სიცოცხლის ხანგრძლივობა ცხოვრების სტილზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე გენეტიკაზე — კვლევა

ფოტო: Luis Pelaez Inc/Getty
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, თუ რამდენი ხანი ვიცოცხლებთ. შესაბამისად, ჩნდება შემდეგი შეკითხვაც: რამდენად არის ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებული გენებსა და იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც სიცოცხლის განმავლობაში ვიღებთ.
პრესტიჟულ ჟურნალ Nature Medicine-ში ახლახან გამოქვეყნებულმა კვლევამ პირველად სცადა რაოდენობრივად განესაზღვრა რამდენად მოქმედებს ეს ყველაფერი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.
შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა — ამ ყველაფერში ჩვენი გარემო და ცხოვრების წესი ბევრად უფრო დიდ როლს ასრულებს, ვიდრე გენები.
კვლევა
კვლევამ გამოიყენა დიდი ბრიტანეთის ბიობანკის მონაცემები, რომელიც 500 000 ადამიანის ჯანმრთელობისა და ცხოვრების სტილის სიღრმისეულ მონაცემებს მოიცავს. ამაში შედის გენეტიკური ინფორმაცია, სამედიცინო ჩანაწერები, ვიზუალიზაცია და ინფორმაცია ცხოვრების წესის შესახებ.
კვლევის ცალკეულმა ნაწილმა გამოიყენა 45 000-ზე მეტი მონაწილის ქვეჯგუფის მონაცემები, რომელთა სისხლის ნიმუშებმა გაიარა "პროტეომიული პროფილირება".

კვლევამ აჩვენა, რომ ცხოვრების წესი დაბერების და სიკვდილიანობის უფრო ძლიერი განმსაზღვრელია, ვიდრე გენეტიკა
ფოტო: Nature Medicine
პროტეომიური პროფილირება შედარებით ახალი მიდგომაა, რომელიც აკვირდება, თუ როგორ იცვლება ორგანიზმში ცილები დროთა განმავლობაში, რათა დადგინდეს ადამიანის ასაკი მოლეკულურ დონეზე. ამ მეთოდის გამოყენებით მკვლევრებმა შეძლეს შეეფასებინათ, რამდენად სწრაფად ბერდებოდა ადამიანის სხეული. ამას ეწოდება ბიოლოგიური ასაკი, განსხვავებით ქრონოლოგიური ასაკისაგან (ცხოვრების წლები).
მკვლევრებმა შეაფასეს გარემოს ზემოქმედების 164 ფაქტორი, ასევე მონაწილეთა გენეტიკური მარკერები დაავადების მიმართ. გარემოს ზემოქმედება მოიცავდა ცხოვრების სტილს (მოწევა, ფიზიკური აქტივობა), სოციალურ ფაქტორებს (საცხოვრებელი პირობები, ოჯახის შემოსავალი, დასაქმების სტატუსი) და ადრეული ცხოვრების ფაქტორები, როგორიცაა სხეულის წონა ბავშვობაში.
ანალიზებმა მკვლევრებს საშუალება მისცა შეეფასებინათ გარემო ფაქტორებისა და გენეტიკასთან დაკავშირებული წვლილი დაბერებასა და ნაადრევ სიკვდილთან დაკავშირებით.
რა აღმოაჩინეს
როდესაც საქმე დაავადებებთან დაკავშირებულ სიკვდილიანობას ეხებოდა, ასაკისა და სქესის ფაქტორი მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობას. მიუხედავად ამისა, მთავარი განმსაზღვრელი იყო გარემო ფაქტორები, რომლებიც ერთობლივად შეადგენდა სიცოცხლის ხანგრძლივობის ცვალებადობის დაახლოებით 17%-ს, ხოლო გენეტიკური ფაქტორები 2%-ზე ნაკლებს.
ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ გარემო ფაქტორები უფრო მეტად განსაზღვრავს ჩვენს სიცოცხლის ხანგრძლივობას, ვიდრე გენეტიკა.
კვლევამ აჩვენა გარემოსა და გენეტიკური ზემოქმედების მასშტაბები სხვადასხვა დაავადებებზე. გარემო ფაქტორებს უდიდესი გავლენა ჰქონდა ფილტვების, გულისა და ღვიძლის დაავადებებზე, ხოლო გენეტიკა ყველაზე დიდ როლს თამაშობდა დემენციის, მკერდის, საკვერცხისა და პროსტატის კიბოს რისკის განსაზღვრაში.
გარემო ფაქტორები, რომლებმაც ყველაზე დიდი გავლენა იქონია ადრეულ სიკვდილსა და ბიოლოგიურ დაბერებაზე, მოიცავდა მოწევას, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ფიზიკურ აქტივობის დონესა და ცხოვრების პირობებს.
კომენტარები