რუსეთმა მთვარეზე კოსმოსური აპარატი გაუშვა — ბოლო 47 წელში პირველად
თბილისის დროით 11 აგვისტოს 03:10 საათზე რუსეთმა ვოსტოჩნის კოსმოდრომიდან მთვარისკენ კოსმოსური აპარატი Luna-25 გაუშვა, რომელიც ბოლო 47 წელიწადში ქვეყნისთვის პირველი ასეთი მისიაა.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, მთვარეზე დასაშვები მოდული მომდევნო 5 დღეს დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრისკენ მიმავალ გზაზე გაატარებს, შემდეგ კი მას კიდევ 5-7 დღის განმავლობაში შემოუვლის. საბოლოოდ ის ჩვენი მეზობელი ციური სხეულის სამხრეთ პოლუსზე, ბოგუსლავსკის კრატერის მახლობლად უსაფრთხოდ დაშვებას შეეცდება და ობიექტის ზედაპირს სულ მცირე 1 წლის განმავლობაში გამოიკვლევს.
აღსანიშნავია, რომ მთვარისკენ Luna-25-ის გაგზავნა თითქმის ორი წლის წინ იგეგმებოდა, თუმცა ეს აგრესორი ქვეყნის მიერ უკრაინაში შეჭრისა და ომის წამოწყების გამო გადაიდო. მაგალითად, ევროპის კოსმოსურ სააგენტოს აპარატი სპეციალური სანავიგაციო კამერით უნდა უზრუნველეყო, რომელიც დანიშნულების ადგილას დაჯდომაში დაეხმარებოდა, მაგრამ ESA-მ რუსეთთან თანამშრომლობა გაწყვიტა.
ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისთვის ეს მისია პრიორიტეტული იყო, რასაც პუტინმაც არაერთხელ გაუსვა ხაზი. შესაბამისად, ის არ გაუქმებულა და დაგვიანებით, მაგრამ მაინც განხორციელდა.
რუსეთის მიზანი მთვარეზე დასაშვები ტექნოლოგიების გამოცდა, იქაური გრუნტის შესწავლა, ძალიან თხელი ატმოსფეროს გაანალიზება, სამხრეთ პოლუსზე წყლის კვალის მოძიება და სხვა სამეცნიერო კვლევების ჩატარებაა.
1.6-ტონიანი მოდული ძრავიანი და ხელსაწყოებიანი ნაწილებისგან შედგება. ის წინა აპარატებისგან განსხვავდება, რადგან პოლარულ რეგიონზეა გათვლილი, რომელიც საკმაოდ უსწორმასწოროა. ინსტრუმენტები საერთო ჯამში 30 კილოგრამამდე იწონის, მათ შორისაა ინფრაწითელი სპექტრომეტრი, ნეიტრონისა და გამა სხივების დეტექტორი, ლაზერული მას-სპექტრომეტრი, იონური ენერგიის მას-ანალიზატორი და ა.შ.
მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი დედამიწის ერთადერთი თანამგზავრის ზედაპირზე დაჯდომას სწორედ იმ დროს აპირებს, რა დროსაც ინდური ხომალდი Chandrayaan-3. ეს აგვისტოს ბოლოსკენ მოხდება, ანუ ორი ქვეყანა ერთმანეთს კონკურენციას გაუწევს. თუ ინდოეთი ამას პირველი შეძლებს, ის მსგავსი მნიშვნელოვანი მიღწევით აშშ-ის, საბჭოთა კავშირისა და ჩინეთის გვერდით დაიკავებს ადგილს.
კომენტარები