ყოველ 21 000 წელში ერთხელ საჰარა მცენარეეებით იფარება — კვლევა
შესაძლოა, გეგონოთ, რომ საჰარის უდაბნო ყოველთვის ასეთი იყო და ასეთად დარჩება, მაგრამ ეს ასე არაა. ახალი კვლევის მიხედვით, ჩრდილოეთ აფრიკის ეს ტერიტორია დაახლოებით ყოველ 21 000 წელიწადში ერთხელ მცენარეებით იფარება და მწვანდება.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ბოლოს მსგავსი რამ 15 000-5 000 წლებს შორის პერიოდში მოხდა. ესაა ციკლური პროცესი, რომლის დროსაც უდაბნო ტრანსფორმაციას განიცდის და მწვანდება, შემდეგ კი ისევ მკაცრ პირობებს უბრუნდება.
"საჰარის უდაბნოს ციკლური ტრანსფორმაცია სავანისა და მეჩხერი ტყის ეკოსისტემაში პლანეტაზე გარემოს ერთ-ერთი ყველაზე სიღრმისეული ცვლილებაა. ჩვენი კვლევა კლიმატის მოდელირებაზე დაფუძნებული ერთ-ერთი პირველი ნაშრომია, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკის ნოტიო პერიოდების სიმულაციას პალეოკლიმატურ დაკვირვებებთან მიმართებაში გვთავაზობს და ავლენს, როდის და რატომ მოხდა ეს მოვლენები", — აცხადებენ ავტორები.
მათ ბოლო 800 000 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ აფრიკის ნოტიო პერიოდები გააანალიზეს, რისთვისაც ახლახან შექმნილი კლიმატური მოდელი გამოიყენეს. შედეგად დადასტურდა, რომ საჰარის ტერიტორიაზე მსგავსი სველი ფაზები მზის გარშემო დედამიწის ორბიტის ცვლილებას უკავშირდება.
საკუთარი ღერძის გარშემო ჩვენი პლანეტის რხევითი მოძრაობა უდაბნოს პერიოდულ გამწვანებას განაპირობებს, რადგან ვარსკვლავისგან მიღებული ენერგია სეზონებზე ახდენს გავლენას. ეს, თავის მხრივ, მოქმედებს აფრიკის მუსონებზე და ამ რეგიონში მწვანე საფარის ზრდას (ან პირიქით, გაქრობას) უზრუნველყოფს.
ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ ამას შესაძლოა, ხელს უწყობდეს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მაღალ განედებზე არსებული ყინულის საფარიც. ვარაუდობენ, რომ გამყინვარების დროს მსგავსი ნოტიო პერიოდები არ იყო, რადგან სქელი ყინული ატმოსფეროს აგრილებდა და აფრიკულ მუსონებს აკავებდა. ამის გამო საჰარის მიდამოებში მცენარეების ზრდა ფერხდებოდა.
"საჰარის რეგიონი ერთგვარი კარიბჭეა, რომელიც ჩრდილოეთ და სუბსაჰარულ აფრიკას შორის სახეობების გავრცელებას აკონტროლებს. ეს კარიბჭე იღებოდა მაშინ, როცა საჰარა მწვანე იყო და იხურებოდა მაშინ, როცა უდაბნო ჭარბობდა", — ამბობენ მეცნიერები, რომელთა თქმითაც, ამ პროცესმა სახეობათა ევოლუციასა და გავრცელებაში გარკვეული როლი შეასრულა, ეს კი ადამიანებსაც ეხება.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები