების წარმოქმნაზეა პასუხისმგებელი.
შემდგომ კვლევებში მეცნიერები ეცდებიან გაარკვიონ რამდენად არის ჭიებში ისეთი დადებითი ემოციები, რომელიც ჯილდოს მიღებაზეა დაფუძნებული.
კვლევა Genetics-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები