ადგილობრივი ხელისუფლების მიერ 4 ივლისს გაკეთებული განცხადების თანახმად, შაქრისა და მზესუმზირას ზეთის რაციონი მხოლოდ იმ ოჯახებს მიეწოდებათ, რომელთაც ბავშვები ჰყავთ.

ამასთან, სტეფანაკერტის რძის გადამამუშავებელი საწარმო იმ ნედლეულის დეფიციტის გამო დაიხურა, რომელიც სომხეთიდან მიეწოდებოდა და ამჟამად მთიანი ყარაბაღის დედაქალაქის რძის პროდუქტებით მთავარი მომმარაგებელი მიმდებარე სოფლებია.

რუსულ სამშვიდობო ტრანსპორტს რეგიონში შესვლა ივნისის მიწურულს, მთიან ყარაბაღსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკების შემდეგ აეკრძალა, რომელსაც მთიანი ყარაბაღის 4 ჯარისკაცი ემსხვერპლა.

რუსული სამშვიდობო ტრანსპორტი რეგიონის ერთადერთი საწვავით მომმარაგებელი იყო და მათმა აკრძალვამ მწვავე დეფიციტი და საწვავის გაყიდვის აკრძალვა გამოიწვია. შედეგად, ჩვეულებრივად გადატვირთული სტეფანკერტის ქუჩები მიყრუებულია, 50 ათასზე მეტი მცხოვრებით დასახლებული ქალაქის მდუმარებას მხოლოდ გადამკვეთი რუსული სამშვიდობო შვეულმფრენების ხმა არღვევს.

მთიანი ყარაბაღი წყლის დეფიციტს განიცდის, რადგან წყლის რეზერვუარის მარაგს ენერგიის საწარმოებლად იყენებენ და ამას გვალვა ემატება.

ფოტო: Marut Vanyan / OC Media

რუსი სამშვიდობოებისთვის სახმელეთო მიმოსვლის სრული აკრძალვის შემდეგ, სტეფანაკერტში გავრცელებულია ხუმრობა, რომ ქალაქს საჯარო ტრანსპორტზე ხშირად შვეულმფრენები კვეთენ, რომლებსაც რეგიონში დარჩენილი რუსი სამშვიდობოებისთვის სომხეთიდან მოაქვთ ლუდი და სასუსნავი.

ამჟამად, ერთადერთი ორგანიზაცია, რომელსაც დერეფნით სარგებლობის უფლება აქვს, წითელი ჯვარია — ისიც მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, სომხეთის კლინიკებში გადაიყვანონ.

"შეუძლებელია ცხოვრება"

"მხოლოდ საკვები არ გვაკლია", — ამბობს ჟენია არაქელიანი, მარტაკერტის სოფელ ჯანიატაგიდან. საზღვრისპირა რეგიონი ივნისის შეტაკებების ერთ-ერთი ცხელი წერტილი იყო).

"არ გვაქვს წყალი ბოსტნეულის მოსაყვანად, საჯარო ტრანსპორტი სტეფანაკერტში დღეში ერთხელ მიდის, მაგრამ ბავშვების წასაყვანადაც კი არ ჩერდება, რადგან ავტობუსი ისეთი გადავსებულია, ნემსი არ ჩავარდება", — ამბობს არაქელიანი OC Media-სთან.

ჟენია არაქელიანი

ფოტო: Marut Vanyan /OC Media

ბლოკადის დაწყების შედეგად, მთიანი ყარაბაღის სარზანგის რეზერვუარში წყლის დონე საგრძნობლად დაეცა, რადგან ჰიდროელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაიზარდა. მდგომარეობას მიმდინარე გვალვა აუარესებს.

"საწვავი არაა. პირუტყვს ვერ ვინახავთ. ქათმებსაც კი ვერ ვინახავ, რადგან ხორბლის ფასმაც აიწია. 20 დღეზე მეტია, ჩვენს სოფელში მარილი არ არის და მეზობლებს ვუზიარებთ. შეუძლებელია ცხოვრება".

2022 წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ, რაც ლაჩინის დერეფნის ბლოკადა დაიწყო, რამაც რეგიონში და მის მიმდებარედ არსებული ერთადერთი გზა გადაკეტა, მთიან ყარაბაღში რიგი საბაზისო საკვები სურსათისა და მედიკამენტების დეფიციტია. ამის საპასუხოდ ხელისუფლებამ დარჩენილი მარაგის დაზოგვის მიზნით რაციონი დააწესა.

მიუხედავად ამისა, დეფიციტი მზარდია; გასული კვირიდან მოყოლებული, მთიანი ყარაბაღის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ადგილობრივ მაღაზიებში პურიც გაქრა.

ოფიციალური უწყებების თანახმად, რეგიონს ჯერ კიდევ აქვს შემონახული ფქვილის მარაგი, თუმცა სხვა პრობლემებმა პურის წარმოება შეაფერხა. პურის დეფიციტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საწვავის არქონაა, რის გამოც საცხობები მაღაზიებს პურით დღეში ერთხელ ამარაგებენ. მანამდე ეს დღეში სამჯერ ხდებოდა, შემცირებამ კი პანიკური შესყიდვა გამოიწვია.

არაქელიანი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სათანადო ყურადღებას არ გამოხატავენ.

"ვის ადარდებს ხალხი? არავის!" — აცხადებს ის.

გრეტა.

ფოტო: Marut Vanyan / OC Media

"უბრალოდ მინდა ჩვენი ხმელი პური და ბოსტნეული ვჭამო ჩვენივე სოფელში, ჩვენს სახლში. სხვა არაფერი მინდა", — ამბობს 73 წლის გრეტა.

"მთელი ცხოვრება აქ გავატარე, უკვე შვილთაშვილებიც მყავს, როცა ისვრიან, მათ გამო ვშიშობ. რა დააშავეს?", — კითხულობს გრეტა — "მთელ ტყეს აზერბაიჯანელები აკონტროლებენ [მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ]. პირუტყვს ვერ ვინახავთ".

"როგორ შევძლებთ ბავშვების ევაკუირებას?"

"ჩვენთვის ტყვიამფრქვევები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, მაგრამ როცა დაბომბვა დაიწყეს, საშინელება იყო", — ამბობს რუზანა ჰაკობიანი სოფელ კიჩანიდან (ბალიგაია).

მთიანი ყარაბაღისა და აზერბაიჯანის ძალებს შორის 28 ივნისის შეტაკება სოფელ კიჩანის ახლოს მოხდა, რა დროსაც სოფლის მაცხოვრებელი ქალები და ბავშვები თავშესაფრებში იმალებოდნენ.

"ქალიშვილი მყავს, არ მინდა, ამ თემაზე მასთან ვილაპარაკო, ვშიშობ, რომ მის მენტალურ ჯანმრთელობას ვავნებ. დღეს სოციალური ქსელებით ყველაფერი სწრაფად ვრცელდება. ხალხში შიში და პანიკა მატულობს. მიუხედავად ყველაფრისა, სხვაგან არსად ცხოვრება არ მინდა", — ამბობს ჰაკობიანი.

რუზანა ჰაკობიანი.

ფოტო: Marut Vanyan /OC Media

"ბავშვებზე ვდარდობ", — ამბობს ის — "საწვავიც კი არ გვაქვს. ღმერთმა ნუ ქნას, სიტუაცია ისევ გამწვავდეს, მათ ევაკუირებას როგორ შევძლებთ?"

აზერბაიჯანს, სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის დაძაბულობა ბოლო თვეში დრამატულად გაიზარდა. აზერბაიჯანული სახელისუფლებო მედია მიანიშნებს, რომ რეგიონში ახალი "შურისძიების ოპერაცია" მოსალოდნელია.

ოთხშაბათს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სომხეთს მოუწოდა, რომ მთიანი ყარაბაღიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს და ყურადღება არ გაუმახვილებია სომხეთის მტკიცებაზე, რომ რეგიონში სამხედრო შენაერთები საერთოდ არ ჰყავს. ალიევმა განაცხადა, რომ სამხედრო და გასამხედროებული ნაწილები უნდა განაიარაღონ.

სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.