როგორ გამოიყურებოდა ადამიანისა და მაიმუნის უკანასკნელი საერთო წინაპარი?
ჩვენი უახლოესი ცოცხალი ნათესავი სახეობები შიმპანზეები, გორილები, ორანგუტანგები და გიბონები არიან. მათი და ადამიანების უკანასკნელი საერთო წინაპარი დედამიწაზე მიოცენის ეპოქაში ბინადრობდა, 25-5 მილიონი წლის წინ, ამიტომ მის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.
მაინც როგორ გამოიყურებოდა ეს არსება? რა ზომის იყო და როგორი თავის ქალა, კიდურები, ტვინი ან თითები ჰქონდა?
ამ ყველა კითხვაზე პასუხი არ გვაქვს, თუმცა ჩვენი წინაპრის ყველაზე ახლო ეკვივალენტი შიმპანზე და გორილაა. ერთ-ერთი ყველაზე ბუნდოვანებით მოცული მახასიათებელი მაინც სხეულის სიდიდეა, რადგან ადამიანის მსგავსი მაიმუნები სხვადასხვა ზომისანი არიან. შესაბამისად, ძნელია იმის თქმა, თუ რომელი სახეობის წარმომადგენელთა პარამეტრებს იზიარებდნენ ეს ცხოველები.
ცნობილია, რომ ადამიანის მსგავს მაიმუნებს ძველად ხეებზე ვერტიკალურად ცოცვა და ტოტებზე მოჭიდება შეეძლოთ, როგორც თანამედროვე ადამიანებს. ამჟამინდელ სახეობებში ეს უნარი იმდენად განვითარებულია, რომ ისინი ტოტებზე დიდი ხნის განმავლობაში ეკიდებიან.
ამის მიუხედავად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასეთ ადრეულ ცხოველებში გრძელი, მოღუნული თითები, მოქნილი მაჯები, მხრები და თეძოების სახსრები ჯერ კიდევ არ იყო სათანადოდ ჩამოყალიბებული. ეს მიანიშნებს, რომ ჩვენი საერთო წინაპარი ტოტებზე ასე მარტივად ვერ ეკიდებოდა და 4 ფეხზე დადიოდა.
ძველ სახეობებში თავის ქალის სხვადასხვა ფორმა გვხვდებოდა, მათ შორის გიბონების მსგავსი პატარა სახით ან უფრო ბაბუინებისა და მაკაკების მაგვარი სახის მოგრძო მოყვანილობით. ერთი რამ ცხადია, ჩვენი წინაპრის ტვინის ზომა ადამიანისაზე პატარა იყო, თავი კი წინ წამოწეული, როგორც შიმპანზეებისა და გორილების შემთხვევაში.
ადრეულ ჰომინინებს დიდი და ძლიერი ზედა კიდურები უნდა ჰქონოდათ, რადგან მათ ხშირად იყენებდნენ. ქვედა კიდურები შედარებით მოკლე უნდა ყოფილიყო, როგორიც გორილებს, შიმპანზეებს, ორანგუტანგებსა და ბონობოებს აქვთ. ფაქტობრივად, მათი სხეული უფრო ხეებით მდიდარ ეკოსისტემაზე იყო ადაპტირებული, ვიდრე სავანას პირობებზე.
ვარაუდობენ, რომ ჩვენი წინაპარი ეს არსებები სიარულისას მიწას ქუსლით ისევე ეხებოდნენ, როგორც ადამიანები, შიმპანზეები, გორილები და ბონობოები.
"ჩვენი უკანასკნელი საერთო წინაპარი არც გორილა იყო და არც შიმპანზე, არამედ პრიმატებს შორის ის ყველაზე მეტად სწორედ გორილასა და შიმპანზეს ჰგავდა", — ამბობენ მეცნიერები.
კომენტარები