ალბათ, ყველას სმენია სიტყვები: "მილენიალი", "Gen Z", "Gen X", "Gen Alpha" — ისინი სხვადასხვა თაობას აღნიშნავს. მაგალითად, მილენიალები 1981-1996 წლებში დაბადებულ ადამიანებს ეწოდებათ, Gen Z-ს კი მიეკუთვნება ყველა, ვინც 1997-2012 წლებს შორის გაჩნდა.

ამის შემდეგ თაობა ალფა მოდის, ანუ 2024 წლის ჩათვლით დაბადებულები. შესაბამისად, 2025 წელი სრულიად ახალი თაობის დასაწყისია და მას ბეტა ეწოდება.

თითოეული თაობა კულტურული, ტექნოლოგიური და სოციალური გარემოს მიხედვით განისაზღვრება, რომელსაც ამ ადამიანების ქცევასა თუ სხვა მახასიათებლებზე აქვს გავლენა. ყოველი ასეთი დროითი კატეგორია დაახლოებით 15-წლიან პერიოდს მოიცავს და მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებთანაა დაკავშირებული.

მილენიალები და Gen Z სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების ეპოქაში დაბადებულები არიან, ალფა კი — ჭკვიანი ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI). ვინაიდან ეს სფეროები დღითიდღე ვითარდება, თაობა ბეტა იცხოვრებს ისეთ მსოფლიოში, სადაც AI და ავტომატიზაცია ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იქნება.

"სავარაუდოდ, ეს იქნება პირველი თაობა, რომელიც ყოველდღიურობაში უკვე მასობრივად გამოცდის ავტონომიურ ტრანსპორტირებას, სამედიცინო ფუნქციის ტარებად ტექნოლოგიებსა და იმერსიულ ვირტუალურ გარემოს.

მათი ჩამოყალიბების წლების განმავლობაში მეტი ყურადღება დაეთმობა პერსონალიზაციას — AI ალგორითმები მათი სწავლის, შოპინგისა თუ სოციალური ინტერაქციების საჭიროებას მოერგება იმ გზით, რომლის წარმოდგენაც დღეს მხოლოდ ნაწილობრივ შეგვიძლია", — წერია მარკ მაკრინდლის კომპანიის ბლოგპოსტში. ესაა მკვლევარი და ფუტურისტი, რომელმაც ტერმინი "თაობა ალფა" დაამკვიდრა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ თაობა ბეტას მშობლები სოციალური მედიის ეპოქაში გაიზარდნენ, ამიტომ დადებითთან ერთად, მისი უარყოფითი გავლენის შესახებაც იციან. აქედან გამომდინარე, მათ შვილების მიერ ტექნოლოგიების გამოყენებისას ბალანსის დაცვის კონტროლი, წესით, არ გაუჭირდებათ.

პროგნოზის მიხედვით, 2035 წლისთვის თაობა ბეტა გლობალური პოპულაციის 16%-ს დაიკავებს და ბევრი მათგანი 22-ე საუკუნეშიც გადააბიჯებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.