კრეტაში, სოფელ ანო ვუვესში, მდებარეობს ლეგენდარული ზეთისხილის ხე, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში "ადევნებდა თვალს" ცივილიზაციათა აღზევებასა და დაცემას.

მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია ევოლუციურ პროცესებზე დაკვირვების იშვიათ შესაძლებლობას გვაძლევს. ამ თითქმის უკვდავმა ბიოლოგიურმა სასწაულმა მეცნიერები, ისტორიკოსები და ბუნების მოყვარულები აღაფრთოვანა.

ვუვეს ზეთისხილის ხე არამხოლოდ ბუნებრივი საოცრება, არამედ ცოცხალი ისტორიული ძეგლიცაა, რომელიც კრეტისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის მდიდარ ისტორიას ინახავს. მისი უძველესი ასაკი იმაზე მეტყველებს, რომ ხე, შესაძლოა, ალექსანდრე მაკედონელის ეპოქასაც კი მოსწრებოდა და გადაელახა იმდროინდელი კულტურულ-პოლიტიკური პროცესები. თუ მისი ასაკი 4 ათასი წელია, ეს ნიშნავს, რომ ხემ იხილა მინოსის ცივილიზაციის აღზევება, კლასიკური ეპოქა და ალექსანდრეს სიკვდილის შემდგომი ელინისტური ხანა.

ფოტო: Courtesy Mancomunitat Taula del Sènia

ეს ხე გადაურჩა ბერძნული ისტორიის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს — კულტურისა და ფილოსოფიის გავრცელებას, იმპერიების აღზევებას და ქალაქ-სახელმწიფოების დაღმასვლას. მიუხედავად გარემოს ცვლილებებისა და ისტორიის ქარტეხილებისა, ვუვეს ზეთისხილის ხე კვლავაც მყარად დგას და ყოველწლიურად ისხამს ნაყოფს.

ვუვეს ზეთისხილის ხის სიძლიერე და ასაკოვნება ძირითადად მის უნიკალურ ბიოლოგიურ მახასიათებლებს უკავშირდება. იგი გამორჩეულ გამძლეობას ავლენს ვეგეტატიური გამრავლების პროცესის მეშვეობით. ეს პროცესი საშუალებას აძლევს ხეს განვითარდეს მისი მიწისქვეშა ფესვთა სისტემის დახმარებით, მაშინაც კი, როცა ზედა ნაწილი დაზიანებული ან განადგურებულია. დროთა განმავლობაში, ფესვებიდან ახალი ყლორტები ამოიზრდება, რომლებიც გენეტიკურად იდენტურ შთამომავლობას წარმოქმნის და ხეს ეხმარება გენეტიკური მდგრადობის შენარჩუნებასა და განვითარებაში.

საუკუნეების განმავლობაში, რთული გარემო პირობების გადალახვაში, გადამწყვეტი როლი სწორედ რეგენერაციულმა უნარმა ითამაშა. მაშინაც კი, თუ ხის ტანი ზიანდება, მისი ფესვთა სისტემა ზრდას განაგრძობს, რაც მას ათასწლეულებით არსებობის საშუალებას აძლევს. გამრავლების ეს უნარი ვუვეს ზეთისხილის ხეს ეხმარება გადაურჩეს ხანძრებს, გვალვებსა და ადამიანის ჩარევას, რაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ასაკოვან ხედ აქცევს.

ფოტო: wikipedia.org

ზეთისხილის ხეები მხოლოდ ისტორიის გადმონაშთები არ არის, ამას დღემდე დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს დაცვასა და ადამიანის ჯანმრთელობაში. მათი ნაყოფი მდიდარია პოლიფენოლებით, ვიტამინებითა და სასარგებლო ცხიმებით. მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ ეს ნაერთები გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაუმჯობესებასა და ანთების შემცირებას უწყობს ხელს. ვარაუდობენ, რომ იგი ასევე კიბოს საწინააღმდეგო თვისებებსაც კი შეიძლება ფლობდეს.

ზეთისხილის ზეთის წარმოება დღემდე მნიშვნელოვან ინდუსტრიად რჩება, რომელიც ხელს უწყობს მდგრად სოფლის მეურნეობას და ბევრი საზოგადოებისთვის სამხრეთ ევროპაში შემოსავლის ძირითად წყაროსაც კი წარმოადგენს.

ზეთისხილისგან ზეთის დამზადება უძველესი დროიდან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ხმელთაშუაზღვისპირეთის ეკონომიკასა და კულინარიულ ტრადიციებში. მისი მასშტაბური კულტივაცია თანამედროვე ეპოქაში მთელ მსოფლიოში გავრცელდა. კულინარიული გამოყენების გარდა, ზეთისხილის ზეთს ტრადიციულად იყენებდნენ კოსმეტიკაში, მედიცინასა და რელიგიურ რიტუალებში.

ზეთისხილი ხმელთაშუაზღვისპირეთის ლანდშაფტის განუყოფელი ნაწილია. ის ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას და ხელს უშლის ნიადაგის ეროზიას, ასევე ინარჩუნებს წყლის ბალანსს და მრავალი სახეობისთვის ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოს ქმნის. იგი მჭიდროდაა გადაჯაჭვული ეკოსისტემასა და ცივილიზაციათა ისტორიასთან.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.