ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა ბრინჯაოს ხანაში მცხოვრები ქალი — სახის რეკონსტრუქცია
4 000-ზე მეტი წლის წინ ახლანდელი შოტლანდიის ტერიტორიაზე ახალგაზრდა ქალი მოხრილ მდგომარეობაში დამარხეს, მისი ჩონჩხი კი არქეოლოგებმა 1997 წელს აღმოაჩინეს. ამ ინდივიდის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ მეცნიერებმა სახის რეკონსტრუქციის გზით დაგვანახეს, როგორი შეიძლება ყოფილიყო ის ვიზუალურად სიცოცხლეში.
აღდგენილი სახე 3 სექტემბერს შოტლანდიაში მდებარე კილმარტინის მუზეუმში გამოიფინა. ქალს შავი, დაწნული თმა და ოდნავ მუქი ფერის კანი აქვს, ზედატანს კი ირმის ტყავი უფარავს. მისი მზერა, თითქოს, ჩვენკენაა მოპყრობილი.
"რეკონსტრუქციის შექმნისას, როგორც წესი, ვფიქრობ, რომ მათ სამყაროს ვუყურებთ, ისინი კი ვერ გვხედავენ. მეგონა, რომ ამაში ცვლილების შეტანა საინტერესო იდეა იყო, იმის გაფიქრება, რომ მას ჩვენი დანახვა შეუძლია. როგორც ხედავთ, ის ჩვენ მიმართ ოდნავ კრიტიკულია (მე მას ამაში არ ვადანაშაულებ...)", — აცხადებს სახის რეკონსტრუქციაზე მომუშავე სპეციალისტი, ოსკარ ნილსონი.
ჩონჩხისა და კბილების ანალიზმა ცხადყო, რომ ეს ქალი 20-30 წლამდე ასაკში დაიღუპა. ამას წინ უსწრებდა ავადობის პერიოდები ან არასაკმარისი საკვების მიღება. რადიონახშირბადულმა დათარიღებამ აჩვენა, რომ ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1500-2200 წლებს შორის პერიოდში ცოცხლობდა, ადრეულ ბრინჯაოს ხანაში.
ნაშთებში სტრონციუმისა და ჟანგბადის იზოტოპების ანალიზმა გამოავლინა, რომ აღნიშნული ინდივიდი შოტლანდიის ტერიტორიაზე გაიზარდა. დნმ-ის მოპოვება ვერ მოხერხდა, ამიტომ მისი ეთნიკური მიკუთვნებულობა უცნობია. მათ შორის გაურკვეველია კანის, თვალებისა და თმის ფერი.
სამარხში მეცნიერებმა თიხის ჭურჭელს მიაგნეს, რაც მიანიშნებს, რომ ის შესაძლოა, ე.წ. თასების კულტურას ეკუთვნოდეს. ამ კულტურას ცენტრალურ ევროპაში ჩაეყარა საფუძველი ადამიანებში, რომელთა წინაპრებიც ევრაზიის სტეპებიდან იყვნენ. მათ დიდ ბრიტანეთამდე ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 2400 წლისთვის მიაღწიეს და იქ დასახლდნენ. შესაბამისად, არაა გამორიცხული, ეს ქალი სწორედ ამ კულტურის პირველ წარმომადგენლებს შორის ყოფილიყო.
სახის რეკონსტრუქციისთვის სპეციალისტებმა თავის ქალის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოსახულება გამოიყენეს, შემდეგ კი მისი ასლი სამგანზომილებიანი პრინტერით დაბეჭდეს. ძვლების დანაკლისის გამო, თავის მარცხენა ნაწილისა და ქვედა ყბის აღდგენაც გახდა საჭირო.
მეცნიერებმა სქესის, ასაკისა და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით კანის სისქის მაჩვენებლები დაადგინეს და რეკონსტრუქციას შეუდგნენ. მათ თავის ქალის 3D ასლი წინასწარ განსაზღვრული სისქის გათვალისწინებით პლასტილინით დაფარეს და სახის კუნთები გამოკვეთეს. თავის ქალის კონტურის მიხედვით გამოძერწეს ნაკვთებიც, მათ შორის განიერი ცხვირი, მომრგვალებული შუბლი და დიდი პირი.
კანის, თვალებისა და თმის შეფერილობა მხოლოდ ვარაუდზეა დაფუძნებული და შესაძლოა, რეალობას არ შეესაბამებოდეს. ეს ყველაფერი იმ დროისა რეგიონის სხვა ნამარხებიდან მოპოვებულ დნმ-ს ეყრდნობა.
კომენტარები