მეცნიერებმა თაგვებს ნეანდერტალელებისა და დენისოველების გენი შეუყვანეს და, აი, რა მოხდა
მეცნიერებმა CRISPR-ს ტექნოლოგიის მეშვეობით თაგვებს ორგანიზმში არქაულ ადამიანთა გადაშენებული სახეობების, ნეანდერტალელებისა და დენისოველების საზიარო გენი შეუყვანეს, რათა გაეგოთ, როგორ იმოქმედებდა ეს მღრღნელების სხეულის ფორმაზე. კვლევის შედეგები ჯერჯერობით bioRxiv-ზეა ხელმისაწვდომი, ხოლო ნაშრომი რეფერირების პროცესშია.
ზემოხსენებული გენი GLI3-ის სახელითაა ცნობილი და ის თანამედროვე ადამიანების ემბრიონულ განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. მისი მუტაციები ისეთ ანომალიებთანაა დაკავშირებული, როგორიც ხელებზე ან ფეხებზე ზედმეტი თითების გაზრდა და თავის ქალის დეფორმაციაა.
ნეანდერტალელებსა და დენისოველებში GLI3 ოდნავ განსხვავებული ფორმით გვხვდებოდა. კერძოდ, მისი მაკოდირებელი რეგიონის ერთ ბოლოში ამინომჟავა შეცვლილი იყო, მაგრამ ამ სახეობების წარმომადგენლებს ზემოთ ჩამოთვლილი დეფექტები არ აღენიშნებოდათ. მათ მაინც ჩვენსაზე წაგრძელებული თავის ქალა, წარბების დიდი ამობურცულობები და განიერი ნეკნები ჰქონდათ.
რა როლს ასრულებდა GLI3 ნეანდერტალელებისა და დენისოველების სხეულის ჩამოყალიბებაში?
ამის დასადგენად, სპეციალისტებმა თაგვებს ჯერ გენის დამახინჯებული ვარიანტი შეუყვანეს. შედეგად, მათში თავის ქალისა და ტვინის სერიოზული დეფორმაციები, ასევე, პოლიდაქტილია, ანუ ზედმეტი თითების ზრდა დაფიქსირდა.
როცა მღრღნელებს GLI3 პირვანდელი სახით შეუყვანეს, მათი ჩონჩხის სტრუქტურა შეიცვალა. მაგალითად, ჩამოუყალიბდათ უფრო დიდი თავის ქალა, განსხვავებული ფორმის ხერხემალი და ნეკნები. ეს მიანიშნებს, რომ ხსენებული გენი უძველესი ადამიანების მორფოლოგიაზე ახდენდა გავლენას.
ჩვეულებრივ მღრღნელებთან შედარებით, ცდისპირ თაგვებს ნაკლები მალა და ნეკნების განსხვავებული სტრუქტურა ჰქონდათ, რაც გადაშენებულ ჰომინიდებსა და ჩვენ შორის არსებულ სხვაობას შეესაბამება. საინტერესოა, რომ დაფიქსირდა ნეკნების ისეთი ფორმებიც, რომლებიც სკოლიოზთან, ანუ ხერხემლის გამრუდებასთანაა ასოცირებული. კვლევების თანახმად, ამ უკანასკნელისა და მაკროცეფალიის (თავის გადიდების) მიმართ ნეანდერტალელები მიდრეკილნი იყვნენ.
ავტორები ასკვნიან, რომ GLI3 ნეანდერტალელებისა და დენისოველების სხეულის ფორმებზე ნაწილობრივ მაინც იყო პასუხისმგებელი. ეს მახასიათებლები მათი ცხოვრების სტილს შეესაბამებოდა, საიდანაც ასკვნიან, რომ გენი ამ სახეობების სასარგებლოდ მუშაობდა.
კომენტარები