STEM საზოგადოების ორგანიზებით 11 დეკემბერს, 17:00-ზე, საპროტესტო მსვლელობა გაიმართება
"ქართული ოცნების" არაკონსტიტუციურ ქმედებებსა და მოქალაქეების მიმართ ძალადობას სამეცნიერო-ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე ადამიანებიც აპროტესტებენ — როგორც მეცნიერები, ასევე ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები.
11 დეკემბერს, 17:00-ზე, STEM საზოგადოების ორგანიზებით საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება. მონაწილეები განათლების სამინისტროს შენობიდან (დიმიტრი უზნაძის N52) დაიძვრებიან პარლამენტის მიმართულებით.
STEM საზოგადოების ფეისბუკგვერდზე ვკითხულობთ, რომ "აქცია-მსვლელობა სრულად იზიარებს ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის მოთხოვნებს".
თავად მოთხოვნები შემდეგნაირია:
- მოვითხოვთ ხელახალი არჩევნების ჩატარებას!
- მოვითხოვთ რეჟიმის პოლიტპატიმრების გათავისუფლებას;
- ვეწინააღმდეგებით ძალადობას მოქალაქეების მიმართ;
- ვგმობთ არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან კონსტიტუციის უგულებელყოფას, მათ შორის, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დარღვევასა და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევას.
ორგანიზატორები სფეროში მომუშავე ადამიანებს აქცია-მსვლელობაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ:
"მოგმართავთ ტექნოლოგიური და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებს, რომ შემოგვიერთდეთ და ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია იმ საკითხებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს თავისუფლებასა და ევროპულ მომავალს".
თუ გსურთ, თანამოაზრეებს შეუერთდეთ, აქცია-მსვლელობაზე მეტს ამ ბმულიდან გაიგებთ.
კომენტარები