ახალი ნამარხი დინოზავრების ევოლუციის ისტორიას თავდაყირა აყენებს
პალეონტოლოგებმა აღმოაჩინეს ნამარხი, რომელიც ზავროპოდომორფების ჯგუფში შემავალი დინოზავრების ახალ სახეობას ეკუთვნის. ის Ahvaytum bahndooiveche-ს სახელითაა ცნობილი და ჩრდილოეთ ნახევარსფეროში იყო გავრცელებული, სუპერკონტინენტ ლავრაზიის მიმდებარედ.
ეს არსებები გვიან ტრიასული პერიოდის კარნულ ხანაში ცხოვრობდნენ, დაახლოებით 230 მილიონი წლის წინ. უკანასკნელი მიგნება მნიშვნელოვანია, რადგან აქამდე მიიჩნეოდა, რომ დინოზავრების წარმოშობა სამხრეთ ნახევარსფეროს მაღალ განედებთან იყო დაკავშირებული, კერძოდ კი სუპერკონტინენტ გონდვანასთან.
აქამდე ნამარხი მტკიცებულებები მიანიშნებდა, რომ გონდვანის დინოზავრების სახეობები და ლავრაზიის უძველესი დინოზავრები ერთმანეთისგან 6-დან 10 მილიონ წლამდე შუალედით იყვნენ განცალკევებულნი. Ahvaytum bahndooiveche-ის აღმოჩენამ ეს თეორია ეჭვქვეშ დააყენა, რადგან აღნიშნული სახეობა გონდვანის ადრეულ დინოზავრებთან თანადროულად ცხოვრობდა.
მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, Ahvaytum bahndooiveche ლავრაზიაში არსებული ჩვენთვის ცნობილი უძველესი დინოზავრია. ის მნიშვნელოვანი კლიმატური ცვლილებების პერიოდში იყო გავრცელებული, რომელსაც კარნულ-პლუვიალური მოვლენა ეწოდება. ამ დროს კლიმატი გაცილებით ნალექიანი და ტენიანი გახდა, რის შედეგადაც უდაბნოს ვრცელი ტერიტორიები ცხოველებისთვის უფრო ხელსაყრელ გარემოდ გარდაიქმნა. ასეთი ცვლილება დინოზავრების სახეობათა დივერსიფიკაციასთან ასოცირდება.
Ahvaytum bahndooiveche თავიდან კუდამდე სულ რაღაც ერთი მეტრი სიგრძისა იყო. მკვლევართა თქმით, მისი ზომა ქათმისას ჰგავდა, თუმცა ძალიან გრძელი კუდი ჰქონდა. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ დინოზავრები თავიანთი ევოლუციის დასაწყისში ისეთი გიგანტურები არ იყვნენ, როგორებიც მოგვიანებით გახდნენ.
ახალი ნამარხი სპეციალისტებმა ვაიომინგში მდებარე პრეისტორიულ ფორმაციაში აღმოაჩინეს. ამავე ადგილას პალეონტოლოგებმა სილეზავრიდის, დინოზავრის მსგავსი არსების, განამარხებულ ძვალსაც მიაგნეს.
მეცნიერების თქმით, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში 230 მილიონი წლის ზავროპოდომორფისა და სილეზავრიდის თანაარსებობა ეჭვქვეშ აყენებს იდეას, რომ დინოზავრები გონდვანიდან გაცილებით გვიან გავრცელდნენ. ასევე, ეს დაგვეხმარება, რომ ზავროპოდომორფების ევოლუციის ადრეული ისტორია უკეთ შევისწავლოთ და ამ არსებების შესახებ მეტი გავიგოთ.
კვლევის შედეგები გამოცემა Zoological Journal of the Linnean Society-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები