შეიძლება, ხელოვნური ინტელექტი ცხოველებთან საუბარში დაგვეხმაროს?
წარმოიდგინეთ ChatGPT-ის მსგავსი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც ცხოველებთან მათ "ენაზე" კომუნიკაციის საშუალებას მოგვცემს. თელ ავივის უნივერსიტეტში მომუშავე ნეირობიოლოგები ამ საკითხს განიხილავენ და ე.წ. დოქტორ დულიტლის გამოწვევას გვიზიარებენ.
ის ენის ისეთ მოდელს გულისხმობს, რომელიც ცხოველებთან კომუნიკაციის სამ მთავარ დაბრკოლებას გადალახავს:
- გამოიყენებს თავად ცხოველის კომუნიკაციურ სიგნალებს, ანუ მას ახალი სიგნალების სწავლა არ მოუწევს.
- ცხოველმა ამ სიგნალებით სხვადასხვა ქცევით კონტექსტში უნდა ისარგებლოს და არა მხოლოდ საფრთხის შემცველ სიტუაციებში და ყურადღების მიპყრობის მიზნით.
- უნდა მოგვცეს ცხოველის "გაზომვადი" რეაქცია, ანუ შედგეს კონსპეციფიკური (იმავე სახეობას მიკუთვნებული) კომუნიკაცია.
მაგალითად, ფუტკარი ავიღოთ, რომელიც კოლონიასთან კონკრეტული მოძრაობებით ამყარებს კავშირს. მეცნიერებმა შექმნეს მისი რობოტი ანალოგი, რომელიც სხვებს თავისი მოძრაობებით გარკვეული ადგილისკენ მიუძღვის. ეს პირველ და მესამე პუნქტს აკმაყოფილებს, მაგრამ მხოლოდ ერთ ქცევით კონტექსტში ჯდება.
შესაძლებელია, ერთ დღეს ალგორითმმა გაგვაგებინოს, რას გამოხატავს იმ მომენტში ჩვენი კატა ან ძაღლი, მაგრამ მათ ვერ შევეკითხებით, როგორ გრძნობს თავს. საქმე ისაა, რომ ადამიანური ენა, სავარაუდოდ, სხვა ცხოველებზე უბრალოდ ვერ გავრცელდება.
როგორც ფილოსოფოსი ლუდვიგ ვიტგენშტაინი ამბობს: "ლომს რომ ლაპარაკი შეეძლოს, მას მაინც ვერ გავიგებდით".
ფუტკრის ცეკვაც, დიდი ალბათობით, იმაზე მეტ ინფორმაციას შეიცავს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, როგორიცაა შეხებითი და აკუსტიკური სიგნალები. გამოდის, რომ ბოლომდე არც კი ვიცით, AI სისტემაში რა ტიპის მონაცემები გავაერთიანოთ.
პრიმატების შემთხვევაში ასეთი რთული სიტუაცია არაა, რადგან მათთან ბევრი საერთო გვაქვს. ამის მიუხედავად, ალგორითმმა რომ საკმარისი მონაცემები მიიღოს, მათ ველურ პირობებში დიდი ხნის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ. ასევე, ბუნებრივი რეაქციები განვსაზღვროთ, რათა დავადგინოთ, რამდენად გაიგებენ AI-ისგან კომუნიკაციის მცდელობას.
შესაძლოა, ამაში ტვინის სიგნალებზე დაკვირვება დაგვეხმაროს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ობიექტური დასკვნების გამოტანა, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება.
საბოლოოდ, მეცნიერები ამბობენ, რომ ხელოვნური ინტელექტით შეძლება ცხოველებთან უმარტივესი კომუნიკაცია დავამყაროთ, მაგრამ მათთან "საუბარი", როგორც ეს ჩვენ გვესმის, რეალობისგან შორსაა. მსგავსი ზღვარი მაინც იარსებებს, AI მილიონჯერ მეტად რომ განვითარდეს, რადგან სხვა სახის დაბრკოლებების წინაშე ვართ.
სპეციალისტთა მიმოხილვა გამოცემაში Current Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები