კრახით დასრულდა Luna-25 — მთვარის პირველი მისია, რომელიც რუსეთმა ბოლო 47 წელში გაუშვა
მთვარის პირველი მისია, რომელიც რუსეთმა ბოლო ათწლეულებში გაუშვა, კრახით დასრულდა — უპილოტო კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარის ზედაპირს შეეჯახა და განადგურდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ხომალდთან კავშირი გაწყდა.
Roscosmos-ის, რუსეთის კოსმოსური სააგენტოს, ცნობით, Luna-25-თან კავშირი შაბათს, თბილისის დროით დაახლოებით 15:57-ზე, გაწყდა.
"19 და 20 აგვისტოს მოწყობილობის მოსაძებნად და მასთან კავშირის დასამყარებლად მიღებულმა ზომებმა არანაირი შედეგი არ გამოიღო", — განაცხადეს როსკოსმოსიდან.
წინასწარი გამოთვლებით, შეჯახებამდე Luna-25-მა არასტანდარტულ ორბიტაზე გადაინაცვლა. როგორც როსკოსმოსში აცხადებენ, ხომალდის დაკარგვის მიზეზებს სპეციალური კომისია გამოიძიებს.
შემთხვევამდე ერთი დღით ადრე შევიტყვეთ, რომ ხომალდი დაშვების წინა ორბიტაზე შესვლის მცდელობისას "საგანგებო სიტუაციაში" აღმოჩნდა.
"ოპერაციის მიმდინარეობისას ავტომატური სადგურის ბორტზე საგანგებო სიტუაცია შეიქმნა, რომელმაც კონკრეტული პარამეტრების მიხედვით მანევრის შესრულება შეუძლებელი გახადა", — ვკითხულობთ როსკოსმოსის პოსტში Telegram-ზე.
Luna-25 რუსეთისთვის მთვარეზე დაშვების პირველი მისია უნდა ყოფილიყო ბოლო 47 წლის განმავლობაში. Luna 24, წინა ხომალდი, მთვარეზე 1976 წლის 18 აგვისტოს დაჯდა.
იხილეთ: რუსეთმა მთვარეზე კოსმოსური აპარატი გაუშვა — ბოლო 47 წელში პირველად
კოსმოსური აპარატი რუსეთმა მთვარისკენ თბილისის დროით 11 აგვისტოს 03:10 საათზე გაუშვა ვოსტოჩნის კოსმოდრომიდან.
მთვარისაკენ მიმავალ გზაზე Luna-25-მა ინდურ ხომალდ Chandrayaan-3-ს გადაასწრო. ეს უკანასკნელი კოსმოსში ივლისის შუა რიცხვებში გაუშვეს.
კომენტარები