NASA მარსის ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას გეგმავს და სამშაბათს შევიტყვეთ, რომ სააგენტომ ამისთვის შეიძლება ილონ მასკის კომპანია Space X ან ჯეფ ბეზოსის Blue Origin გამოიყენოს. სააგენტო ამით წითელი პლანეტის ნიმუშების ჩამოტანის ღირებულების შემცირებას შეეცდება.

მარსის მავალის (Perseverance) მიერ შეგროვებული ნიმუშების დედამიწაზე დაბრუნება თავიდან 30-იანი წლებისთვის იყო დაგეგმილი. თუმცა, ამ ყველაფრის ღირებულება ბევრად მეტი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ. ამან აიძულა კოსმოსური სააგენტო ალტერნატიული გზები ეძებნა.

ეს ყველაფერი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც შევიტყვეთ, რომ მარსის ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას ჩინეთი უკვე 2028 წლისთვის გეგმავს.

ფოტო: NASA/JPL-Caltech/MSSS

NASA-ს ადმინისტრატორმა ბილ ნელსონმა სამშაბათს განაცხადა, რომ სააგენტო ფიქრობს ორ პოტენციურ გადაწყვეტაზე, რის მიხედვითაც მარსზე სპეციალური რობოტი დაეშვება. სწორედ ამ რობოტმა უნდა წამოიღოს ნიმუშები დედამიწაზე. საბოლოო გადაწყვეტილება 2026 წლისთვის იქნება მიღებული.

ორი გეგმიდან პირველის მიხედვით, NASA-ს Sky Crane სისტემას გამოიყენებს. ეს ის სისტემაა, რომლითაც სააგენტომ მარსზე Curiosity და Perseverance დასვა.

მეორე გეგმა გულისხმობს კომერციული პარტნიორის მიერ შემუშავებულ heavy lift lander-ს. სწორედ ამ მიმართულებით შეიძლება ჩაერთოს Space X და Blue Origin.

ორივე სცენარის მიხედვით, სისტემას ექნება შემცირებული Mars Ascent Vehicle — მსუბუქი რაკეტა, რომელიც შექმნილია ნიმუშების მარსის ორბიტაზე გასაშვებად. ამასთან, NASA-ში გეგმავენ გამოიყენონ ბირთვული ბატარეა სითბოსა და ენერგიისთვის.

NASA-ს შეფასებით, ხარჯები შეიძლება მერყეობდეს 6.6 მილიარდი დოლარიდან 7.7 მილიარდ დოლარამდე. ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე თავდაპირველი გეგმით გათვალისწინებული 11 მილიარდი დოლარი.

კომერციულ პროვაიდერებთან პარტნიორობამ ხარჯები შეიძლება კიდევ უფრო შეამციროს. რაც შეეხება ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას, სავარაუდოდ ეს 2035 წლისთვის მოხდება, 2040 წლის მაგივრად.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.