საზამთრო ბევრისთვის საყვარელი ხილია, რომელიც, ამავდროულად, ძალიან სასარგებლოცაა. ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ის ბავშვებსა და მოზრდილებში კვებით ჩვევებს აუმჯობესებს და გულის ჯანმრთელობაზეც დადებითად მოქმედებს.

ამ საკითხისადმი მიძღვნილი ერთ-ერთი ნაშრომის მიხედვით, საზამთრო საკვები ნივთიერებების ათვისებას უწყობს ხელს და დიეტის საერთო ხარისხს აუმჯობესებს როგორც პატარებში, ასევე ზრდასრულ ინდივიდებში. ეს დასკვნა მეცნიერებმა NHANES-ის გამოკითხვის გზით მოპოვებული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოიტანეს

ისინი ამბობენ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც საზამთროს ხშირად ჭამენ, რაციონში მეტი ბოჭკო, C და A ვიტამინი, მაგნიუმი, კალიუმი, ლიკოპენი და სხვა კაროტინოიდები, ანუ ორგანული პიგმენტები აქვთ. ასევე, ისინი ნაკლებ დამატკბობელსა და გაჯერებულ ცხიმებს მოიხმარენ. ეს შედეგები ავტორმა კრისტენ ფულგონიმ ყოველწლიურ კონფერენციაზე Nutrition 2023 უნდა წარადგინოს, რომელიც ივლისის ბოლოსაა ჩანიშნული.

ფოტო: Getty

მეორე კვლევის ფარგლებში, რომელიც ასევე NHANES-ის მონაცემებს ეყრდნობა, სპეციალისტებმა შეისწავლეს, როგორ იცავს საზამთროს წვენი სისხლძარღვთა ფუნქციას ჰიპერგლიკემიის დროს. ესაა მდგომარეობა, როცა სისხლის პლაზმაში დიდი ოდენობით გლუკოზა ცირკულირებს.

ლუიზიანის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა შემთხვევითობის პრინციპზე დაფუძნებულ, პლაცებო კონტროლის მქონე 2-კვირიანი ცდის განმავლობაში მონაწილეებს ყოველდღიურად საზამთროს წვენი მიაღებინეს. ისინი ადამიანთა ორგანიზმზე ამ ხილში შემავალი ნაერთების, L ციტრულინისა და L არგინინის, პოტენციურ დადებით ეფექტებს აკვირდებოდნენ. კერძოდ, ყურადღება გაამახვილეს აზოტოვანი ოქსიდის ბიოხელმისაწვდომობასა და გულისცემის რიტმის ცვლილებაზე.

ასევე, იხილეთ: როგორ შევარჩიოთ მწიფე საზამთრო — 6 რჩევა

ამ მცირემასშტაბიანმა კვლევამ აჩვენა. რომ საზამთროს წვენის რეგულარულად მიღება კარდიო-მეტაბოლურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს. L ციტრულინისა და L არგინინის გარდა, ეს ხილი ანტიოქსიდანტებს, C ვიტამინსა და ლიკოპენს შეიცავს, რომლებიც გულის დაავადებების პრევენციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ზემოხსენებული შედეგებიდან გამომდინარე, საზამთრო ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა და წყლითაც მდიდარია, რაც ზაფხულის ცხელ დღეებში სხეულში საკმარისი სითხის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.