ახალი კვლევის თანახმად, ჩვენმა ატომებმა ოდესღაც გალაქტიკის მიღმა გააღწია — როგორ
ახალი კვლევის თანახმად, ჩვენს სხეულში არსებული ატომების უმეტესობა, სავარაუდოდ, მილიონობით წლის განმავლობაში ირმის ნახტომის გარშემო მოგზაურობდა, სანამ ჩვენს გალაქტიკაში დაბრუნდებოდა. ეს იქამდე უნდა მომხდარიყო, სანამ მზის სისტემა ჩამოყალიბდებოდა.
სამყაროს ელემენტების უდიდესი ნაწილი, წყალბადისა და ჰელიუმის გარდა, ვარსკვლავებში მიმდინარე პროცესების შედეგად წარმოიშვა, მაგალითად ბირთვული სინთეზისას ან ვარსკვლავთა აფეთქებისას, რასაც სუპერნოვა ეწოდება. ეს ნაწილაკები ქმნის გიგანტურ ღრუბლებს, რომლებიც დროთა განმავლობაში კონდენსირდება და ახალ ვარსკვლავებს, პლანეტებს, მათ თანამგზავრებსა და სხვა კოსმოსურ ობიექტებს აყალიბებს. სწორედ ასე წარმოიშვა ის ე.წ. საშენი მასალაც, რომელიც ადამიანის სხეულის შემადგენელი გახდა.
მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ვარსკვლავების აფეთქებით წარმოქმნილი მატერია კოსმოსში ნელა გადაადგილდებოდა და საბოლოოდ ახალი ვარსკვლავური სისტემების ნაწილად იქცეოდა. ამის მიუხედავად, 2011 წელს გაირკვა, რომ ზოგიერთი ელემენტი, როგორიცაა ჟანგბადი და რკინა, შეიძლება გალაქტიკიდან გამოდევნილიყო და მის გარშემო არსებულ სივრცეში ემოგზაურა.
უკანასკნელი კვლევა ცხადყოფს, რომ ამ პროცესში ნახშირბადის ატომებიც მონაწილეობდა, რომლებიც ადამიანის სხეულის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. მეცნიერებს აქამდე მიაჩნდათ, რომ ნახშირბადი ძალიან მსუბუქი იყო იმისთვის, რომ გალაქტიკებიდან "გაჟონილიყო". ახლა დადგინდა, რომ ეს გავრცელებული ელემენტი კოსმოსურ დინებებში თავისუფლად შეიძლება ჩაერთოს. აქედან ასკვნიან, რომ ჩვენს სხეულში არსებული ნახშირბადი, ჟანგბადი და რკინა, სავარაუდოდ, ირმის ნახტომის გარეთ მოგზაურობდა, სანამ უკან დაბრუნდებოდა და ცოცხალი ორგანიზმების, მათ შორის ადამიანის, საშენ მასალად იქცეოდა.
ამ აღმოჩენას საფუძვლად ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის სპექტროგრაფის მიერ მოპოვებული მონაცემები დაედო. სპეციალისტებმა გამოიკვლიეს, როგორ იცვლებოდა შორეული კვაზარების (აქტიური გალაქტიკური ბირთვი) სინათლე, როდესაც ის ვარსკვლავთწარმომქმნელი გალაქტიკების გარშემო სივრცეში აღწევდა. აღმოჩნდა, რომ ნახშირბადის ატომები შესაძლოა, გალაქტიკის ცენტრიდან 400 000 სინათლის წლის მოშორებითაც კი მოხვდეს — ეს ირმის ნახტომის სიგანეს დაახლოებით ოთხჯერ აღემატება.
სამანტა გარზა, ვაშინგტონის უნივერსიტეტში მომუშავე მკვლევარი, აღნიშნავს, რომ მსგავსი კოსმოსური დინებები მატარებლების გიგანტურ სადგურს ჰგავს, რომელიც გალაქტიკებიდან მატერიას გამოდევნის და უკანაც აბრუნებს. ამ პროცესის შესწავლა მეცნიერებს საშუალებას აძლევს უკეთ გაიგონ, როგორ გადაადგილდება და გარდაიქმნება მატერია სამყაროში ან რა როლს ასრულებს ეს გალაქტიკების ევოლუციაში.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები