ნახეთ: ბნელი ენერგიის კამერამ ათასობით გალაქტიკა გადაიღო
ასტრონომებმა ღრმა კოსმოსის ახალი სურათი გადაიღეს, რომელზეც ათასობით შორეული გალაქტიკაა ნაჩვენები. ამის შესაძლებლობა მათ ბნელი ენერგიის კამერამ (DECam) მისცა, რომელიც ჩილეში მდებარე სერო-ტოლოლოს ამერიკათშორისი ობსერვატორიის ვიქტორ ბლანკოს სახელობის 4-მეტრიან ტელესკოპზეა დამონტაჟებული.
სურათზე აღბეჭდილია Antlia Cluster, იგივე Abell S0636 — გალაქტიკების მჭიდრო შეჯგუფება, რომელიც ჰიდრა-კენტავრის სუპერშეჯგუფების ნაწილია. ის დედამიწიდან დაახლოებით 130 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, ფოტოზე კი მის მცირე ნაწილს ვხედავთ, დაახლოებით 230 გალაქტიკას. ამის მიუხედავად, ფონზე სხვადასხვა ტიპის ათასობით სხვა გალაქტიკა ჩანს.
DECam ბნელი ენერგიის კვლევითი პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელიც 2013-2019 წლებში მიმდინარეობდა. ამ პერიოდში ასტრონომებმა ასობით მილიონი გალაქტიკა შეისწავლეს, რათა ბნელი ენერგიის ბუნების შესახებ მეტი გაეგოთ. ესაა იდუმალი ძალა, რომელიც სამყაროს გაფართოების პროცესს აჩქარებს და თანამედროვე კოსმოლოგიაში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო საკითხად რჩება. იგივე შეიძლება ითქვას ბნელ მატერიაზე, რომელიც უხილავია, მაგრამ გალაქტიკებს ერთიანობას უნარჩუნებს და სამყაროს მასის დიდ ნაწილზეა პასუხისმგებელი.
გალაქტიკათა შეჯგუფებები ამ ორი ფენომენის შესწავლის უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს. მათში არსებული ხილული მატერია მთლიან მასის მხოლოდ 5%-ს შეადგენს. დანარჩენი, დაახლოებით 80%, ბნელ მატერიად მიიჩნევა, რომელიც თავისი გრავიტაციული ძალით მთელ სტრუქტურას აერთიანებს.
DECam-მა ასტრონომებს საინტერესო რეგიონების დეტალურად დანახვის საშუალება მისცა. მათ შორისაა გალაქტიკებს შორის არსებული გადახურებული პლაზმა და ახლომდებარე სუპერნოვას (აფეთქებული ზეახალი ვარსკვლავი) ნარჩენის სუსტი სინათლე.
ამ სურათებსა და მონაცემებს მხოლოდ ესთეტიკური ღირებულება არ აქვს, არამედ სამყაროს ფუნდამენტურ პროცესებშიც გვახედებს. შესაბამისად, ასეთი კვლევები კოსმოლოგიურ კითხვებზე პასუხის გასაცემად უმნიშვნელოვანესია.
კომენტარები