როგორ (არ) გასცემს ხელისუფლება საჯარო ინფორმაციას
10 მაისს სტუდია მონიტორმა ჯანდაცვის სამინისტროსა და მის ქვემდებარე უწყებას შორის მიმოწერა გაასაჯაროვა. ე.წ. სქრინიდან ჩანს, როგორ აფრთხილებს ჯანდაცვა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, "არავითარ შემთხვევაში" არ გასცეს ინფორმაცია ჟურნალისტზე. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა ინფორმაციის თავისუფლების კუთხით საქართველოში არსებული გამოწვევები.
გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო უწყებები დემოკრატიული მმართველობისთვის აუცილებელია. ამას მოწმობს ევროკავშირის 12 რეკომენდაციაც. თუმცა, საქართველოში საჯარო დაწესებულებები სულ უფრო ჩაკეტილები ხდებიან, მათგან ინფორმაციის მიღება კი წლიდან წლამდე რთულდება.
ვინ იცის, რამდენი ხარისხიანი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჟურნალისტური მასალა შეიქმნებოდა, საჯარო დაწესებულებებს ინფორმაცია დროულად რომ გაეცათ. თუმცა, კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ 12%-მდეა ალბათობა იმისა, რომ მედია თავისთვის საინტერესო საკითხზე ინფორმაციას სრულად და დროულად მიიღებს.
იმის საჩვენებლად, როგორ იცვლება საჯარო ინფორმაციის გაცემის სტატისტიკა ყოველწლიურად, გადავწყვიტეთ მონაცემები askgov.ge-ის საშუალებით, სამინისტროებიდან და მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოგვეთხოვა. ერთ შემთხვევაში ფორსეტის მონაცემთა ბაზა გამოვიყენეთ, 12 სახელმწიფო უწყებას კი მაისის თვეში წერილებით მივმართეთ.
აქედან 6 სამინისტროს ამ დრომდე არ მოუწოდებია ინფორმაცია, 4-მა ოფიციალურ ვებგვერდზე გადაგვამისამართა, სადაც მსგავს სტატისტიკას აქვეყნებენ, თუმცა ჩვენთვის საინტერესო ზოგიერთი დეტალის გარეშე. 12-დან მხოლოდ ერთმა უწყებამ მოგვაწოდა სრულყოფილი მონაცემები კანონით დადგენილ ვადაში, ერთმა კი — ვადის გადაცილებით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
12 სახელმწიფო უწყებიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთადერთია, რომელმაც ინფორმაცია მოთხოვნილი ფორმით მოგვაწოდა.
სტატისტიკა მოწმობს, რომ საჯარო დაწესებულებიდან ინფორმაციის გაცემის მაჩვენებელი მცირდება. გასულ წელს სამინისტრომ ინფორმაციის მოთხოვნაზე 230 წერილი მიიღო, საიდანაც 99 არ დაკმაყოფილდა.
კანონიერი მოთხოვნის შესრულებაზე უარის თქმის ძირითადად მიზეზად სამინისტრო შემდეგ საკითხებს ასახელებს:
- ინფორმაცია არ მუშავდება იმ ფორმით, რომლითაც განმცხადებელი ითხოვს;
- განსჯადობის მიხედვით, მოთხოვნა სხვა უწყებას ეგზავნება.
უწყების სტატისტიკით, 2022 წელს ინფორმაციის მიწოდებაზე უარი 2-მა ადამიანმა გაასაჩივრა, თუმცა საქმე სასამართლომ არ განიხილა, რადგან პროცესამდე ინფორმაცია გაიცა.
მეორე შემთხვევაში, სამინისტროს ცნობით, განმცხადებელს გაეგზავნა პასუხი, მაგრამ ის მაინც მიიჩნევდა, რომ მიწოდებაზე უარი ეთქვა. საქმე სასამართლოში არც ამ შემთხვევაში განხილულა.
თავდაცვის სამინისტრო
უწყებამ ინფორმაციის გაცემის ფორმად PDF დოკუმენტით ვებგვერდის ბმულის გამოგზავნა აირჩია. ამ შემთხვევაში სტატისტიკური მონაცემების შეგროვება თავად მოგვიწია.
სამინისტრო წლის განმავლობაში, საშუალოდ, 2 500 წერილს იღებს, საიდანაც, როგორც წესი, 34% არ კმაყოფილდება. გასულ წელს ინფორმაციის გაცემის მაჩვენებელი ყველაზე დაბალი იყო. 3 139 მოთხოვნიდან 1 059-მა განმცხადებელმა უარი მიიღო.
წინა წლების სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:
დაინტერესებული პირები უწყებიდან ძირითადად შემდეგი სახის ინფორმაციას ითხოვდნენ:
- დასაქმებულთა რაოდენობა, მათ შორის, გენდერულ ჭრილში;
- სამინისტროში სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი;
- შრომის ანაზღაურება;
- სხვადასხვა ფინანსური ხარჯი;
- სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური და მატერიალური უზრუნველყოფის გარანტიები;
- ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიები;
- განხორციელებული სწავლებები/ტრენინგები/სასწავლო პროგრამები.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის მიზეზად სამინისტრო პერსონალურ მონაცემთა, ასევე, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონების დაცვასა და მოთხოვნილი ინფორმაციის სამინისტროში არარსებობას ასახელებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საჯარო ინფორმაციის ვებგვერდზე გამოქვეყნება სახელმწიფო დაწესებულებას მისი სხვა ფორმით გაცემის ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. თუმცა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ-ერთია იმ უწყებებს შორის, რომლებმაც ვებგვერდზე გადაგვამისამართა და ინფორმაციის დამუშავების პასუხისმგებლობა განმცხადებელს დაგვაკისრა.
ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია აქ კვარტლების მიხედვით, სხვადასხვა დოკუმენტშია გაბნეული, ზოგიერთი კითხვის პასუხი კი საერთოდ არ იძებნება.
უწყებიდან, ასევე, გვაცნობეს, რომ ფიზიკური და ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციისა და კონკრეტული თემატიკის შესახებ სტატისტიკას არ აწარმოებენ.
რაც შეეხება დანარჩენს მონაცემებს, სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 66 წერილი მიიღეს, საიდანაც 60 დაკმაყოფილდა. მსგავსია წინა წლების მაჩვენებლებიც. თუ სამინისტროს დავუჯერებთ, მიღებული მოთხოვნების 80%-ზე მეტი, როგორც წესი, კმაყოფილდება.
საჯარო ინფორმაციის არგაცემაზე სამინისტროს გასულ წელს ერთი სასამართლო დავა ჰქონდა, რომელიც სარჩელის გამოტანის გამო აღარ გაგრძელდა.
ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ძირითად მიზეზებად უწყება ასახელებს:
- მოთხოვნილი ინფორმაციის შეუსაბამობას სამინისტროს კომპეტენციასთან;
- მოთხოვნილი ინფორმაციის შეუსაბამობას საჯარო ინფორმაციის ცნებასთან;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების დაცვას.
ფინანსთა სამინისტრო
უწყებამ საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გადაგვამისამართა, სადაც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა-მიწოდების სტატისტიკა წლების მიხედვითაა ხელმისაწვდომი.
"სხვა საკითხებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ინფორმაციის დამუშავება არ ხორციელდება. შესაბამისად, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, წარმოგიდგინოთ ინფორმაცია, ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით", — ნათქვამია სამინისტროს პასუხში.
გასული წლის სტატისტიკიდან კი ირკვევა, რომ 98 მოთხოვნიდან ფინანსთა უწყებამ 29 არ დააკმაყოფილა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანდაცვამ ვებგვერდზე გადაგვამისამართა, სადაც გასული წლების მოთხოვნა-მიწოდების სტატისტიკა კვარტლების მიხედვით ნამდვილად იძებნება, თუმცა აქ არაფერია ნათქვამი მოთხოვნილი ინფორმაციის თემატიკასა და უარის თქმის მიზეზებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-მ ინფორმაციის მოთხოვნილი ფორმით მოწოდებაზე უარი გვითხრა და ვებგვერდის ბმული გამოგვიგზავნა, სადაც ინფორმაციის თავისუფლების შესახებ ანგარიში სრულყოფილადაა წარმოდგენილი.
იქიდან გამომდინარე, რომ სამინისტროს დაქვემდებარებაში არაერთი უწყებაა, ინფორმაციის გამოთხოვნის სტატისტიკაც ყველაზე მაღალია. შსს წელიწადში, საშუალოდ, 50 000-ზე მეტ წერილს იღებს. გამონაკლისი 2020 წელი იყო, როცა ეს სტატისტიკა, ფაქტობრივად, განახევრდა, რაც, სავარაუდოდ, პანდემიას უკავშირდება.
გასულ წელს სამინისტროს საჯარო ინფორმაციის თხოვნით 59 387-ჯერ მიმართეს, საიდანაც 2 532 უპასუხოდ დარჩა. ეს მონაცემები გასული წლების ანალოგიურ მაჩვენებელზე მაღალია.
გასულ წელს შსს-ში 6 ადმინისტრაციული საჩივარი შევიდა. მათი ცნობით, დისციპლინური სახდელი პასუხისმგებელ პირებს არცერთ შემთხვევაში არ დაჰკისრებიათ.
მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლებად უწყება ასახელებს:
- საქართველოს კონსტიტუციას;
- საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს;
- კანონს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ;
- კანონს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის შესახებ და სხვ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაციის მოთხოვნის ძირითადი თემატიკაა:
- პერსონალური მონაცემები: ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე (შესვლა/გასვლაზე);
- ინფორმაცია ნასამართლობასა და ძებნაში ყოფნაზე;
- ინფორმაცია ნარკოლოგიურ შემოწმებაზე;
- ინფორმაცია პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვაზე;
- პირის ადგილსამყოფლის დადგენაზე;
- სხვადასხვა დანაშაულების სტატისტიკა;
- ინფორმაცია რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების შესახებ;
- ავტოსაგზაო შემთხვევები;
- სუიციდის სტატისტიკა;
- სხვ.
იუსტიციის სამინისტრო
ფორსეტის მონაცემთა ბაზის თანახმად, 2022 წელს იუსტიციის სამინისტროში ინფორმაციის მოთხოვნით 347 წერილი შევიდა, საიდანაც 46 არ დაკმაყოფილდა.
2021 წელს უწყებიდან საჯარო ინფორმაციის არგაცემა სამჯერ გაასაჩივრეს. ერთ საქმეზე სამინისტროს დაევალა იმ ინფორმაციის გაცემაც, რომელიც სხვა უწყების კომპეტენციაში შედიოდა.
სასამართლო გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტრომ ინფორმაცია სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან გამოითხოვა და მოსარჩელეს მიაწოდა. დანარჩენ ორ საქმეზე სამართალწარმოება შეწყდა, რადგან განმცხადებელს ინფორმაცია გადაეცა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო
უწყებამ 2022 წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 79 წერილი მიიღო, აქედან უარი, მათივე ინფორმაციით, 5 განმცხადებელს ეთქვა.
დაბალი მაჩვენებლები უნდა აიხსნას იმით, რომ სამინისტრო არ აწარმოებს ფიზიკური და ელექტრონული განცხადებების სტატისტიკას.
საჯარო ინფორმაციის არგაცემის მიზეზად საგარეო ასახელებს:
- მოთხოვნილი ინფორმაციის შეუსაბამობას საჯარო ინფორმაციის ცნებასთან;
- მოთხოვნილი ინფორმაციის მიკუთვნებულობას სხვა უწყების კომპეტენციისადმი.
საანგარიშო პერიოდში სამინისტროში ერთი ადმინისტრაციული საჩივარი შევიდა. უწყებაში ამბობენ, რომ საჩივრის ზეპირი მოსმენის სხდომა ჩატარდა და მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
რაც შეეხება ყველაზე ხშირად მოთხოვნილ ინფორმაციას, სამინისტროს ასეთი სტატისტიკა არ აქვს.
უარი პასუხზე
საჯარო ინფორმაცია არ მოგვაწოდა განათლების სამინისტრომ. წერილებზე არ გვიპასუხეს და სტატისტიკას არც ვებგვერდზე აქვეყნებენ ეკონომიკის სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია, ასევე, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. კულტურის სამინისტროს ჩვენთვის არ უპასუხია, ოფიციალური ვებგვერდი კი საერთოდ არ აქვს.
ჩვენ მიერ გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემები მოწმობს, რომ ინფორმაციის გაცემის მაჩვენებელი, როგორც წესი, მცირდება, განმცხადებლებს კი უარი ბუნდოვანი მიზეზების გამო ეთქვათ. მონაცემები, განსაკუთრებით, საყურადღებოა იმ ფონზე, რომ ის უშუალოდ უწყებების შიდა სტატისტიკაა და შესაძლოა, დაკმაყოფილებულ პასუხად მიიჩნეოდეს იმგვარად მიწოდებული ინფორმაციაც, რომელიც სულაც არ არის სრულყოფილი განმცხადებლისთვის. ამ ფონზეც კი გაუარესების ტენდენცია შესამჩნევია.
გარდა ამისა, როგორც აღმოჩნდა, რიგ უწყებებში საერთოდ არ არსებობს ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის სტატისტიკა.
სტატიის ავტორია ლანა როყვა. სტატია შეიქმნა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, Askgov.ge-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში. Askgov.ge იცავს და აძლიერებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოში. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი და იგი შეიძლება, არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას.
კომენტარები