მეცნიერებმა გამოქვაბულში პრეისტორიული სამგანზომილებიანი რუკა აღმოაჩინეს
პარიზის სამხრეთით მდებარე ვიწრო გამოქვაბულში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ხელოვნურად დამუშავებული ზედაპირი, რომელიც პრეისტორიული მონადირე-შემგროვებლების მიერ შექმნილი სამგანზომილებიანი რუკა შეიძლება იყოს. ის დაახლოებით 20 000 წლის წინანდელია და მიმდებარე ტერიტორიის მინიატიურულ მოდელს მოგვაგონებს.
გეოლოგების ვარაუდით, პრეისტორიულმა ადამიანებმა ქვის ზედაპირი გაათანაბრეს და დაამუშავეს. კერძოდ, ერთგვარი არხები, აუზები და ღრმულები გამოსახეს. როდესაც წყალი მათში მიედინებოდა, მდინარეების, დელტების, აუზებისა და ბორცვების ბუნებრივი ლანდშაფტის "ორეული" ჩნდებოდა და გარემოს სურათს აცოცხლებდა.
აღსანიშნავია, რომ ეს რუკა ხეობის ზუსტი გეოგრაფიული ასლი არაა. ლანდშაფტის მხარეები გამოქვაბულის ფსკერზე შებრუნებულად ჩანს, სავარაუდოდ, გამოქვაბულის ბუნებრივი დაქანების გათვალისწინებით. სპეციალისტების თქმით, ამის მიუხედავად, გამოსახულებები აშკარად კარტოგრაფიული ხასიათისაა.
წყლის დინების ნიმუშები მიუთითებს, რომ ეს მდინარის სისტემის საგულდაგულოდ გაწერილი სქემა იყო, რომელიც გამოქვაბულის გარეთ მდებარე ხეობას წააგავს. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ეს სქემა პრეისტორიული ადამიანების აბსტრაქტული აზროვნების უნარსა და შემოქმედებით შესაძლებლობებს წარმოაჩენს.
გამოქვაბული, სახელად Ségognole 3, საფრანგეთის ქვიშაქვის კომპლექსის ნაწილია, სადაც ქვის ხანის 2000-ზე მეტი გრავიურაა აღმოჩენილი. მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ზედა პალეოლითს მიეკუთვნება — ეპოქას, როცა ადამიანთა დასახლებები პირველად იწყებდა ფორმირებას.
ამ პერიოდიდან მცირეოდენი მსგავსი ნიმუშია შემორჩენილი, მაგალითად ბოლოს Ségognole 3-ში ცხენის ორ გამოსახულებას მიაგნეს, რომლებიც გამოქვაბულის დახრილ კედლებზეა ამოკვეთილი. ისინი სამკუთხედს ქმნის, რომელიც ქალის სხეულის ნაწილებს წააგავს. წყალი იქაც მიედინება.
საქმე ისაა, რომ წვიმის დროს წვეთები ბზარებიდან ჟონავს და ძირს არსებულ ღრმულებში გროვდება. ერთ-ერთი დიდი აუზი "წყლის კოშკის" ფუნქციას ასრულებს და სითხის ნაკადს გამოქვაბულის სიღრმეებისკენ მიმართავს.
ქვემოთ წყალი ორ ნაწილად იყოფა: ერთი განშტოება ზემოხსენებული სამკუთხედის გავლით მიედინება, ხოლო მეორე რუკაზე ვრცელდება. ზოგიერთი მახასიათებელი, როგორიცაა ბორცვები, მღვიმის გარეთ მდებარე ლანდშაფტს ცხადად მოგვაგონებს. მაგალითად, განირჩევა ხეობის პლატო, ხოლო ღარები მდინარე ეკოლსა და მის შენაკადებს შეესაბამება.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ეს უბრალოდ გეოგრაფიული რუკა არაა, არამედ ხეობის სივრცული და ბუნებრივი მახასიათებლების ურთიერთდამოკიდებულებას წარმოაჩენს. ისინი აღნიშნავენ, რომ მსგავსი გრავირებები ხშირად დასახლებებს ან სანადირო ზონებს ასახავს, მაგრამ მთელ ლანდშაფტს — იშვიათად.
ავტორები ამბობენ, რომ პრეისტორიული გამოსახულებების ინტერპრეტაცია სირთულეებთანაა დაკავშირებული, ამიტომ რაიმეს დაზუსტებით თქმა ძნელია. თუ ეს მართლაც რელიეფის 3D რუკაა, ის შესაძლოა, სხვადასხვა მიზნით გამოყენებულიყო, როგორიცაა ნადირობის, ინფორმაციის გადაცემა, ამბის თხრობა ან წყალთან დაკავშირებული რიტუალები.
ამის შესახებ ნაშრომი გამოცემაში Oxford Journal of Archaeology გამოქვეყნდა.
კომენტარები