ნახეთ: ასტრონავტმა კოსმოსიდან შთამბეჭდავი პოლარული ციალი გადაიღო
დონ პეტიტი, NASA-ს გამოცდილი ასტრონავტი, საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან (ISS) გადაღებული დედამიწის გასაოცარი ხედებით კვლავ გვანებივრებს. ცოტა ხნის წინ მან თავისი კამერა პოლარული ნათებისკენ (ავრორა) მიმართა და სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა ვიდეო, რომელშიც ეს გასაოცარი ფენომენი ღამით განათებული ქალაქების ელვარების ფონზე მოჩანს.
"გადაფრენა ავრორას თავზე: ინტენსიურად მწვანე", — დაწერა პეტიტმა 6 იანვარს გამოქვეყნებულ პოსტში, თუმცა არ გაუმახვილებია ყურადღება, თუ დედამიწის რომელი ნაწილი მოხვდა კამერის ობიექტივში.
პეტიტი ISS-ზე სოიუზის ტიპის რუსული ხომალდით სექტემბერში გაემგზავრა. მალევე, ოქტომბერში, მან გადაიღო ხანგრძლივი ექსპოზიციის უნიკალური ფოტო, რომელზეც ჩრდილოეთ მექსიკის ქალაქების სინათლე კაშკაშა და დინამიკურ ხაზებად მოჩანს. იმავე თვეში პეტიტმა აღბეჭდა წყლის "სფერო", რომელიც იუპიტერს მოგვაგონებს. ეს ფერადი ნიმუში მან ISS-ზე საკვების საღებავის გამოყენებით შექმნა.
ნოემბერში პეტიტმა SpaceX-ის რაკეტა Starship-ის მიერ ატმოსფეროში დატოვებული კვალი დააფიქსირა. დეკემბერში კი მან გაგვიზიარა შორეული ვარსკვლავებისა და გალაქტიკების შთამბეჭდავი ფოტო, რომელიც ვარსკვლავებზე დასაკვირვებელი ხელნაკეთი ხელსაწყოს დახმარებით გადაიღო.
ახალი წლის დადგომისთანავე, 1-ელ იანვარს, პეტიტმა კვლავ გაგვაოცა — ამჯერად პოლარული ციალის შესანიშნავი სურათით.ფოტოზე წითელი და მწვანე ავრორებია გამოსახული:
69 წლის პეტიტის ამჟამინდელი მისია, რომელიც ექვს თვეს გაგრძელდება, მისი მეოთხე კოსმოსური მოგზაურობაა. ის NASA-ს ასტრონავტთა კორპუსის ყველაზე ასაკოვანი აქტიური წევრია. წლების განმავლობაში მან არაერთ მნიშვნელოვან მისიაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ორი ISS-ზე 2002–2003 და 2011–2012 წლებში განხორციელდა. გარდა ამისა, 2008 წელს ის ორბიტაზე განთავსებულ მოძრავ ლაბორატორიაში ორკვირიანი მისიითაც იმყოფებოდა.
კომენტარები