ასტრონომებმა უჩვეულო ვარსკვლავურ სისტემაში ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
ჩილეში განლაგებულმა ძალიან დიდმა ტელესკოპმა ჩვენგან დაახლოებით 480 სინათლის წლის მოშორებით მდებარე უჩვეულო სისტემაში ეგზოპლანეტა დააფიქსირა.
ის იუპიტერზე 15-ჯერ მასიურია და მცირე ზომის ვარსკვლავის გარშემო გადაადგილდება, რომელიც სხვა, უფრო მოზრდილი მნათობის ირგვლივ მოძრაობს, ამ უკანასკნელს კი ყავისფერი ჯუჯაც უვლის გარს. ასე ეწოდება ციურ სხეულებს, რომლებიც არც ვარსკვლავების კატეგორიაში გადის და არც პლანეტების, ამიტომ ერთგვარ გარდამავალ ობიექტებად მიიჩნევა.
HIP 81208-ის სახელით ცნობილი ამ უნიკალური სისტემის არსებობის შესახებ ასტრონომებმა უკვე დიდი ხანია, იციან, მაგრამ იქ ეგზოპლანეტას ახლახან მიაგნეს. მას სპეციალისტებმა ძალიან დიდი ტელესკოპის მონაცემების ხელახალი ანალიზისას მიაკვლიეს.
ის იმდენად მასიურია, რომ პლანეტისა და ყავისფერი ჯუჯის მიჯნაზეა, ობსერვატორიამ კი ეს ობიექტი პირდაპირ გადაიღო.
როგორც წესი, შორეული ციური სხეულების აღმოსაჩენად ე.წ. ტრანზიტის მეთოდს იყენებენ, ანუ მნათობთან მათი ჩავლისას სიკაშკაშის ცვლილებას აკვირდებიან. სწორედ ასეთი "ციმციმი" მიანიშნებს, რომ იქ ეგზოპლანეტა მოძრაობს. მათი პირდაპირ დაფიქსირება შედარებით ძნელია და ეს მხოლოდ უმძლავრეს ტელესკოპებს შეუძლია, რომლებიც ძალიან მგრძნობიარე კამერებითაა აღჭურვილი.
ზუსტად ასეთია ძალიან დიდი ტელესკოპი, რომლის მონაცემებშიც ეგზოპლანეტის კვალი პარიზის ობსერვატორიაში მომუშავე მეცნიერებმა შენიშნეს. ეს აღმოჩენა ამგვარი რთული სისტემების ფორმირების შესახებ მეტის გაგების საშუალებას გვაძლევს, ამიტომ უმნიშვნელოვანესია.
კომენტარები