ნეანდერტალელების გარდა, თანამედროვე ადამიანებში სხვა გადაშენებული სახეობის დნმ-იცაა
თანამედროვე ადამიანის ევოლუციური "ფესვები" ისეთი მარტივი არაა, როგორიც წარმოგვიდგენია. ევოლუციასთან ერთად ჩვენს განვითარებაზე სხვა ფაქტორებმაც იქონია გავლენა, მაგალითად, ნეანდერტალელებთან შეწყვილებამ, რის შედეგადაც მათი გენეტიკური მასალის ნაწილი გადმოგვეცა.
ამ აწ უკვე გადაშენებულ სახეობასთან ჩვენს წინაპრებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ, მაგრამ იყო კიდევ ერთი სახეობა, რომელთანაც ისინი გადაიკვეთნენ. მათ დენისოველები ეწოდებათ, რომელთა შესახებაც ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. არსებული მონაცემები მეცნიერებმა ახალი კვლევის ფარგლებში გააანალიზეს, რათა შეესწავლათ, როგორ იმოქმედა დენისოველებთან ურთიერთობამ ჩვენს ბიოლოგიურ მახასიათებლებზე.
მათ დაასკვნეს, რომ აზიის ტერიტორიაზე მცხოვრები ეს სახეობა სწორედ ამ რეგიონის მიმართ იყო ადაპტირებული და შეწყვილებისას თავიანთი გენები გადმოგვცეს. შედეგად, დენისოველების სელექციური "პრივილეგიები" მივიღეთ, როგორც ნეანდერტალელებისგან.
"გავრცელებული არასწორი წარმოდგენაა, რომ ადამიანები [მაიმუნებისა და ჩვენი] საერთო წინაპრისგან უეცრად განვვითარდით. ამის მიუხედავად, რაც უფრო მეტს ვიგებთ, მით უკეთ ვიაზრებთ, რომ სხვადასხვა ჰომინინთან შევჯვარდით, რამაც ამ სახით ჩვენს ჩამოყალიბებაში საკუთარი წვლილი შეიტანა", — აცხადებენ ავტორები.
დენისოველთა გენეტიკის შესწავლა შედარებით ახლო წარსულში დაიწყო, 2 დეკადაზე მეტი ხნის წინ, როცა გამოქვაბულში ერთ-ერთი ასეთი მდედრი ჰომინინის თითის ძვალს მიაგნეს. აღმოჩნდა, რომ საქმე ნეანდერტალელებისგან გენეტიკურად განსხვავებულ სახეობასთან გვქონდა, რომელიც ციმბირიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიამდე იყო გავრცელებული, ასევე ოკეანიისა და ამერიკის ზოგიერთი არეალში.
თანამედროვე ადამიანში შემორჩენილი მათი გენომური სეგმენტების შესწავლით ჩვენი წინაპრებისა და დენისოველების პოპულაციათა შეწყვილების შედეგად დნმ-ის გადმოცემის სულ მცირე 3 შემთხვევა გამოავლინეს. მათ შორისაა დნმ, რომელიც ტიბეტში მცხოვრებ ადამიანებს ჟანგბადის ნაკლებობაში გადარჩენაში ეხმარება, მეორე პაპუასების ძლიერ იმუნიტეტზეა პასუხისმგებელი და მესამე ინუიტების მიერ სიცივესთან შესაგუებლად ცხიმის სათანადო წვას განაპირობებს.
მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ სხვა კვლევებმა დამატებითი გენეტიკური მონაცემები გამოავლინოს. ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Genetics გამოქვეყნდა.
კომენტარები