23 აგვისტოს შევიტყვეთ, რომ ინდოეთმა მთვარეზე მავალი წარმატებით დასვა. ამით ინდოეთი მეოთხე სახელმწიფოა, რომელიც მთვარის ზედაპირზე დაეშვა. აქამდე ეს მხოლოდ საბჭოთა კავშირმა, აშშ-მა და ჩინეთმა შეძლეს.

ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციამ (ISRO) Chandrayaan-3 მთვარის ზედაპირზე ყინულის უზარმაზარი საბადოების მოსაძიებლად შეიმუშავა. ეს მთვარეზე ადამიანის ჰაბიტატების შესაქმნელად უმნიშვნელოვანესია.

სამხრეთ პოლუსის უხეში, კრატერებით სავსე რელიეფის მიუხედავად, Chandrayaan-3-ის გუნდმა დაშვებისთვის სწორედ ეს რეგიონი შეარჩია. სადესანტო მოდული დაახლოებით 1 752 კილოგრამს იწონის. თავად მავალის წონა 26 კილოგრამია.

დაშვებისთვის რთული ადგილი ტყუილად არ შეირჩა. მეცნირები თვლიან, რომ სწორედ აქ, მთვარის ამ ნიადაგის ქვეშაა დიდი რაოდენობით ყინული.

მავალის მიერ გადაღებული ფოტო

მავალის მიერ გადაღებული ფოტო

ფოტო: ISRO

რა იქნება შემდეგი?

ISRO-მ მიაღწია თავის მთავარ მიზანს — უსაფრთხო და ნაზ დაშვებას მთვარის ზედაპირზე.

ახლა მისიის კრიტიკული ფაზები იწყება. პირველი გამოწვევა როვერის მანევრირების უნარის დემონსტრირებაა სამხრეთ პოლუსის უხეში რელიეფის გავლით. სხვა მხრივ, ISRO-ს ჯერ კიდევ არ აქვს გამჟღავნებული დამატებითი დეტალები როვერის მოძრაობის შესახებ.

რაც ვიცით ისაა, რომ ეს კომპაქტური მოწყობილობა ზედმიწევნით გამოიკვლევს მთვარის რეგოლითს და ჩაატარებს სიღრმისეულ ქიმიურ ანალიზს. სულ რაღაც ორი კვირის განმავლობაში მავალი მოწინავე სამეცნიერო ინსტრუმენტების გამოყენებით სხვდასხვა ექსპერიმენტსაც განახორციელებს.

ეს შეზღუდული ოპერაციული ფანჯარა მთვარის სამხრეთ პოლარულ ზონაში გამეფებული მკაცრი პირობებიდან გამომდინარეობს. მუდმივი სიბნელისა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის პირობებში (-230 გრადუს ცელსიუსამდე), ხელსაწყოს მუშაობა უფრო რთული ხდება.

მონაცემები

ლაზერული სპექტროსკოპი (LIBS) მთვარის ქიმიური და მინერალური შემადგენლობის შესახებ მნიშვნელოვან მონაცემებს მიიღებს.

ნაწილაკების რენტგენის სპექტრომეტრი (APXS) მოიძიებს ელემენტებს; მათ შორის მაგნიუმს, ალუმინს, სილიციუმს, კალიუმსა და კალციუმს მთვარის ნიადაგში. ამ მონაცემებმა შეიძლება ბევრი რამ გვითხრას როგორც მთვარის, ისე ადრეული მზის სისტემის ფორმირების შესახებ.

ცნობილია, რომ კოსმოსურმა სააგენტოებმა, მათ შორის NASA-მ, როსკოსმოსმა და ჩინეთის კოსმოსურმა ადმინისტრაციამ, აქცენტი მთვარის სამხრეთ პოლუსზე გააკეთეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სწორედ აქ, მთვარის ნიადაგის ქვეშ უნდა იყოს დიდი რაოდენობით ყინული.

და აი ახლა, ინდოეთი მთვარის რბოლას პირველი წარმატებული დაშვებით შეუერთდა. მთვარის ამ რეგიონზე მავალის დაშვება უკვე მნიშვნელოვანი შედეგია. ვნახოთ, რა იქნება შემდეგი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.