11 დეკემბერს, ღამის 10 საათისთვის, ფეისბუკი და მესენჯერი გლობალურად შეფერხებით მუშაობს. პრობლემები აქვს Meta-ს სხვა სერვისებსაც: Instagram-ს, Whatsapp-სა და Threads-საც. კომპანია შეფერხებას ადასტურებს და ხარვეზების აღმოფხვრაზე უკვე მუშაობს.

ხარვეზების არსებობას პლატფორმა Downdetector მოწმობს, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლებს პრობლემების შეტყობინების საშუალებას აძლევს. Meta-ს სერვისებთან დაკავშირებით შეტყობინებები უმეტესად დაახლოებით ღამის 10 საათიდან შევიდა.

Downdetector-ის მიხედვით, ამ დროისათვის მომხმარებელთა (სოციალური ქსელის ის მომხმარებლები, რომლებმაც Downdetector-ს პრობლემების შესახებ შეატყობინა) 57%-ს პრობლემა Facebook-ის აპლიკაციასთან შეექმნა, 33%-ს — ვებსაიტთან, ხოლო 10% სერვერთან კავშირზე ჩივის; Messenger-ზე შესვლა უჭირს მომხმარებელთა 48%-ს, შეტყობინებების გაგზავნა 34%-ს, ხოლო აპლიკაცია შეფერხებით მუშაობს 18%-თან.

ხარვეზებით მუშაობს Instagram, Whatsapp და Threads აპლიკაციებიც. ინსტაგრამსა და Threads-ზე მომხმარებლები უმეტესად აპლიკაციის შეფერხებაზე იტყობინებიან, ხოლო Whatsapp-ის შემთხვევაში კი ძირითადად შეტყობინებების გაგზავნა უჭირთ.

Meta-ს ვებსაიტზე, რომელიც რეალურ დროში სხვადასხვა სერვისის სტატუსს გვიჩვენებს, პრობლემების არსებობა ასევე დასტურდება. კომპანია გლობალურ შეფერხებას X-ზე (ყოფილი Twitter) გამოეხმაურა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პრობლემების აღმოფხვრაზე უკვე მუშაობენ:

"ვიცით, რომ ტექნიკური ხარვეზის არსებობის გამო ზოგიერთ მომხმარებელს ჩვენი აპლიკაციებით სარგებლობა უჭირს. ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მალე გამოვასწოროთ ეს და ბოდიშს ვიხდით შეწუხებისთვის".

კომპანიას არ დაუზუსტებია, რამ გამოიწვია შეფერხება, თუმცა ცნობილია, რომ მსგავსი რამ აქამდეც არაერთხელ მომხდარა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.