"მდუმარე ქალაქები" — გამოფენა მხატვრის აღმოსაჩენად
"მდუმარე ქალაქები" — ასე ჰქვია გამოფენას, რომლის მეშვეობითაც გაიცნობთ ან თავიდან აღმოაჩენთ ქართული წარმოშობის ფრანგ მხატვარს, ვერა ფაღავას. დამთვალიერებელს 6 თვის განმავლობაში, თიბისი კონცეპტის სივრცეში ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად, უნიკალური ბიოგრაფიული დოკუმენტები და საარქივო მასალებიც დახვდება.
ვინ იყო ვერა ფაღავა
ვერა ფაღავა 1907 წელს თბილისში დაიბადა. 14 წლის იყო როდესაც ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა. ჯერ შვეიცარიაში იმყოფებოდნენ, შემდეგ გერმანიაში. 1923 წელს კი საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა.
სახელოვნებო განათლება საფრანგეთში ჩასვლისთანავე, 16 წლისამ დაიწყო. 30-იან წლებში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ჯგუფურ გამოფენაში მეგობრებთან და თანაკურსელებთან ერთად. მე-2 მსოფლიო ომის დროს მის ოჯახს ქვეყანა არ დაუტოვებია, ჩაეწერა წითელი ჯვრის საექთნო სკოლაში და კარიერასაც აგრძელებდა.
1950-იან წლებში ის გამოფენებს მართავს შვედეთის, დანიის, გერმანიის, შეერთებული შტატების, ნორვეგიის და სხვა ქვეყნების გალერეებში.
1966 წელს გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ვენეციის ბიენალეზე ნამუშევრები წარადგინა.
1972 წელს ქართველი ემიგრანტის, თამარ ტარასაშვილი-ტალის ინიციატივით, პარიზში, ვერა ფაღავას ფერწერული ნამუშევრების გამოფენით გაიხსნა სამხატვრო გალერეა, სახელწოდებით — გალერეა დარიალი.
მხატვარი 1988 წელს გარდაიცვალა. მისი ნამუშევრები ინახება კერძო და საჯარო კოლექციებში, პომპიდუს ცენტრში, პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. მისი ნამუშევრებისა და არქივების უმეტესი ნაწილი დაცულია პარიზში, ვერა ფაღავას კულტურულ ასოციაციაში.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში არის ქალაქი, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, სავსეა ვერა ფაღავას შემოქმედებით. დიჟონში სახვითი ხელოვნების მუზეუმში არაერთი ნამუშევარია გამოფენილი, ქალაქის ტელეკომის შენობაში არის ფაღავას ტრიფტიკი, წმ.იოსების ეკლესიაში კი ვხვდებით მის მიერ შესრულებულ ვიტრაჟებსა და ლიტურგიულ ავეჯს.
"წარმოიდგინეთ, არსებობს ქალაქი საფრანგეთში, სადაც შეგიძლია, ვერა ფაღავას შესახებ ძალიან ბევრ რამე გაიგო და ჩვენთან ბევრმა არც იცის მის შესახებ"
"მდუმარე ქალაქები“
ფოტო: თიბისი
გამოფენა თემატურ სივრცეებად 2 სართულზეა გადანაწილებული. პირველ სართულზე შესაძლებელია, მისი ჩანახატების, აკვარელის და ბიოგრაფიული დოკუმენტების ნახვა, ხოლო მეორე სართულზე ფერწერული ნამუშევრებია განთავსებული.
თიბისი კონცეპტის სივრცეში წარმოდგენილია 1950-იანიდან 1980-იან წლებამდე შესრულებულ ნამუშევრები. ეს პერიოდი ვერა ფაღავას შემოქმედებაში გადამწყვეტია —თანდათანობით გადადის ფერწერულ ტილოებზე ფორმების აბსტრაჰირებაზე. მისი შემოქმედების მცოდნეები ხშირად ახასიათებდნენ "ქალაქებს", როგორც "მდუმარე არქიტექტურას".
გამოფენა 10 ფერწერულ ტილოს აერთიანებს, რომელთა მთავარი მიმართულება არქიტექტურაა. ნამუშევრებს შორისაა, "მკვდარი ქალაქი", "იდუმალი ქალაქი", "სიჩუმე" და სხვა.
გამოფენის სახელწოდება შთაგონებულია მისი ნამუშევრით სიჩუმე (Silencieuse, 1965) აბსტრაქტული, ცარიელი ველი, რომელსაც მხატვარმა ფრანგული მდედრობითი სქესისთვის დამახასიათებელი სათაური შეურჩია.
ფოტო: თიბისი
ფოტო: საავტორო უფლება: © ვერა ფაღავას კულტურული ასოციაციის — AC/VP საკუთრება
როგორც ვერა ფაღავას კულტურულ ასოციაციის (AC/VP) პრეზიდენტი ელისო ტარასაშვილი აღნიშნავს, მხატვარს არ უყვარდა საკუთარ თავსა და ხელოვნებაზე საუბარი, იშვიათად იძლეოდა ინტერვიუებს.
"იყო ერთი დიდი კოლექციონერი, რომელიც ამბობდა, რომ ვერა ფაღავას თითო ნამუშევარი არის ახალი ისტორია...
არ უყვარდა საუბარი თავის შემოქმედებაზე. ფიქრობდა, რომ ნახატები თვითონ ისაუბრებდნენ", — ამბობს ტარასაშვილი და ამატებს, რომ ფაღავას ნამუშევრებში სიმშვიდე და სულიერებაა.
ვერა ფაღავა საქართველოში
სწორედ ვერა ფაღავას პიროვნებისა და მისი შემოქმედების გაცნობას ემსახურება გამოფენა, რომელიც თიბისი ბანკსა და ვერა ფაღავას კულტურულ ასოციაციასთან (AC/VP) თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის პარტნიორები კი საქართველოში საფრანგეთის საელჩო და ფრანგული ინსტიტუტია.
ფოტო: თიბისი
გამოფენაზე საუბარი ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. პროცეს კორონავირუსის პანდემიამაც შეუშალა ხელი, თუმცა საბოლოოდ გამოფენა შედგა.
"უნიკალური მემკვიდრეობა რაც ვერა ფაღავას შესახებ არსებობს ადამიანებთან ახლოს და ხელმისაწვდომი უნდა იყოს.“ — ამბობს თიბისის სახელოვნებო პროექტების კურატორი.
მარიამ წიქარიძე ასევე აღნიშნავს, რომ 6 თვის განმავლობაში გამოფენის პარალელურად იქნება არაერთი საგანმანათლებლო პროექტი, რათა მსოფლიოში აღიარებული მხატვარი, საქართველოშიაც აღიარონ და დააფასონ.
კომენტარები