ანტარქტიდაზე მცენარეები ყვავის — ყინულოვან კონტინენტზე ყინულით დაუფარავი ტერიტორიები იზრდება
კლიმატის ცვლილება ანტარქტიდის გამწვანებას განაგრძობს.
ყოველი ახალი წელი ანტარქტიდას გამოუსწორებლად ცვლის. მეცნიერებმა ყინულოვანი კონტინენტის მოშიშვლებულ მიწაზე ყვავილები იპოვეს, ისევე როგორც ხავსი და წყალმცენარეები. ამ კონტინენტზე მცენარეები წარმოუდგენელი ტემპით ვრცელდება, ამის პარალელურად კი ოკეანეში მცურავი ყინულის მოცულობა რეკორდულად დაბალ ნიშნულს აღწევს.
ეს დრამატული ცვლილებები ზაფხულის ტემპერატურის მატებასთანაა კავშირში. 2022 წელს ვაშინგტონის უნივერსიტეტის (UW) მკვლევრებმა ანტარქტიდაზე ოდესმე არსებულთაგან ყველაზე დიდი თბური ტალღა დააფიქსირეს. 2022 წლის მარტში სამხრეთ პოულუსთან ახლოს ტემპერატურამ ნორმალურ ნიშნულს 39 გრადუსით გადააჭარბა და სამი დღის განმავლობაში აქ დაახლოებით -10°C ფიქსირდებოდა. ეს მაშინ, როცა წლის ამ პერიოდში ანტარქტიდის ამ ნაწილში საშუალო ტემპერატურა დაახლოებით -50ºC-ია.
ასევე იხილეთ: დედამიწის ორივე პოლუსზე გამაოგნებლად, ჩვეულებრივზე 30-40ºC-ით დათბა — რას ნიშნავს ეს
UW მკვლევრების მიერ გამოქვეყნებული კვლევის პირველი ავტორი, ედვარდ ბლანჩარდ-ვრიგლსვორთი The Washington Post-თან საუბარში აღნიშნავდა, რომ ეს ყველაზე ცხელი ტემპერატურული ანომალია იყო, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით დაფიქსირებულა. გუნდის რამდენიმე წევრი, რომელიც ამ პერიოდში ანტარქტიდაზე იმყოფებოდა, მსოფლიოს ყველაზე ცივ კონტინენტზე გადაადგილებას შორტებით ახერხებდა და მზეს მაისურგახდილი ეფიცხებოდა. ეს სწორედ იმის დემონსტრირება იყო, თუ რამდენად დათბა ყინულოვან კონტინენტზე.
მსგავსი მომენტები ცხადყოფს, რომ ანტარქტიდა არ არის იმუნური კლიმატის კრიზისის მიმართ, როგორც ამას ადრე რამდენიმე მეცნიერი მიიჩნევდა.
იმის გასარკვევად, თუ რამდენად იყო დაკავშირებული ანტარქტიდაში ბოლოდროინდელი დათბობა კლიმატის ცვლილებასთან, UW-ის გუნდმა სპეციალური მიდგომა — 'storyline approach' გამოიყენა. მოდელირების ეს სტრატეგია კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული მოვლენების რეპროდუცირებისთვის წარსულის მოვლენების განხილვასა და მომავლის შესაძლო სცენარის პროგნოზირებას ეყრდნობა.
"ჩვენ მივაგენით იმას, რომ კლიმატის ცვლილებამ ბოლო ერთ საუკუნეში თბური ტალღები 2°C-ით გაზარდა, ხოლო ეკვივალენტური თბური ტალღა 2096 წლისთვის შეიძლება 6°C-ით უფრო ცხელი იყოს 2022 წელთან შედარებით (ანუ 8°C-ით ცხელი 1922 წლის მაჩვენებელთან შედარებით)", — აღნიშნავენ ბლანჩარდ-ვრიგლსვორთი და კოლეგები.
ასევე იხილეთ: თბური ტალღა — რა არის, რა იწვევს და როგორ დავიცვათ თავი
ამ მომავალმა სცენარმა შესაძლოა მარტის ტემპერატურა ანტარქტიდაში სახიფათოდ მიახლოოს დნობის წერტილთან, რაც საფრთხეს უქმნის კონტინენტის ყინულის უზარმაზარ ნაწილებს.
ამ დროისთვის, ანტარქტიდა და მასთან დაკავშირებული კუნძულები დაფარულია მუდმივი თოვლითა და ყინულით, მხოლოდ ერთი პროცენტი მიწაა აყვავებული მცენარეებით, მათ შორის ანტარქტიდის თმის ბალახითა (Deschampsia antarctica) და ანტარქტიდის მარგალიტით (Colobanthus prettynsis).
თუმცა, გასული რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, უფრო კონკრეტულად 2009-2018 წლების შუალედში, მნიშვნელოვნად დამთბარი ზაფხულებისა და გაზაფხულების პირობებში, ანტარქტიდაზე მცენარეების ზრდის ტემპი 20%-ით ან მეტით გაიზარდა. 21-ე საუკუნის ბოლოსთვის, ზოგი მოდელის ვარაუდით, ანტარქტიდის ნახევარკუნძულზე ყინულისგან თავისუფალი მიწა სამჯერ გაიზრდება, რაც მცენარეებს კარგ პირობებს შეუქმნის კოლონიზაციისთვის.
თუ ვეგეტაცია ამ ზონებში გაგრძელდება, მკვლევრები შიშობენ, რომ ეს ანტარქტიდის "ბიომრავალფეროვნების შეუქცევად კარგვას" გამოიწვევს.
"ვიცით, რომ ათასობით კვადრატულ კილომეტრზე ახალი ყინულისგან თავისუფალი ტერიტორიები იქნება, ხოლო უფრო თბილი ტემპერატურა და წყალი აქ ახალ ჰაბიტატებს შექმნის კოლონიზაციისთვის, რაც ზოგი სახეობისთვის სასარგებლო იქნება, ზოგისთვის კი — პირიქით. სამწუხაროდ, შედარებით რბილი კლიმატი ასევე შეასუსტებს ამ კონტინენტისთვის უცხო მცენარეებისა და ცხოველთა სახეობების შემოჭრის ბარიერს", — ამბობდა ჟასმინ ლი, British Antarctic Survey-ის ბიოლოგი, 2022 წელს.
მეცნიერები ამ ეტაპზე მუშაობენ იმისათვის, რომ ანტარქტიდის წარსული და მომავალი ჰაბიტატები უკეთ გაიგონ და შეინარჩუნონ.
კომენტარები