ჩინეთი მთვარის გამოქვაბულებში ბაზების აშენებას გეგმავს
გამოქვაბულები კაცობრიობის პირველი თავშესაფარი იყო. და აი ახლა, ჩვენ შეიძლება "იქ" დავბრუნდეთ, ოღონდ ამჯერად მთვარეზე.
მთვარეზე ასტრონავტებს მზის რადიაციისგან და მეტეორიტებისგან თავშესაფარი დასჭირდებათ, შესაბამისად ამისთვის იდეალური კანდიდატი მთვარის გამოქვაბულებია.
მთვარის სადაზვერვო ორბიტერმა (LRO) ასობით ასეთ თავშესაფარს მიაგნო.
შესწავლის გარეშე ზუსტად თქმა რთულია, მაგრამ მთვარეზე ასობით მეტრის დიამეტრის ასეთი თავშესაფრები უნდა იყოს. შესაბამისად, გაჩნდა იდეა, რომ მთვარის ბაზები სწორედ აქ აშენდეს. და აი ახლა, ამას ჩინეთი სერიოზულად განიხილავს.
ეს ლავას მიერ წარმოქმნილი ერთგვარი მილებია. ისინი მაშინ ჩამოყალიბდა, როდესაც მთვარის ლავამ გაციება დაიწყო. მეცნიერებმა ზუსტად არ იციან როდის დასრულდა მთვარის ვულკანიზმი. ასეთი პროცესები ძირითადად მილიარდი წლის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა, შესაძლოა, რომ მცირე ვულკანური აქტივობები 50 მილიონი წლის წინაც ხდებოდა.
ასტრონავტებს მთვარეზე ტემპერატურის ხშირ ცვალებადობასთან გამკლავება მოუწევთ. მთვარის ერთ მხარეს, რომელზეც მზის შუქი ხვდება, 127 გრადუსი ცელსიუსის ტემპერატურაა. ეს მაშინ, როცა მეორე მხარეს -173 გრადუსი ცელსიუსი ფიქსირდება.
ასეთ გარემოში არსებობა რთული იქნება, თუმცა გამოქვაბულებში ტემპერატურა ბევრად სტაბილურია. იგივე შეიძლება ითქვას რადიაციაზე, რომელიც დედამიწის ზედაპირთან შედარებით მთვარეზე 150-ჯერ უფრო ძლიერია. გამოქვაბული ამ მხრივადაც თავდაცვის საშუალებაა.
ახლახან გამართულ კონფერენციაზე ჩინელმა მეცნიერებმა მთვარის გამოქვაბულებზე ისაუბრეს. მკვლევრებმა ბაზების გამოქვაბულებში აშენების პოტენციალი შეისწავლეს. მათი თქმით, მთვარისა და დედამიწის გამოქვაბულებს შორის საკმარისი მსგავსებაა.
ჩინეთი რობოტული სისტემის შემუშავებას გეგმავს, რომელსაც გამოქვაბულების გამოკვლევა შეეძლება. პატარა რობოტები გამოქვაბულებში შეაღწევენ და ადგილს გამოიკვლევენ.
მსგავსი კვლევების შემდეგ ჩინეთი ადგილზე ეკიპაჟის გაგზავნასა და ბაზის დაფუძნებას აპირებს. ბაზა მოიცავს როგორც საცხოვრებელ, ის კვლევით ობიექტებს.
კომენტარები