კლიმატის ცვლილება — ეს ის სიტყვებია, რომლებიც უფრო და უფრო ხშირად გვესმის. მან თანამედროვე მსოფლიო უკვე მთლიანად მოიცვა და ოდესღაც ბევრისთვის განყენებული ტერმინიდან დედამიწის ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის ხელშესახებ პრობლემად იქცა.

ასევე, იხილეთ: რატომ გვეხება კლიმატის ცვლილება ყველას და რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ

კლიმატის ცვლილების უმთავრესი გამოხატულება გლობალური დათბობაა, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ ჩვენ, ადამიანებს მიგვიძღვის. სამრეწველო საქმიანობის (და არამხოლოდ) გამო პლანეტის ატმოსფეროში დიდი ოდენობით სათბურის აირები გროვდება, ტემპერატურა კი სულ უფრო მაღალ ნიშნულს აღწევს. ცხოველთა გადაშენებული ან გადაშენების ზღვარზე მყოფი სახეობების რიცხვი იმატებს, შეინიშნება სასმელი წყლისა და მოსავლის ნაკლებობა, ლღვება ყინულის საფარი, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონს გაუსაძლისი თბური ტალღები ატყდება თავს, აქტიურად მიმდინარეობს გაუტყეურება და ა.შ.

დღესდღეობით ამ ყველაფრისგან დაცული არავინაა, მათ შორის არც საქართველოს მოსახლეობა (გაეცანით სტატიას: როგორ აისახება კლიმატის ცვლილება საქართველოზე). გარემოს ეროვნული სააგენტო გვაფრთხილებს, რომ მიმდინარე კვირაში ჩვენს ქვეყანაში თბური ტალღაა მოსალოდნელი.

"ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია +37, +39°C-ს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +39, +41°C-ს მიაღწიოს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +33, +38°C იქნება, ხოლო მაღალ მთაში +28, +33°C-მდე მოიმატებს. მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები სითბური სტრესის, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს", — ვკითხულობთ განცხადებაში.

ამ სტატიაში სწორედ თბური ტალღების შესახებ მოგიყვებით.

რა არის თბური ტალღა და რა იწვევს მას

ფოტო: axios

თბური ტალღა კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ინდიკატორია, ანუ ასეთი გახშირებული მოვლენები და მათი გაზრდილი მასშტაბები მიუთითებს, რომ სიტუაცია უარესდება. ის პირდაპირი მნიშვნელობით "ტალღად" არ უნდა აღვიქვათ, არამედ, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის თანახმად, ასე ეწოდება განსაკუთრებულად ცხელ პერიოდს, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება.

ამ დროს ყოველდღიური მაქსიმალური ტემპერატურა საშუალო მაჩვენებელს 5°C-ით ან მეტით აჭარბებს. მსოფლიოს ამა თუ იმ ნაწილში განსხვავებული ნიშნულებია, რადგან კლიმატი ყველგან ერთნაირი არაა. მაგალითად, ინდოეთში, სადაც მსგავსი სიცხეები ხშირია, ვაკის შემთხვევაში თბურ ტალღად არ აღიქმება 40°C-ზე ნაკლები, მთა-გორიან არეალებში კი 30°C-ზე ნაკლები. როცა იქ უმაღლესი მაჩვენებელი 45°C-ზე ან მეტზე ნარჩუნდება, ეს უკვე ოფიციალურად თბურ ტალღად ცხადდება.

თბური ტალღები მაშინ იწყება, როცა დედამიწის ატმოსფეროში არსებული მაღალი წნევა თბილ ჰაერს ზედაპირისკენ უბიძგებს. შედეგად, ამ ჰაერის ტემპერატურა უფრო მეტად იზრდება, რადგან ის იკუმშება. მაღალი წნევა ვერტიკალურად ვრცელდება, რაც ამინდის სხვა სისტემებსაც ცვლის, მაგალითად, ქარსა და ღრუბელს ამცირებს, გარემოს ჩახუთვას იწვევს და ა.შ. ამას ართულებს დაბალი ტენიანობაც, რაც ხშირად გვალვას ედება საფუძვლად.

ფოტო: Weather

აღსანიშნავია, რომ ჩვენს პლანეტაზე ამინდს მეტწილად სწორედ ატმოსფეროში სწრაფად მოძრავი ჰაერის ნაკადები განაპირობებს. ისინი 8-14 კილომეტრ სიმაღლეზე დაახლოებით 117კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება და ზოგჯერ 400კმ/სთ-საც კი აღწევს. ასეთ ნაკადებს მაღალი და დაბალი წნევაც გადააქვს.

მათ ფორმირებას ტემპერატურული კონტრასტი უწყობს ხელს. რაც უფრო ძლიერია ეს კონტრასტი, მით უფრო ენერგიულია ზემოხსენებული ნაკადებიც, თანაც ეკვატორის პარალელურად ნარჩუნდება. სხვა შემთხვევაში მათი სტრუქტურა ფართოტალღოვანი ხდება და ასობით ათას კილომეტრზე სამხრეთსა და ჩრდილოეთში ვრცელდება. ზაფხულობით ორივე ნახევარსფეროში ისინი მეტად ტალღოვანია და ბევრად ფართო არეალსაც სწვდება.

ზოგჯერ მათი თანმდევი წნევის სისტემები რამდენიმე დღით ან კვირით ერთ ადგილას რჩება, რაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უცვლელ ამინდს/ტემპერატურას განაპირობებს. ასე ჩნდება თბური ტალღები.

როგორ დავიცვათ თავი თბური ტალღის დროს

იმის გარდა, რომ მსგავსმა თბურმა ტალღებმა შესაძლოა, გვალვა გამოიწვიოს, ისინი ადამიანის ჯანმრთელობისთვისაც საფრთხის შემცველია და მეტიც: ასეთ პერიოდებში სიკვდილიანობაც იზრდება. მაღალი ტემპერატურის პირობებში ყოფნა ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან სტრესულია, შედეგი კი იმაზეა დამოკიდებული, რა დოზით მოქმედებს სხეულზე სიცხე.

შესაძლოა, ამ დროს თავი იჩინოს:

  • სიცხით გამოწვეულმა გამოფიტვამ
  • ჭარბმა ოფლიანობამ
  • ე.წ. მზის დარტყმამ
  • გაუწყლოვნებამ
  • ნასიცხმა
  • მზისგან დამწვრობამ
  • გონების დაკარგვამ
  • კიდურების დასივებამ
  • გულის აჩქარებამ
  • სისხლის დაბალმა წნევამ

ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად:

  • მოერიდეთ მზეზე გასვლას, განსაკუთრებით 12-დან 3 საათამდე
  • დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი მაშინაც კი, თუ არ გწყურიათ
  • ჩაიცვით მსუბუქი, ღია შეფერილობის, თავისუფალი ტანსაცმელი
  • გარეთ ყოფნისას გამოიყენეთ სათვალე, ქუდი, ქოლგა და თან იქონიეთ წყალი
  • მოერიდეთ ენერგიულ აქტივობებს
  • მოერიდეთ ალკოჰოლს, ყავას, ჩაის და გაზიან სასმელებს
  • მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის საკვებს და მიირთვით ცივი, წყლით მდიდარი პროდუქტები
  • მიიღეთ გრილი ან ცივი შხაპი

ფოტო: Tribune

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ:

  • სიცხეში მანქანაში არ დატოვოთ შინაური ცხოველები და ბავშვები
  • ოთხფეხა მეგობრები ჩრდილში გყავდეთ და მათთვის საკმარისი წყალი იყოს ხელმისაწვდომი
  • სახლი გააგრილოთ ვენტილატორის ან კონდიციონერის მეშვეობით
  • თუ თავს ცუდად გრძნობთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს

თუ თქვენი ახლობელი ან სხვა ადამიანი სიცხის გამო თავს ცუდად გრძნობს:

  • გრილ ადგილას, ჩრდილში გადაიყვანეთ
  • დაალევინეთ წყალი
  • დაუნიავეთ
  • სხეულზე სველი ნაჭერი დაადეთ
  • თუ მას გაუმჯობესება არ დაეტყობა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.