სტეფანაკერტში ბლოკადის საწინააღმდეგო მსვლელობას ათასობით ადამიანი შეუერთდა
მთიან ყარაბაღში ყველა სახის ჰუმანიტარული წვდომის აკრძალვის საპასუხოდ, რეგიონის დედაქალაქ სტეფანაკერტში ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა ბლოკადა გაეპროტესტებინათ. მათ პირობა დადეს, რომ პროტესტს განუსაზღვრელი ვადით გააგრძელებენ.
რეგიონი საწვავის, საკვებისა და ელექტროენერგიის დეფიციტის წინაშეა, რაც ივნისის შუა რიცხვებში რუსი სამშვიდობოებისთვის წვდომის აკრძალვამ გაამწვავა. წითელი ჯვარი კი, რომელსაც მთიანი ყარაბაღიდან პაციენტები სომხეთში გადაჰყავდა, სამშაბათიდან მოყოლებული რეგიონში შესვლას აკრძალვის გამო ვეღარ ახერხებს.
მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრმა, გურგენ ნერსისიანმა მსვლელობა ხუთშაბათს დააანონსა და განაცხადა, რომ საჭიროა "ეროვნული მოძრაობის" წამოწყება.
პროტესტი სტეფანაკერტის მთავარი, აღორძინების მოედნიდან დაიწყო და შეკრებილები წითელი ჯვრის ოფისისა და რუსი სამშვიდობოების ბაზისკენ გაემართნენ, რომელიც ქალაქის გარეუბანში მდებარეობს.
პარასკევს, ნერსისიანმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო საზოგადოებისა თუ რუსეთისა და სომხეთის ქმედით ნაბიჯებს ელოდნენ, რათა "სასიკვდილო კატასტროფა" შეეჩერებინათ, როგორც აღმოჩნდა, "სიტუაციას ყველა უბრალოდ ისე უყურებს, როგორც დამკვირვებელი".
მან ასევე გაილაშქრა იმის წინააღმდეგ, რომ მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლებს კონფლიქტებსა და სახელმწიფო ურთიერთობებში როგორც "მონეტებს" იყენებენ. მისი თქმით, დასავლეთსა და რუსეთს შორის კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის სიცოცხლის ხარჯზე მიმდინარეობს.
"რა გჭირდებათ? რას ელოდებით? ყოველდღიურად ხალხის გვამები გინდათ მოედანზე იმისთვის, რომ რეაქცია გქონდეთ?", — თქვა ნერსისიანმა.
მთიანი ყარაბაღის ადამიანის უფლებათა დამცველმა, გეგამ სტეფანიანმა დაამატა, რომ ბლოკადამ კრიტიკულ წერტილს მიაღწია მას შემდეგ, რაც რეგიონისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეწყდა.
"ჩვენი ხალხი შიმშილის, იძულებითი მორჩილებისა და გენოციდის რეალური და გარდაუვალი საფრთხის წინაშე დგას", — აღნიშნა მან.
ნერსისიანმა განაცხადა, რომ მსვლელობა ყოველდღიურად გაგრძელდება.
მსვლელობა ჰუმანიტარული დახმარების გარეშე გატარებული პირველი თვის მიწურულს დაიგეგმა. რუსი სამშვიდობოები იყვნენ ერთადერთი, ვისაც რეგიონის საკვებით და სხვა სურსათით დახმარების ნებართვა ჰქონდათ, მაგრამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 15 ივნისს მომხდარი შეტაკების შემდეგ აეკრძალათ მიმოსვლა.
სამშაბათს, აზერბაიჯანმა წითელ ჯვარსაც აუკრძალა მთიან ყარაბაღში შესვლა და მათ მიერ დაქირავებულ მძღოლებს რეგიონში ტელეფონების, სიგარეტისა და საწვავის კონტრაბანდულად შეტანა დასდო ბრალად. აზერბაიჯანის მოთხოვნით სომხეთიდან მთიან ყარაბაღში მიმავალ ნებისმიერ საშუალებას ტვირთის დეკლარირება ევალება.
ევროკავშირმა და აშშ-მა მოითხოვეს, რომ წითელ ჯვარს რეგიონში შესვლის ნებართვა აღუდგეს. მათ ასევე მოითხოვეს ხალხისა და სურსათის შეუზღუდავი მიმოსვლა ლაჩინის დერეფნის გავლით.
ბაქოს შეთავაზება დახმარების შესახებ
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 ივლისს განაცხადა, რომ რეგიონში მედიკამენტების დეფიციტთან და ჰუმანიტარული დახმარების აკრძალვასთან დაკავშირებული სიკვდილიანობის ზრდა აღინიშნა. მათვე დაამატეს, რომ ადამიანები, რომლებიც წითელმა ჯვარმა სომხეთში გადაიყვანა, აზერბაიჯანული ძალების "დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობის" სამიზნედ იქცნენ.
"[პაციენტებს და მათ თანმხლებებს] გადაუღეს და შემდგომში აზერბაიჯანული პროპაგანდის მანქანის იარაღად გამოიყენეს, რათა გაევრცელებინათ ტყუილი, რომ ლაჩინის დერეფანში ხალხი შეუფერხებლად გადაადგილდება", — ამტკიცებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
რეგიონი საკვების მზარდი დეფიციტის წინაშეც არის, უკვე თვეებია, მაღაზიებში რიგი საბაზისო საკვები საერთოდ აღარ არის.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა პარასკევს განაცხადა, რომ აზერბაიჯანს აგდამ-სტეფანაკერტის გზით მთიანი ყარაბაღის მოსახლეობისთვის სურსათის მიწოდება შეუძლია.
ბაირამოვისვე განცხადებით, მთიან ყარაბაღში მაცხოვრებელ სომხებს სამედიცინო მიზნებისთვის რეგიონის დატოვებაც შეეძლებათ, თუ ეს წითელი ჯვრის ჩართულობითა და "საგუშაგო პუნქტების წესების შესაბამისად" მოხდება.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
კომენტარები