5 კოსმოსური ადგილი, რომელიც ჩვენი თვალისთვის უხილავია — ნახეთ სურათები
ღამის ცაზე უამრავი ობიექტია, რომელთა დანახვაც სიშორის გამო არ შეგვიძლია, თუმცა ზოგიერთ მათგანს ჩვენი თვალიც ვერ აღიქვამს. ასეთია, მაგალითად, ინფრაწითელი, რენტგენული ან რადიო გამოსხივების მქონე ადგილები, ანუ სინათლის ხილული სპექტრის მიღმა არსებული არეალები. საბედნიეროდ, თანამედროვე ტექნოლოგიამ ამ დაბრკოლების გადალახვის საშუალება მოგვცა.
მეცნიერებმა ახლახან ღრმა კოსმოსის სწორედ 5 ასეთი ახალი სურათი გაგვიზიარეს. თითოეული მათგანი უმძლავრესი ტელესკოპების წყალობით დავაფიქსირეთ. მათ შორისაა ჩანდრას რენტგენული ობსერვატორია, სპიტცერის კოსმოსური ტელესკოპი, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, ძალიან დიდი ტელესკოპი და ა.შ. ამ მოწყობილობების წყალობით ასტრონომებმა კოსმოსის შორეული რეგიონების უხილავი სპექტრის გამოსხივების შესახებ მონაცემები მოიპოვეს და მათზე დაყრდნობით ვიზუალური გამოსახულებები მიიღეს.
პირველ სურათზე ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრია წარმოდგენილი, რომელიც დედამიწიდან 26 000 სინათლის წლის დისტანციაზეა. იქ თავმოყრილია ზემასიური შავი ხვრელი მშვილდოსანი A*, ცხელი აირის ღრუბლები, ნეიტრონული ვარსკვლავები და სხვა ობიექტები. მას სპირალური სტრუქტურა იმიტომ არ აქვს, რომ იმავე გალაქტიკის შიგნიდან ვაკვირდებით. ამ ფოტოში უმეტესწილად ჩანდრას რენტგენული მონაცემებია გამოყენებული, ვიზუალურად ნარინჯისფერი, მწვანე, ლურჯი და იასამნისფერი არეალებით გამოსახული.
შემდეგი ობიექტი კეპლერის ზეახალია, რომელიც აფეთქებული ვარსკვლავის ნარჩენია. იქ თეთრი ჯუჯის ტიპის მნათობია, ანუ კოლაფსის შედეგად დარჩენილი ბირთვი. მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ მომავალში მზეც თეთრ ჯუჯად გადაიქცევა.
ამ სურათზე ჩანდრას მიერ დაფიქსირებული მოლურჯო ლაქები ვარსკვლავის აფეთქების შემდეგ კოსმოსში გაშვებულ ტალღას გვიჩვენებს. სპიტცერის ტელესკოპმა ინფრაწითელი სპექტრი დაგვანახა, ჰაბლმა კი — მოყვითალო-მოშაბიამნისფრო. ორივე მათგანი ვარსკვლავის ნარჩენს გვიჩვენებს.
აღნიშნულ ფოტოზე სხვადასხვა ფილტრის ერთობლიობაა. მათ ცალ-ცალკე სანახავად, ამ ბმულზე გადადით.
მომდევნო სურათზე ESO 137-001-ს ვხედავთ. ესაა გალაქტიკა, რომელიც კოსმოსში 2.4 მილიონი კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება და სივრცეში 2 კვალს ტოვებს. თითოეული მათგანი ზეცხელი აირისგან შედგება.
ჩანდრას მონაცემებში ეს აირი ლურჯადაა ნაჩვენები, ძალიან დიდი ტელესკოპი წყალბადს მოწითალო შეფერილობით გამოკვეთს, ხოლო ჰაბლის ოპტიკური და ინფრაწითელი დაკვირვებები ნარინჯისფერ და შაბიამნისფერ რეგიონებს ავლენს.
შემდეგი ობიექტი სპირალური გალაქტიკაა, სახელად NGC 1365. იქ ზემასიური შავი ხვრელია განლაგებული, რომელიც მატერიის ნაკადით იკვებება.
ჩანდრამ იქ არსებული მოიასამნისფრო ელვარება გამოავლინა, რომელიც სივრცეში გამავალ მატერიას შეესაბამება. მსოფლიოში უმძლავრესმა ობსერვატორიამ, ვების ტელესკოპმა, წითელი, მწვანე და ლურჯი დეტალები დაგვანახა, რომლებიც ამ სურათზე მწირადაა.
უკანასკნელ ფოტოზე კოლაფსირებული მნათობია აღბეჭდილი. ეს იალქნების პულსარია, ანუ მბრუნავი ნეიტრონული ვარსკვლავი, რომელიც ელექტრომაგნიტური რადიაციის ნაკადებს გამოყოფს.
ეს გამოსახულება ჰაბლის, ჩანდრასა და IXPE-ის ობსერვატორიის მონაცემებს აერთიანებს. მათ მიერ დაფიქსირებული სპექტრი ლურჯად, იასამნისფრად და ყვითლადაა ნაჩვენები.
უნდა ითქვას, რომ ამ კონკრეტული ობიექტების გარდა სურათებში ფონზე უამრავი ვარსკვლავიცა და გალაქტიკაცაა აღბეჭდილი. ისინი ცალკე კოსმოსური საოცრებებია და არანაკლები მნიშვნელობისაა.
კომენტარები