საკარაში 4100 წლის აკლდამა აღმოაჩინეს, რომელიც ფარაონების ექიმს ეკუთვნოდა
ეგვიპტეში, საკარაში, 4 100 წლის აკლდამა აღმოაჩინეს. იგი ექიმს ეკუთვნოდა, რომელიც "თავად ფარაონის მკურნალი იყო".
მკვლევართა მიერ გამოქვეყნებული ბლოგპოსტის მიხედვით, საფლავი ექიმს, სახელად ტეტინებეფუს, ეკუთვნოდა. აკლდამაში არსებული არტეფაქტები გაძარცვული აღმოჩნდა, თუმცა არქეოლოგებმა კედელზე გამოსახული ნახატები და იეროგლიფები შეისწავლეს. მათზე ექიმის პოზიციაა დატანილი; გვხვდება ისეთი საგნებიც, რომლებსაც, სავარაუდოდ, იგი სამედიცინო პრაქტიკაში იყენებდა.
ექიმს "ღვთაება სერკეტის ჯადოქრის" სტატუსით იცნობდნენ. ეგვიპტურ მითოლოგიაში სერკეტი მორიელებთანაა კავშირში, რომელსაც, ხალხის რწმენით, მორიელის ნაკბენისგან მათი დაცვა შეეძლო.
ფილიპ კოლომბერტის, კვლევის ხელმძღვანელისა და ჟენევის უნივერსიტეტის ეგვიპტოლოგის, განმარტებით, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ტეტინებეფუ შხამიანი ნაკბენების სპეციალისტი იყო.
იეროგლიფებში ექიმი "სამედიცინო მცენარეების დირექტორადაც" არის მოხსენიებული. კოლომბერტის თქმით, მსგავსად მხოლოდ ერთი სხვა ძველეგვიპტური აღმოჩენაა დასათაურებული. იეროგლიფებზე დატანილია სტატუსი "მთავარი სტომატოლოგიც", რომელიც ასევე იშვიათია. ამ წარწერების მიხედვით, ტეტინებეფუ თავის პროფესიაში განთქმული უნდა ყოფილიყო.
"იგი სამეფო კარის მთავარი ექიმი იყო, ამიტომ თავადვე უმკურნალებდა ფარაონს", — თქვა კოლომბერტმა.
ექიმის აკლდამაში კედლები ფერადი ნახატებითაა შემკული, რომლებზეც სხვადასხვა ტიპის ჭურჭელია ასახული, იქნება ეს ქილები თუ ლარნაკის მსგავსი საგნები. გვხვდება აბსტრაქტული გამოსახულებები და გეომეტრიული ფიგურებიც.
"კედლები მთლიანად არის დეკორირებული კაშკაშა, ცოცხალი ფერებით! მარტივად დაგავიწყდებათ, რომ ისინი 4 ათასი წლისაა", — ვკითხულობთ ბლოგპოსტში.
უცნობია, კონკრეტულად რომელ ფარაონებს მკურნალობდა ტეტინებეფუ. შესაძლოა, მათ შორის იყოს პეპი II (იგი ძველ ეგვიპტეს დაახლოებით ძვ. წ. 2246-2152 წლებში მართავდა) ან ოდნავ გვიან მოღვაწე სხვა ფარაონები.
პეპი II-ის მეფობისას ეგვიპტე ერთიანი იყო და პირამიდები ჯერაც შენდებოდა. მისი მმართველობის დასრულების შემდეგ სახელმწიფოს დანაწევრება დაიწყო და მეტი ძალაუფლება ნომარქოსებმა მოიპოვეს. ეგვიპტელები ეს პირველ გარდამავალ პერიოდამდე მიიყვანა, რომელიც დაახლოებით ძვ. წ. 2150-იდან 2030 წლამდე გაგრძელდა.
კოლომბერტის თქმით, ახლად აღმოჩენილ აკლდამაში ადამიანის ნეშტი არ უპოვიათ. გარდა ნახატებისა და იეროგლიფებისა, საფლავი "თითქმის სრულადაა გაძარცვული".
აკლდამის ანალიზი ჯერაც გრძელდება, ახალ მიგნებებს კი მეცნიერებისგან სამომავლოდ უნდა ველოდეთ.
კომენტარები