ჰაბლმა 11 მილიარდი წლის გალაქტიკა აღმოაჩინა
ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა 11 მილიარდი წლის გალაქტიკა დააფიქსირა, რომელიც მეცნიერებმა არატრადიციული მეთოდით გამოავლინეს. კერძოდ, ისინი კონცენტრირდნენ არა თავად ამ ობიექტის მიერ გამოყოფილ სინათლეზე, არამედ შთანთქმულზე.
როდესაც ჩვენი პერსპექტივიდან ერთი გალაქტიკა იმავე "ხაზშია" განლაგებული, რომელშიც მეორე, ამ უკანასკნელის სინათლე მასში გადის. ეს ნიშნავს, რომ დედამიწასთან უფრო ახლომდებარე სისტემაში არსებული აირი და მტვერი ამ სხივების ნაწილს შთანთქავს, რის შესახებაც ინფორმაციას სპექტრული ანალიზის მეშვეობით ვიღებთ.
აღნიშნული ხერხის გამოსაყენებლად ყველაზე მოსახერხებელი შორეული პოტენციური წყარო კვაზარია: აქტიური გალაქტიკური ბირთვი, რომელშიც ზემასიურ შავ ხვრელს ვხვდებით. იქიდან გამომდინარე, რომ მშთანთქავი მტვრის მქონე გალაქტიკები ლურჯი სპექტრის სინათლეს იზიდავს და არა წითელს, წინა პლანზე არსებული მსგავსი სისტემების გავლენით კვაზარები სწორედ მოწითალოდ ჩანს.
კვაზარები იმდენად კაშკაშა ობიექტებია, რომ მათ წინ მდებარე მშთანთქავი გალაქტიკების სინათლის დაფიქსირება ასტრონომებისთვის უდიდესი გამოწვევაა. ეს ეხება ახალაღმოჩენილ სისტემასაც, მაგრამ იმის მიხედვით, თუ როგორ შთანთქავს ის სხივებს, გარკვეული დასკვნების გამოტანა შესაძლებელია.
მაგალითად, დადგინდა, რომ ის დაახლოებით 3 მილიარდი წლის სამყაროში უკვე არსებობდა. შედარებისთვის, კოსმოსი ახლა 13.8 მილიარდი წლისაა. ეს გალაქტიკა იმაზე მეტ სინათლეს შთანთქავს, ვიდრე სხვა მისი მსგავსნი, საიდანაც ვარაუდობენ, რომ ის ჩვენს მშობლიურ ირმის ნახტომზე უფრო განვითარებულია, ანუ სრულად ჩამოყალიბებული.
სპეციალისტების ანალიზმა აჩვენა ისიც, რომ ამ ობიექტის მტვერი ირმის ნახტომისას და ერთ-ერთი ახლომდებარე გალაქტიკისას ჰგავს. ასევე, გამოვლინდა, რომ მის მახლობლად სხვა კაშკაშა გალაქტიკაცაა, რომელშიც ვარსკვლავები აქტიურად წარმოიქმნება. ისინი ერთმანეთთან იმდენად ახლოსაა, რომ, დიდი ალბათობით, გრავიტაციულად შეკავშირებულიცაა.
მეცნიერები ამ გალაქტიკის შესწავლას სხვა ობსერვატორიებითაც გეგმავენ და იმედოვნებენ, რომ მის სინათლეს დააფიქსირებენ. მათი ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი და მალე გამოცემაში Astronomy & Astrophysics გამოქვეყნდება.
კომენტარები