აღმოაჩინეს რეკორდულად პატარა გალაქტიკა, რომელიც ზომით ირმის ნახტომის მემილიონედია

ფოტო: CFHT/MegaCam/PAndAS
ასტრონომებმა ყველაზე პატარა და მკრთალი გალაქტიკა აღმოაჩინეს, რომელიც ანდრომედას თანამგზავრია. ეს უკანასკნელი ჩვენთან ყველაზე ახლომდებარე მსგავსი სისტემაა და შორეულ მომავალში შეერწყმება ირმის ნახტომის გალაქტიკას, რომელშიც დედამიწა მდებარეობს.
მის გარშემო მოძრავ მცირე ზომის გალაქტიკას ანდრომედა XXXV ეწოდება და ის დედამიწიდან დაახლოებით 3 მილიონი სინათლის წლის მანძილზეა. იგი სხვა პატარა გალაქტიკებთან ერთად დააფიქსირეს, რომლებიც სიდიდით ირმის ნახტომის მხოლოდ მემილიონედს აღწევს, მაგრამ ფუნქციურია.
"ეს შეგვიძლია შევადაროთ სრულიად ფუნქციურ ადამიანს, რომელიც ბრინჯის მარცვლის ზომისაა", — აცხადებს მიჩიგანის უნივერსიტეტში მომუშავე ასტრონომი, ერიკ ბელი.
მისი გუნდის კვლევა გამოცემაში The Astrophysical Journal Letters გამოქვეყნდა.
ანდრომედა XXXV მზეზე მხოლოდ დაახლოებით 20 000-ჯერ მასიურია. ასეთი მაჩვენებელი მას თანამგზავრი გალაქტიკის კვალობაზეც კი ზედმეტად პატარად აქცევს. შედარებისთვის, ირმის ნახტომის მასა მზისას 1.5 ტრილიონჯერ აღემატება, ხოლო უფრო დიდი მსგავსი სისტემების — 30 ტრილიონჯერ.
ეს გალაქტიკა მეცნიერებმა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით შეისწავლეს. ის პირველი ამგვარი ობიექტია, რომელსაც მეცნიერები ირმის ნახტომის გარეთ დააკვირდნენ. მისი ზომა გვაფიქრებს, როგორ წარმოიქმნებოდა იქ ვარსკვლავები 6 მილიარდი წლის წინ, რადგან ჩვენს უახლოეს თანამგზავრ გალაქტიკებში ეს პროცესი დაახლოებით 10 მილიარდი წლის წინ შეწყდა.
საინტერესოა ისიც, თუ როგორ გადაურჩა ასეთი პატარა გალაქტიკა 12 მილიარდი წლის წინ სამყაროს "გაცხელებას". ამ პირობებში მას, წესით, მთელი აირი უნდა დაეკარგა, მაგრამ ასე არ მოხდა და მან ვარსკვლავების ფორმირება განაგრძო.
შესაძლოა, მასზე დამატებითი დაკვირვებებით ამ კითხვებს პასუხი გაეცეს.
კომენტარები