"ლურჯმა მოჩვენებამ" მთვარის ზედაპირიდან მზის ჩასვლა გადაიღო — ნახეთ ვიდეო

ფოტო: Firefly Aerospace
NASA-მ მთვარის ზედაპირიდან გადაღებული დაისის მაღალი გარჩევადობის კადრები გამოაქვეყნა, რომელთა მსგავსიც აქამდე არ გვქონია. ეს გასაოცარი სანახაობა დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე გაგზავნილმა კერძო აპარატმა აღბეჭდა, რომელსაც Blue Ghost, ანუ "ლურჯი მოჩვენება", ეწოდება.
კადრებში მთვარის უსწორმასწორო ზედაპირს ვხედავთ, ჰორიზონტზე კი ვარსკვლავის სიკაშკაშე მოჩანს, რომელიც ნელ-ნელა უჩინარდება და გარემოსაც აბნელებს. ამ შთამბეჭდავი მოვლენის გადასაღებად, მათ შორის პანორამული ხედის დასაფიქსირებლად, აპარატმა რამდენიმე კამერა გამოიყენა.
ვიდეოში მზის მაღლა კიდევ ერთი, დაახლოებით იმავე ზომის ელვარე ობიექტი შეინიშნება. ეს, არც მეტი და არც ნაკლები, ჩვენი პლანეტაა. მის ქვემოთ კიდევ პატარა კაშკაშა წერილი ჩანს — ვენერა.
"ლურჯი მოჩვენება" მთვარეზე არსებულ ვულკანურ წარმონაქმნ Mons Latreille-ის მიმდებარედ 2 მარტს დაეშვა. ის მხოლოდ მეორე ასეთი კერძო მოდულია, რომელიც ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე წარმატებით განათავსეს. კერძოდ, ის სამიზნე არეალში 100 მეტრ რადიუსში დაჯდა.
ეს მისია NASA-ს პროგრამა CLPS-ის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც აპარატმა თან აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს 10 ხელსაწყოც გაიყოლა. ისინი მთვარის გარემოს უკეთ შესასწავლადაა შექმნილი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან NASA არტემისის პროგრამის ფარგლებში მთვარეზე ასტრონავტების გასაგზავნად ემზადება.
"ლურჯმა მოჩვენებამ" იქ ორი კვირა გაატარა, რაც მთვარის ერთი სრული დღის ტოლფასია. ამ პერიოდში მას მხოლოდ ფოტოები არ გადაუღია, არამედ ჩვენი პლანეტის ერთადერთი თანამგზავრის გრუნტისა (რეგოლიტის) და მზის ქართან მისი ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია შეაგროვა. ასევე, მონაცემები მოიპოვა დედამიწის მაგნიტურ ველზეც, მისიის დასასრულს კი მოდული მთვარეზე დაისსა და მასთან ასოცირებულ ცვლილებებს დააკვირდა.
მთვარეზე დაღამების გამო აპარატი გაითიშა, რადგან ის იქაურ დაბალ ტემპერატურას ვერ გაუძლებდა. საბოლოო ჯამში, მისია ნაყოფიერი აღმოჩნდა, მონაცემებს კი მეცნიერები დეტალურად აანალიზებენ.
კომენტარები