Chandrayaan-3 მისიის მავალი და დასაშვები მოდული ძილის რეჟიმში გადაიყვანეს
მავალმა და დამშვებმა ამ ეტაპზე ყველა დავალება შეასრულა.
Chandrayaan-3-ის, ინდოეთის მიერ გაშვებული მთვარის მისიის, მავალმა და დასაშვებმა მოდულმა ამ ეტაპზე დაკისრებული ყველა დავალება შეასრულა. ახლა მათ მთვარის ორკვირიანი ღამისათვის ამზადებენ. სავარაუდოდ, მოწყობილობებს ხელახლა მაშინ აამოქმედებენ, როდესაც მთვარის სამხრეთ პოლუსის ზემოთ მზე ისევ ამოვა. ინფორმაციას ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაცია (ISRO) ავრცელებს Twitter-ზე.
Chandrayaan-3 მისია ინდოეთისათვის მთვარეზე დაშვების პირველი წარმატებული მცდელობაა. ეს ასევე პირველი შემთხვევაა, როდესაც მთვარის სამხრეთ რეგიონში წარმატებით დაჯდომა მოხერხდა.
კვირას ISRO-სგან შევიტყვეთ, რომ Chandrayaan-3-ის მავალმა, Pragyan-მა, დავალებები შეასრულა და უკვე ე.წ. ძილის რეჟიმშია გადაყვანილი. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სამეცნიერო ინსტრუმენტები გამორთეს.
"ამჟამად ბატარეა სრულად დატენილია", — ვკითხულობთ ISRO-ს პოსტში — "მზის პანელი სინათლის მისაღებადაა მიმართული მზის შემდეგი ამოსვლისას, რომელიც 2023 წლის 22 სექტემბერსაა მოსალოდნელი. მიმღები ჩართულია".
ძილის რეჟიმში მომდევნო დღეს, 4 სექტემბერს, გადაიყვანეს დასაშვები მოდულიც, სახელად Vikram, რომელმაც Pragyan მთვარის ზედაპირზე დასვა და თავისი წილი სამეცნიერო საქმე შეასრულა.
"Vikram Pragyan-ის გვერდით დაიძინებს მას შემდეგ, რაც მზის ენერგია გამოილევა და ბატარეა დაჯდება. მათ გამოღვიძებას დაახლოებით 2023 წლის 22 სექტემბერს ველით", — ვკითხულობთ ISRO-ს მიერ 4 სექტემბერს დაწერილ პოსტში.
სანამ ძილის რეჟიმში მოაქცევდნენ, დამშვებმა პატარა "ნახტომი" შეასრულა — თავისი ამწეები გამოიყენა და დაახლოებით 40 სანტიმეტრით ზემოთ აიწია, უკვე "მიძინებულ" Pragyan-თან ახლოს.
Chandrayaan-3 მისია მთვარეზე 23 აგვისტოს დაეშვა. მავალი დამშვებიდან მომდევნო დღეს გადმოვიდა და მას შემდეგ მთვარის ზედაპირზე 100 მეტრზე მეტი გაიარა.
მისიის დაწყებიდან დღემდე ISRO-ს მეცნიერებმა არაერთი საინტერესო მონაცემი მიიღეს. მათ შორისაა: მთვარის ზედაპირის ქიმიური ანალიზი, მთვარის გრუნტის ზედა 10 სანტიმეტრის ტემპერატურული პროფილი და ამ ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირს ზემოთ არსებული პლაზმის მონაცემები.
კომენტარები