როცა ვარჯიშისას ტვინს ენერგია არ ჰყოფნის, ის საკუთარი თავის "შეჭმას" იწყებს — კვლევა

ფოტო: Getty Images
ახალი კვლევის მიხედვით, ხანგრძლივი ვარჯიშის დროს ენერგიის ნაკლებობისას ტვინი საკუთარი ცხიმოვანი ქსოვილების გამოყენებას იწყებს. ეს მეცნიერებმა მარათონზე მორბენალი ადამიანების შესწავლის შედეგად დაადგინეს.
მათი ტვინის სკანირებამ აჩვენა, რომ მარათონის განმავლობაში ამ ორგანოში გლუკოზის დონე ზედმეტად მცირდებოდა. ამის გამო ზოგიერთი ნეირონი მიელინის მოხმარებას იწყებდა — ესაა ცხიმოვანი გარსი, რომელიც ნერვების ბოჭკოების გარშემო ყალიბდება. ის ტვინის უჯრედებს შორის ინფორმაციის მიმოცვლის ეფექტიანობას განაპირობებს, მაგრამ, როგორც ჩანს, დამატებითი ფუნქციაც აქვს.
კვლევებით დადგინდა, რომ მიელინი გარემოსთან ადაპტირების მიზნით ფორმასა და სისქეს იცვლის. ახლა უკვე ისიც გავიგეთ, რომ ჩვენი ორგანიზმი მას, საჭიროების შემთხვევაში, ენერგიის წყაროდაც იყენებს.
სპეციალისტებმა 8 კაცისა და 2 ქალის ტვინის გამოსახულებები სირბილით 42-კილომეტრიანი სამარათონო მანძილის დაფარვამდე და ამის შემდეგ გადაიღეს. მათ შორის ტვინის თეთრ ნივთიერებაში მიელინის შემცველობის მხრივ მნიშვნელოვანი სხვაობები დაფიქსირდა. მარათონის დასრულებიდან 48 საათში ტვინის ზოგიერთ რეგიონში ამ ცხიმოვანი ქსოვილის ნაკლებობა შეინიშნებოდა. კერძოდ: მოტორულ ფუნქციებთან, კოორდინაციასთან, მგრძნობელობასთან და ემოციების ინტეგრაციასთან დაკავშირებულ არეალებში. 2 კვირაში მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყო, 2 თვეში კი მაჩვენებლები საბოლოოდ აღდგა (6 პაციენტში, რომლებმაც ტვინის სკანირება ამ პერიოდამდე განაგრძეს).
მეცნიერები ფიქრობენ, რომ მიელინი ტვინისთვის ენერგიის დროებითი წყაროა, რომელსაც საჭიროებისას ისე იყენებს, რომ თეთრ ნივთიერებას უვნებელს ტოვებს. ამ ჰიპოთეზას ისინი "მეტაბოლური მიელინის პლასტიკურობას" უწოდებენ.
ადრე მიიჩნეოდა, რომ ტვინი ენერგიის მიღების მიზნით ცხიმის დაწვას უკიდურეს შემთხვევაშიც კი ერიდებოდა, მაგრამ, შესაძლოა, ეს ასე არ იყოს. ახალი კვლევა მცირემასშტაბიანია, თუმცა თაგვების ტვინზე დაკვირვების შედეგებს შეესაბამება.
მიელინის ნაკლებობა სხვადასხვა ნევროლოგიურ დაავადებასთანაა ასოცირებული. ამის გათვალისწინებით ვარაუდობენ, რომ ტვინის მეტაბოლიზმი დროებით თვითდაზიანებას საკუთარი თავის, როგორც მთლიანის, გადასარჩენად უნდა მიმართავდეს.
ამგვარი დასკვნა ბოლოდროინდელ კოგნიტიურ კვლევებსაც შეესაბამება, რომელთა მიხედვითაც უშუალოდ მარათონში მონაწილეობის შემდეგ მორბენალთა რეაქციის დრო და მეხსიერება უარესდება. გარკვეულ დროში ეს ფუნქციები ისევ ჩვეულ ფორმას უბრუნდება. ასევე, მიელინი ევოლუციურ ადაპტაციად აღიქმება, რომელმაც ჩვენი სახეობის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Metabolism გამოქვეყნდა.
კომენტარები