ევროკავშირი უარყოფს აზერბაიჯანის ბრალდებებს, რომ სომხეთი საზღვარზე სამხედრო ძალებს აძლიერებს
სომხეთში ევროკავშირის მისიამ (EUMA) განაცხადა, რომ ქვეყანა აზერბაიჯანის საზღვარზე სამხედრო ძალებს არ აძლიერებს.
სადამკვირვებლო მისიის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბაქომ ერევანი და სტეფანაკერტი დაადანაშაულა აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ სამხედრო ძალების გაძლიერებაში, ასევე, მთიან ყარაბაღში სომხური სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში.
EUMA სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის სომხურ მხარესაა განლაგებული.
"ბოლო დღეებში სახელმწიფო საზღვარზე იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის დიდი კონცენტრაცია, რისი მიზანიც მორიგი სამხედრო ავანტიურაა", — აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ორშაბათს, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის განცხადებები უარყო და ისინი ლაჩინის დერეფნის ბლოკადიდან ყურადღების გადატანის მცდელობაში დაადანაშაულა.
"აშკარაა, რომ აზერბაიჯანის დეზინფორმაციული კამპანიის მიზანია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გადატანა მთიან ყარაბაღში არსებული ჰუმანიტარული კრიზისისგან, რომელიც უფრო და უფრო მძაფრდება. ასევე, მთიან ყარაბაღში მათი მოწყობილი ეთნიკური წმენდისგან, რასაც ჰუმანიტარული კატასტროფის პროვოცირებით აღწევენ", — ნათქვამია განცხადებაში.
მთიანი ყარაბაღი დეკემბრიდან აზერბაიჯანის ბლოკადაშია, თუმცა ჰუმანიტარული კრიზისი რეგიონში ივნისის შუა რიცხვებიდან კიდევ უფრო გამძაფრდა, როდესაც აზერბაიჯანმა რუსულ სამშვიდობოებს რეგიონის მომარაგებისთვის ლაჩინის დერეფნის გამოყენება აუკრძალა.
ასევე, გაიზარდა დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და ეს ორი ქვეყანა განუწყვეტლივ ადანაშაულებს ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში.
სომხეთის მოთხოვნით, გაეროს უშიშროების საბჭომ ოთხშაბათს საგანგებო სხდომა ჩაატარა და მთიან ყარაბაღში არსებული ვითარება განიხილა.
უშიშროების საბჭოსთვის მიმართვის გამო აზერბაიჯანმა სომხეთი გააკრიტიკა და დაადანაშაულა "ყველა იმ მცდელობის განზრახ და მიზანმიმართულად [დაბრკოლებაში], რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით ხორციელდება ადგილზე დაბალანსებული, კანონზე დაფუძნებული და გონივრული შედეგის მისაღწევად".
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ბაქო ამტკიცებდა, რომ "რასაც სომხეთი ცინიკურად ითხოვდა" გაეროს უშიშროების საბჭოსგან, შესაძლებელი იქნებოდა, თუ სტეფანაკერტი დათანხმდებოდა მათ წინადადებას, მთიანი ყარაბაღის რესურსებით უზრუნველყოფა აზერბაიჯანის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ეცადათ.
გასულ კვირას, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილმა პროკურორმა, ლუის ოკამპომ უშიშროების საბჭოს მოუწოდა, ბლოკადაში არსებული სიტუაციის შესახებ რეზოლუცია მიიღოს, რათა ტრიბუნალს მიეცეს საშუალება, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის წინააღმდეგ გენოციდის ორგანიზებაზე გამოძიება დაიწყოს.
გაიგეთ მეტი: ICC-ის ყოფილი პროკურორი აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში "გენოციდში" ადანაშაულებს
თუმცა, საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, აზერბაიჯანი ისევ უარყოფს, რომ მთიანი ყარაბაღი ბლოკადაშია და ამტკიცებს, თითქოს რეგიონი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე არ არის.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები