შესაძლოა, ფსილოციბინი ანორექსიის სამკურნალოდ ეფექტიანი იყოს — კვლევა
ისეთი კვებითი აშლილობები, როგორიც ანორექსიაცაა, ყველაზე მომაკვდინებელ მენტალურ დაავადებებს შორისაა და მხოლოდ ოპიოიდების ზედოზირებას ჩამოუვარდება. აშშ-ში ასეთი პრობლემების დიაგნოსტირებისთვისა და მკურნალობისთვის წელიწადში 64.7 მილიარდი დოლარი იხარჯება. ამასთან, მსგავსი აშლილობის მქონე ადამიანებში, რომლებიც მთლიანი პოპულაციის 26%-ს შეადგენენ, თვითმკვლელობის მცდელობა სულ მცირე ერთხელ მაინც ფიქსირდება.
ასეთ ინდივიდებში სიმპტომების მოსახსნელად ყველაზე ხშირად ქცევითი თერაპია და ფსიქოთერაპია გამოიყენება. ახალი კვლევის თანახმად, შესაძლოა, ეფექტიანი იყოს ფსიქოდელიური ნაერთი ფსილოციბინიც. საქმე ისაა, რომ მცირემასშტაბიანი კლინიკური ცდის ფარგლებში ტრადიციული მეთოდების პარალელურად მისი ერთი დოზის მიღებამ პაციენტებში დადებითი შედეგი აჩვენა.
ფსილოციბინი ჰალუცინოგენური ნაერთია, რომელიც სამხრეთ ამერიკის, მექსიკისა და აშშ-ის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში გავრცელებული სოკოებიდან მოიპოვება. მათ შემადგენლობაში, როგორც წესი, მას 0.2 to 0.4 პროცენტი უკავია. ეს მოლეკულები მეცნიერებს დეპრესიისა და აშლილობის სამკურნალოდ გამოცდილი აქვთ, ავსტრალიაში კი ფსიქიატრებს კონკრეტული მენტალური პრობლემების მქონე პაციენტებისთვის მისი გამოწერის ნებართვა უკვე მისცეს.
რაც შეეხება უკანასკნელ კვლევას, სპეციალისტებმა მასში 10 ზრდასრული ქალი ჩართეს, რომელთაც ანორექსიის დიაგნოზი ჰქონდათ დასმული. მათ ფსილოციბინის თითო დოზა მიიღეს, რის შემდეგაც 3 თვის განმავლობაში დაკვირვების ქვეშ იყვნენ. ამ პერიოდის შემდეგ 4-მა პაციენტმა განაცხადა, რომ სიმპტომები შეუმსუბუქდა, რაც მეცნიერებმა კვებითი აშლილობის რემისიად შეაფასეს.
ესაა პირველი შემთხვევა, როცა ანორექსიის სამკურნალოდ ფსილოციბინის გამოყენების კლინიკური ცდის შედეგები მივიღეთ. რა თქმა უნდა, ავტორები აღნიშნავენ, რომ საკითხი უფრო ღრმა გამოკვლევას საჭიროებს, რისთვისაც მასშტაბები უნდა გაიზარდოს. ამის მიუხედავად, ისინი ამბობენ, რომ პირველადი მონაცემები იმედის მომცემია.
მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Medicine გამოქვეყნდა.
კომენტარები