ახალი კვლევის თანახმად, 60 მილიონი წლის წინ პრიმატების უმეტესობას ტყუპები უჩნდებოდათ, მაგრამ ეტაპობრივად, ევოლუციური უპირატესობის მოსაპოვებლად, ეს შეწყდა.

დასავლეთ ვაშინგტონისა და იელის უნივერსიტეტების ანთროპოლოგებმა ძუძუმწოვრების ოჯახები გამოიკვლიეს, რათა პასუხები მიეღოთ ადამიანის სხეულისა და ტვინის ზომასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე.

შედეგად მათ დაადგინეს, რომ დღეს პრიმატების უმრავლესობა ტყუპებს იშვიათად აჩენს. პრიმატები, როგორც წესი, ერთ ჯერზე ერთ შთამომავალს აჩენენ.

თუმცა, 60 მილიონი წლის წინ, ტყუპების ყოლა ნორმა იყო პრიმატებს შორის. სავარაუდოა, რომ ევოლუციის ის მომენტი, როდესაც პრიმატები ერთი შთამომავლის გაჩენაზე გადავიდნენ, ემთხვევა ენცეფალიზაციას — ტვინის ზომისა და სირთულის ევოლუციურ ზრდას.

ტყუპები შეიძლება იშვიათი იყოს დღეს, მაგრამ Humans-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ამ პროცესმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ძუძუმწოვრების ევოლუციაში და განსაზღვრა, ექნება თუ არა სახეობას ხანგრძლივი თუ მოკლე სიცოცხლე.

ჯერ იყვნენ ტყუპები, შემდეგ ერთი შთამომავალი

კვლევის ავტორები ჯეკ მაკბრაიდი და ტესლა მონსონი რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდნენ ამ ფენომენს. კვლევაში მათ აღნიშნეს, რომ ძუძუმწოვრების ევოლუციის ამ მომენტს, ადამიანის ჩამოყალიბებაზეც ბევრი რამის თქმა შეუძლია.

მათ 1000-მდე ძუძუმწოვართა ნარჩენების ზომა შეადგინეს მათემატიკური ალგორითმების გამოყენებით. ისინი ეძებდნენ საჯარო მონაცემთა ბაზებს, რათა შეეგროვებინათ ანთროპოლოგიური მონაცემები გესტაციისა და სხეულის ზომის შესახებ. მათ ჩაატარეს სტატისტიკური ტესტები ამ ურთიერთქმედების შემდგომი შესწავლისთვის.

კვლევამ აჩვენა, რომ მახასიათებელი მნიშვნელოვნად იყო დაკავშირებული გესტაციის ხანგრძლივობასთან. მრავალნაყოფიანი პრიმატების ორსულობა, ტყუპებზე ან სამზე ერთად, შეესაბამებოდა მცირე ტვინისა და სხეულის ზომებს. ეს ასევე დაკავშირებული იყო ხანმოკლე ორსულობასთან და ნაყოფის სწრაფ ზრდასთან.

ადამიანებს ცხოველებისგან განასხვავებთ სიცოცხლის ხანგრძლივობა, ნელი ზრდა, ხანგრძლივი ორსულობა და დიდი ტვინი. შესაბამისად, ეს თანხვედრაშია იმასთან, რომ ჩვენს უძველეს წინაპრებს ეტაპობრივად რამდენიმე ნაშიერის ერთდროულად გაჩენა უნდა შეემცირებინათ. სწორედ დროის ამ პერიოდში (60 მილიონი წლის წინ) ჩვენს უძველეს წინაპრებში გაიზარდა ტვინი და დაიწყო კომპლექსური უნარების ჩამოყალიბება.

მეტი სივრცე, უფრო დიდი ტვინი

მკვლევრების თქმით, პრიმატებისთვის ერთი შთამომავლის ყოლა უფრო კომფორტული იყო. ამის მიზეზი ნაყოფის ტვინის ზრდა და ის პერიოდი იყო, რაც მშობიარობისთვისაა საჭირო.

როგორც ჩანს, ეს საჭიროება ბოლო 60 მილიონი წლის განმავლობაში გამოიკვეთა. ამიტომ, სწორედ 60 მილიონი წლის წინ იყო პრიმატებში ტყუპების დაბადება ძალიან ხშირი და ეს ეტაპობრივად სულ უფრო შემცირდა.

კვლევა ჟურნალ Humans-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.