NASA მარსის ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას გეგმავს
NASA-ში მარსის მავალის (Perseverance) მიერ შეგროვებული ნიმუშების დედამიწაზე დაბრუნებაზე ალაპარაკდნენ.
სამშაბათს, 7 იანვარს, თბილისის დროით საღამოს 9 საათზე ამ ამბავზე ბევრად მეტს შევიტყობთ. NASA-ს ადმინისტრატორი ბილ ნელსონი და ასოცირებული ადმინისტრატორი ნიკი ფოქსი შესაბამის მისიაზე საზოგადოებას ახალ ინფორმაციას მიაწოდებენ.
"ბრიფინგისას შევიტყობთ იმას, თუ როგორ გეგმავს NASA მარსის ნიმუშების დედამიწაზე დაბრუნებას", — აღნიშნა NASA-ს თანამშრომელმა, ჯესიკა ტავრომ.
ღონისძიების ნახვა აქ შეგვეძლება:
ESA-სა და NASA-ს მარსის ნიმუშების ერთობლივად ჩამოტანა დიდი ხანია უნდათ.
ამ ყველაფერზე სერიოზულად ფიქრი 2021 წლიდან დაიწყო. ეს მას შემდეგ რაც მარსის მავალმა Perseverance-მა წითელი პლანეტის კლდის საინტერესო ნიმუშები შეაგროვა. ნიმუშები ამჟამად მარსის ზედაპირზე მდებარე კასრებშია, რომლებიც შემდეგი მისიების ფარგლებში უნდა ჩამოიტანონ.
2023 წელს მარსის ნიმუშის ჩამოტანის პერსპექტივა საეჭვო გახდა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი მიმოხილვის თანახმად, ეს მარტივი არ იქნებოდა. მაშინ აღინიშნა, რომ მისია შეიძლება დამჯდარიყო იმაზე ძვირი, ვიდრე აქამდე წარმოედგინათ.
ამას მოჰყვა NASA-ს ბიუჯეტის შემცირებაც, რამაც საბოლოოდ ეჭვ ქვეშ დააყენა მარსის ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანა. ექსპერტები ალაპარაკდნენ იმაზეც, რომ ნიმუშების ჩამოტანა ძალიან დიდი ხნით გადაიწევდა, თუმცა NASA-ს ადმინისტრატორის თქმით, ეს ასე არ არის. ბილ ნელსონმა აღნიშნა, რომ სააგენტო ეძებს ისეთ გზებს, რომლებიც შეამცირებს მისიის ღირებულებას და ნიმუშები 2040 წლისათვის დედამიწაზე იქნება.
და, აი, ახლა, როგორ ჩანს, ბრიფინგზე ამ ყველაფერზე ბევრად მეტს შევიტყობთ. ეს მისია წითელი პლანეტის ევოლუციისა და ისტორიის შესასწავლად უმნიშვნელოვანესია.
კომენტარები