შესაძლოა, ანტარქტიდაზე ყინულის დნობამ 100 ფარული ვულკანის ამოფრქვევა გამოიწვიოს
ანტარქტიდის ყინულის საფარქვეშ შესაძლოა, ნელი და ფარული კლიმატური პროცესები მიმდინარეობდეს.
ეს კონტინენტი, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად ტრანსანტარქტიკული მთებით იყოფა, ცნობილ ვულკანებს მოიცავს, როგორიც, მაგალითად, ერებუსია, თავისი ლავის ტბით. ამასთან, ანტარქტიდაზე მიმოფანტულია კიდევ ასამდე პატარა და ნაკლებად შესამჩნევი ვულკანიც. მათი ნაწილიც ზედაპირზე ჩანს, თუმცა უმეტესობა ყინულის საფარის ქვეშ რამდენიმე კილომეტრ სიღრმეშია "მიმალული".
კლიმატის ცვლილების გამო ანტარქტიდის ყინული დნება, რისი გლობალური ეფექტიც მსოფლიოში ზღვის დონეს მატებაა. ადგილობრივი მასშტაბით კი ყინულის დაკარგვა ამცირებს წონას, რომელსაც ქვემოთ მდებარე ქანებზე აქვს გავლენა, ეს კი ახალ პროცესებს განაპირობებს.
მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ყინულის დნობა სუბყინულოვან ვულკანებში აქტივობის გაძლიერებას იწვევს. ამ საკითხის შესახებ მეტის გასაგებად მათ 4 000 კომპიუტერული სიმულაცია შექმნეს და დაადგინეს, რომ ყინულის თანდათანობითი დნობა შესაძლოა, ანტარქტიდაზე ხშირი და მასშტაბური სუბყინულოვანი ამოფრქვევების მიზეზი გახდეს.
საქმე ისაა, რომ როდესაც ყინული დნება, ზედაპირის ქვეშ არსებულ მაგმის შემცველ რეზერვუარებზე მისი გავლენა მცირდება. ამის შედეგად ეს ცხელი მასა გაფართოებას იწყებს და რეზერვუარის კედლებზე ზეწოლას ზრდის. ზოგიერთ შემთხვევაში, იქ დაგროვილია აქროლადი აირები, რომლებიც, ჩვეულებრივ, მაგმაშია გახსნილი. ამის მიუხედავად, როდესაც ყინულის ზეწოლა მცირდება, აირების აქტიურად გამოყოფა იწყება, რაც წნევის კიდევ უფრო მომატებას იწვევს და, საბოლოოდ, ვულკანურ ამოფრქვევას განაპირობებს.
ამოფრქვევები ხშირად ზედაპირზე უხილავია, მაგრამ ამას ყინულზე გავლენა მაინც აქვს. კერძოდ ვულკანური სითბო სიღრმეში დნობას უწყობს ხელს, რაც ყინულის საფარს ასუსტებს და შეიძლება, ახალ ამოფრქვევებსაც დაედოს საფუძვლად. ამ პროცესს "უკუკავშირის მარყუჟი" ეწოდება, სადაც დნობა ვულკანურ აქტივობას იწვევს, რაც, თავის მხრივ, თავად დნობასვე აჩქარებს.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ზემოხსენებული პროცესი ძალიან ნელა, საუკუნეების განმავლობაში, მიმდინარეობს. ეს ნიშნავს, რომ მაშინაც კი, თუ გლობალურ დათბობას შევაჩერებთ, ანტარქტიდის ვულკანები მაინც შეიძლება გააქტიურდეს.
ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Geochemistry, Geophysics, Geosystems გამოქვეყნდა.
კომენტარები